სიახლე . 14-03-2022
ფასები და ტენდენციები - რა ღირს ქართული ბუნებრივი ღვინო?
საქართველოს დიდ ქალაქებში არც ისე ბევრი ადგილია, სადაც მცირე მარნების მიერ წარმოებული ბუნებრივი ღვინის შეძენაა შესაძლებელი. თუმცა, ამგვარი ღვინის მოყვარულებმა უკვე კარგად იციან ის მაღაზიები თუ რესტორნები, სადაც ნამდვილ ღვინოს შეიძენენ და ეს ადამიანები პანდემიის გამო ჩაკეტილი ქალაქის პირობებშიც კი ახერხებდნენ მათთვის სასურველი ღვინოების არჩევასა და ყიდვას.
მცირე მარნების მიერ წარმოებული ბუნებრივი ღვინიდან განსაკუთრებით პოპულარულია ქვევრის რქაწითელი. თბილისის ღვინის მაღაზიებში ჩატარებული ჩვენი მცირე კვლევიდან გაირკვა, რომ ქვევრის რქაწითელით ძირთადად 30-დან 60 წლამდე მამაკაცები არიან დაინტერესებული. რქაწითელის ფასი 25 ლარიდან იწყება და, რაც ვნახეთ, ყველაზე ძვირადღირებული ნიმუში, 2015 წლის მოსავლის, ჭაჭა-კლერტზე დაყოვნების მეთოდით დამზადებული ქვევრის რქაწითელი 72 ლარი ღირდა.
ქვევრში დაყენებულ საფერავს მამაკაცები და ქალები თანაბრად ეტანებიან. ადრე ითვლებოდა, რომ წითელი მშრალი ღვინო არ იყო სასმელი, რომლის 3 ჭიქაზე მეტის დალევაც შეიძლებოდა. თუმცა, ბოლო დროს ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა და რქაწითელის შემდეგ, ყველაზე მეტი მოთხოვნა ქვევრის საფერავებზეა. ამ ღვინის ფასი 35 ლარიდან იწყება და 80 ლარამდეა. ინტერესი იზრდება მწვანე კახურის მიმართაც. მწვანეს ფასი 28-დან 60 ლარამდეა.
მკვეთრად შეცვლილია დამოკიდებულება ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების მიმართ. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ზოგი მათგანი სულაც აღარ არის იშვიათი. მაგალითად, ღვინის მოყვარულებმა უკვე კარგად იციან ქვევრის ქისის შესახებ და ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულიც გახდა. ბუნებრივი ღვინის მაღაზიებში ქისის ფასი 40-დან 85 ლარამდეა.
ბოლო დროს პოპულარული გახდა ხიხვი და ვარდისფერი რქაწითელი. ასევე სასიხარულოა, რომ სხვადასხვა მცირე მარანმა დაიწყო ბუდეშურის, მცვივანის, ჟღიას, კაბისტონის, თეთრი კამურის და სხვა იშვიათი ჯიშებისგან ღვინის წარმოება. ამ ღვინოების ფასები განსხვავებულია და ერთი ბოთლი იშვიათი ღვინო მინიმუმ 35 ლარი ღირს.
ღვინოს მოყვარულები თანდათან უბრუნდებიან იმერულ ცნობილ ჯიშებს, რომლებიც საბჭოთა ეპოქამ და გასული საუკუნის 90-იანი წლების მასობრივმა გაყალბება-გაბევრების ტენდენციამ ძალიან დააზარალა. ლეგენდარული იმერული ცოლიკოურის ფასი 30-50 ლარამდეა. დაახლოებით ამდენი ღირს ციცქაც. ოცხანური საფერეს ფასი 37 ლარიდან იწყება.
სამწუხაროდ, ქართული ღვინის ბაზარზე ჯერ კიდევ არ ჩანს ბუნებრივი წესით დაყენებული ყველაზე ძვირფასი ქართული ღვინო - ლეჩხუმური უსახელოური. სამაგიეროდ, 40-60 ლარად ნახავთ ლეჩხუმურ ცოლიკოურს. მოთხოვნა იზრდება მშრალად დაყენებულ რაჭულ ალექსანდროულზე. ალექსანდროულისა და მეგრული ოჯალეშის ფასი დაახლოებით იდენტურია და 43-70 ლარამდე მერყეობს. არ უნდა გამოგვრჩეს გურული ჩხავერი, რომელიც მაღაზიებში ძალიან მცირე რაოდენობითაა და ერთი ბოთლის ფასი 35 ლარიდან იწყება.
ბოლოს გთავაზობთ ღვინის რამდენიმე მაღაზიის მისამართს, სადაც ქართული ბუნებრივი ღვინის შეძენაა შესაძლებელი.
თბილისი
Vino Underground
მისამართი: თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 15.
ჯი.ვინო.
მისამართი: თბილისი, ერეკლე II-ს ქუჩა 6.
„8 ათასი მოსავალი“
მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის 26 და აბაძიშის ქუჩა 60.
"ვაკის ბაზარი"
მისმართი: თბილისი, ფალიაშვილის ქ, 5
ქუთაისი
ღვინის ბარი "საფერე".
მისამართი: ქუთაისი, გალაკტიონის ქუჩა 18.