სიახლე . 14-03-2022
ბაღდათის ბუნებრივი ღვინო პოპულარული ხდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა. უკანასკნელ წლებში არაერთმა ბაღდათელმა გადაწყვიტა საკუთარი საოჯახო მევენახეობის და მეღვინეობის განვითარება და დამატებით ღვინის ტურიზმშიც ჩაერთო. შენდება ახალი ვენახები და მარნები, სულ უფრო პოპულარული ხდება ტრადიციული იმერული მეთოდით ჭურში დაყენებული ღვინო.
ბაღდათელებმა კარგად იციან, რომ ხარისხიანი ღვინის დაყენება და ღვინის ტურიზმი მათი მხარისთვის შეიძლება, შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდეს. ბაღდათში უკვე რამდენიმე წარმატებული მცირე მარანია, რომელთა ნაწილი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მდებარეობს აბულაძეების საოჯახო ვენახი და მარანი, რომელიც დღესდღეობით საკმაოდ ცნობილ სახელობით ორგანულ ღვინოს „ბაიას ღვინოს“ აწარმოებს. ამ მარნის ღვინოების შეძენა ღვინის მოყვარულებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც და აშშ-შიც შეუძლიათ.
სოფელ მეორე ობჩაში მამუკა ჩხეიძე აგრძელებს ოჯახის მევენახეობა-მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციებს. „სიმონ ჩხეიძის მარნის“ განკარგულებაშია საოჯახო მარანი, ჭურებით, სადაც ღვინოები რამდენიმე წლის განმავლობაში ძველდება. აქვე ეზოში გაშენებულია სხვადასხვა ვაზის ჯიშები. ეზოსგან მოშორებით ოჯახს ასევე აქვს ძველი ქართული წესით ხარდანზე ფორმირებული ოცხანური საფერეს ვენახი.
წლების განმავლობაში, ძალიან ცნობილი და პოპულარული გახდა საკუთრივ ბაღდათში არსებული „გაიოზ სოფრომაძის მარანი“, რომელიც რამდენიმე დასახელების იმერულ ღვინოს აწარმოებს და ეს ღვინოებიც საქართველოს გარდა, უცხოეთშიც კარგად იყიდება.
მშვილდაძეების საოჯახო მეურნეობა „ბაღდათის მამულები“ ღვინოებს ტრადიციული იმერული მეთოდით ჭურებში აყენებს.
ბაღდათის მცირე მარნების რუკაზე ნახავთ ჭრელაშვილების ოჯახის მარანს - „დიმის ფერდობს“ და სადეგუსტაციო სივრცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მინაძეების ოჯახი აგრძელებს წინაპრის - ტარასი მინაძის მიერ გაკვალულ გზას. „ტარასი მინაძის მარანი“ ამ დროისთვის ციცქას, ცოლიკოურის და კრახუნას ღვინოებს აწარმოებს. ორ-სამ წელიწადში ძელშავის და ოცხანური საფერეს ახალშენი ვენახიც დაისხამს და მარნის მარაგს წითელი ღვინოებიც დაემატება.
2020-21 წლებში ასოციაციაში „ბუნებრივი ღვინო“ ბაღდათის ზონიდან სამი მარანი გაწევრიანდა - მირიან იოსებაშვილის მარანი, საოჯახო მეღვინეობა „ნაგუთნები“ და „ბაგრატის ღვინო“. ეს მარნებიც საოჯახო მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს აგრძელებენ და ვაზის იმერული ჯიშების ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს აწარმოებენ.
ბაღდათელებს იმედი აქვთ, რომ მეღვინეობა მათი კუთხის სავიზიტო ბარათი გახდება. ეს რთული, მაგრამ განხორციელებადი ამოცანაა. ადგილობრივი ბუნებრივი ღვინის ხარისხი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. გარდა ამისა, ბაღდათის მევენახეობა-მეღვინეობისთვის ხელსაყრელი გარემო და ულამაზესი ლანდშაფტი დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის და სამასპინძლო ტურიზმის ასაღორძინებლად.