ვენახის სწორად წამლობა ერთ-ერთი მარნის მაგალითზე
ვენახის სწორად წამლობა ერთ-ერთი მარნის მაგალითზე

სიახლე14-03-2022

ბიო  და ბიო-დინამიკურ მევენახეობა-მეღვინეობაში ვენახის წამლობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია. მიღებული ყურძნისა და შემდეგ უკვე ღვინის ხარისხი დიდწილად სწორედ ვენახში გამოყენებული პრეპარატების რაობითა და დოზით განისაზღვრება და ეს ასოციაცია ,,ბუნებრივი ღვინოს" წევრმა მევენახე-მეღვინეებმა კარგად იციან.

 

ალბათ საინტერესოა ერთ-ერთი იმერელი მევენახე-მეღვინის, გიორგი მშვენიერაძის და მისი მარნის - "მშვენიერაძეების მარნის“ მაგალითზე გავიგოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ვენახის სწორად წამლობას, პესტიციდებსა და ჰერბიციდებზე უარის თქმას და ასევე საინტერესოა რა გამოწვევები ახლავს ბუნებრივი მეღვინეობის გრძელ და საკმაოდ მნიშვნელოვან პროცესს. 

 

გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“: „ჩვენ ნატურალურ მეღვინეობას მივსდევთ და ეს ღვინის ხარისხზე ზრუნვას ვენახიდან მოითხოვს. ამიტომ ვენახის მოვლისას უარს ვამბობთ პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოყენებაზე, ვენახში არ შეგვაქვს მინერალური სასუქები, ნაკლებად ვტვირთავთ მოსავლით და ხელს ვუწყობთ ბუნებრივი გარემოს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. 

 

- ეს როგორ აისახება მოსავლიანობაზე?

- ვცდილობთ 1 ჰა-ზე არაუმეტეს 5 ტონა ყურძენი მივიღოთ. ამ ეტაპზე მსხმოიარე ვენახების ჯამი დაახლოებით 0.75 ჰა გვაქვს და შესაბამისად, წელს დაახლოებით 3 ტონა ყურძნის მოსავალი მივიღეთ. ჩვენს მსხმოიარე ვენახში 3 ჯიშის ყურძენი მოგვდის - ძელშავი, ციცქა და ცოლიკოური. ვენახები იზოლირებულია და არ ესაზღვრება სხვისი ვენახის ზვრებს. 

 

- თქვენთან იმერეთში ძირითადად ვაზის რომელ დაავადებებთან გიწევთ ბრძოლა?

- ძირითადი დაავადებები, რომლისგან დაცვაც ვენახს ჩვენთან სჭირდება ჭრაქი და ნაცარია. ნაცარი ძირითადად ციცქას  ემუქრება, ძელშავს უფრო ჭრაქი უქმნის პრობლემებს. ცოლიკოური დაავადებებისადმი გაცილებით მედეგია. 

 

- წამლობისთვის რომელ პრეპარატებს იყენებთ?

- წამლობისთის ვიყენებთ შემდეგ პრეპარატებს: კოსაიდი 2000 (სპილენძის (II) ჰიდროქსიდი 53,8% (35% მეტალური სპილენძის ექვივალენტი)) და კუმულუსი (გოგირდის შემცველი ფუნგიციდი). ასევე ვენახს ვწამლობთ ჭინჭრის ნაყენით. ფუნგიციდებით ვენახის წამლობას ვგეგმავთ მეტეოროლოგიური გარემოებების გათვალისწინებით და არა მკაცრად გაწერილი გრაფიკით. წელს ვენახში ასევე გავრცელდა ჭიჭინობელა, რომლის პრევენციაც ვერ მოვახერხეთ. როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ჭიჭინობელა იმერეთის და შიდა ქართლის იმ ვენახებში გავრცელდა ჯერ კიდევ შარშან, რომლებსაც ბიო წესებით უვლიან. შესაბამისად, მის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს გაისად დავგეგმავთ. აგვისტოს პირველი დეკადის მერე ვენახს აღარ ვწამლობთ. ვენახში საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ ე.წ. მწვანე რთველსაც, როდესაც გადატვირთულ ვაზს ვაცლით ზედმეტ მტევნებს, მისი დატვირთვის შესამცირებლად.

 

- წელს როგორი მოსავალი მიიღეთ?

- წელს აგვისტოს მერე ჭარბნალექიანმა ამინდებმა იმერეთში უარყოფითი გავლენა მოახდინა ყურძნის ხარისხზე, რის გამოც პროგნოზის საწინააღმდეგოდ მოსავლის დაახლოებით 25% ვიზარალეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, აღნიშნული ღონისძიებები გვეხმარება ყურძნის ხარისხის ზრდაში, რაც საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე“.