სიახლე . 28-06-2022
რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ მცირე მარნებს
ახალი კორონავირუსის - COVID 19-ის გლობალური პანდემია მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ცხადია, არც მეღვინეობის სეგმენტი იყო გამონაკლისი. შემცირდა ღვინის გაყიდვები, შენელდა ვენახების გაშენების პროცესი. პანდემიამ ასევე დააზარალა ღვინის ტურიზმი და ამით ტურიზმში ჩართულმა მცირე მარნებმაც დაკარგეს შემოსავალი.
საქართველოში მოქმედი მცირე მარნების დიდი ნაწილი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია. პანდემიამ მათ დიდი ზარალი მიაყენა და შეაჩერა მათ მიერ დასახული განვითარების უახლოესი გეგმები. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა მათ, ვისაც კონკრეტული გეგმების განსახორციელებლად ბანკიდან კრედიტი ჰქონდა აღებული. პანდემიამდე მევენახე-მეღვინეებმა სესხები აიღეს ღვინის სარფიანად გაყიდვისა და ტურისტების მატების იმედად. ბევრი გეგმავდა ახალი მარნის აშენებას, ქვევრების და სხვა საღვინე ჭურჭლის დამატებას. შეიძინეს ღვინის ჩამოსასხმელი, ეტიკეტის მისამაგრებელი, ჭურჭლის სარეცხი და სხვა საჭირო აპარატები. ბევრმა ასევე კრედიტით შეიძინა ვენახები ან ახალი სავენახე ადგილები, ასევე - სავენახე ტრაქტორი და სხვადასხვა სამეურნეო ტექნიკა.
პანდემიამდე საქართველოში მცირე მარნების სწრაფი განვითარება თვალშისაცემი პროცესი იყო. 10-15 წლის წინ ქართული მეღვინეობის მთავარ რეგიონში - კახეთში ძალიან ცოტა საოჯახო მარანი მოიძებნებოდა, სადაც სტუმრის მიყვანა და გამასპინძლება შეიძლებოდა. დღეს თითქმის ყველა სოფელში ნახავთ ტურიზმზე ორიენტირებულ ერთ ან რამდენიმე საოჯახო მარანს. ცხადია, ამ ოჯახებმა წლების განმავლობაში სოლიდური თანხები დახარჯეს, რათა მოწესრიგებული ტურისტული სივრცეები მოეწყოთ. ბევრმა ახალმა მარანმა განვითარების პირველი ეტაპი სწორედ საბანკო კრედიტის დახმარებით გაიარა.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრთა დიდმა ნაწილმა, ვინც ღვინის წარმოებიდან მიღებული შემოსავლებით გეგმავდა საწარმოო თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მარნების გაფართოება და კეთილმოწყობა შეაჩერა. ისიც დიდი პრობლემაა, რომ მეღვინეებს არ აქვთ არანაირი დროითი ორიენტირი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ეს კრიზისი და როდის ექნება აზრი ახალი კრედიტის აღებას, რომ მარნის და ტურისტული სივრცეების კეთილმოწყობა დაასრულონ.
პანდემიის პირობებში შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ ის მარნები, რომლებიც ტურიზმზე არ აკეთებდნენ აქცენტს და უცხოეთის ღვინის ბაზარზეც, ასე თუ ისე, უკვე გაკვალული ჰქონდათ გზა. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო გაყიდვებიც შემცირებულია, ქართული საოჯახო მარნების მიერ მცირე რაოდენობით წარმოებული უნიკალური ღვინო მაინც დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ღვინის მოყვარულებში. ევროპისა და აშშ-ის ბაზარს ცოტა ხნის წინ აზიის განვითარებული ქვეყნებიც დაემატა, სადაც მზარდი ინტერესია ქართული ბუნებრივი ღვინის მიმართ.
უცხოეთში კვლავ შენარჩუნებულია დიდი ინტერესი ქვევრის ღვინისადმი. ამ ტრენდს ქართველმა მეღვინეებმა კარგად აუღეს ალღო. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრთა უმეტესობაც ღვინოს ქვევრში აყენებს. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის გამოყენება ღვინის რეალიზაციის პერსპექტივებს ზრდის. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა მარანმა, შეზღუდვების პირობებშიც კი გაზარდა ღვინის გაყიდვა და პანდემიას მათ შემოსავალზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. უცხოეთში ექსპორტირებული ქართული ბუნებრივი ღვინის დიდი ნაწილი იქაურ ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში კვლავინდებურად კარგად იყიდება, მით უფრო - ისეთ მაღაზიებში, რომლებმაც მოახერხეს ონლაინ ვაჭრობის და მიტანის სერვისის გაუმჯობესება. ამიტომ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების ნაწილი ექსპორტიორებთან საქმიან თანამშრომლობას ძველებურად აგრძელებს.
ქართული ღვინის სექტორი გლობალური პანდემიის შესაჩერებლად სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა რეგულაციებმაც დააზარალა. მეღვინეების დიდი ნაწილის აზრით, ქვეყნის ხისტი ჩაკეტვა ტურისტებისთვის და სარესტორნო ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვების დიდხანს გაგრძელება დიდ დარტყმას აყენებს მათ მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
ღვინის ინდუსტრიის კრიზისიდან გამოყვანას პანდემიის პირობებშიც ცდილობენ რიგი ქვეყნები. ქართველ მეღვინეებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა ხისტი შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის ამუშავება, ამავე დროს - მეღვინეობის და ღვინის ტურიზმის გამოცოცხლების სხვადასხვა ხელშემწყობი მექანიზმების ამოქმედება.