ქართული ღვინო - რაოდენობიდან ღირებულებისკენ
ქართული ღვინო - რაოდენობიდან ღირებულებისკენ

სიახლე30-07-2026

2025–2026 წლების პირველი ექვსი თვის ქართული ღვინის ექსპორტის ანალიზი

 

ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ძირითადი მოცულობა კვლავ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს უფრო მნიშვნელოვან პროცესს - ქართული ღვინო ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იმკვიდრებს ადგილს ევროპისა და სხვა მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ბაზრებზე. ეს პროცესი რაოდენობრივი ზრდით ყოველთვის არ გამოირჩევა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მხარე - იზრდება ქართული ღვინის ღირებულება, პრემიუმ სეგმენტის მოთხოვნა და მომხმარებლის მზადყოფნა, ქართულ ღვინოში უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს.

2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტირებულია 117.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 37.7 მილიონი ლიტრი ღვინო. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი ღირებულებით 3.6%-ით, ხოლო რაოდენობრივად 8.8%-ით შემცირდა. ერთი შეხედვით ეს უარყოფითი ტენდენციაა, თუმცა ცალკეული ბაზრების ანალიზი აჩვენებს სრულიად განსხვავებულ სურათს.

ყველაზე დიდი კლება კვლავ რუსეთის ბაზარზე დაფიქსირდა. ექსპორტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 3.9%-ით, ხოლო მოცულობა თითქმის 10%-ით. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მეღვინეობისთვის რუსული ბაზარი დღესაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით, მხოლოდ ერთ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება ყოველთვის რისკის შემცველია, რაც წარსულშიც არაერთხელ დადასტურდა.

სრულიად განსხვავებული ტენდენცია იკვეთება ევროკავშირის ქვეყნებში. გერმანიაში ექსპორტი ღირებულებით 28.5%-ით, ხოლო მოცულობით 21.7%-ით გაიზარდა. ასევე პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება უკრაინაში, სადაც ექსპორტის ღირებულება 3.3%-ით, ხოლო მოცულობა 2.6%-ით არის გაზრდილი. თურქეთის მიმართულებით ექსპორტის ღირებულება თითქმის გაორმაგდა და 90%-ზე მეტით გაიზარდა. მსგავსი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქართული ღვინო თანდათან ფართოვდება იმ ბაზრებზე, სადაც მომხმარებელი არჩევანს არა მხოლოდ ფასის, არამედ ხარისხის, წარმოშობისა და ღვინის ისტორიის მიხედვით აკეთებს.

მნიშვნელოვანია ასევე 2025 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.91 აშშ დოლარიდან 2.98 დოლარამდე გაიზარდა. ეს თითქმის 2.4%-იანი ზრდაა, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ღვინო თანდათან გადადის უფრო მაღალ საფასო კატეგორიაში. განსაკუთრებით საინტერესოა სტრატეგიული ბაზრები, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის ფასი მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო მაჩვენებელს. აშშ-ში ერთი ლიტრის საშუალო ფასი 6.2 დოლარია, იაპონიაში - 5.82, დიდ ბრიტანეთში – 5.10, ხოლო გერმანიაში - 4.66 დოლარი. ეს ნიშნავს, რომ დასავლურ ბაზრებზე ქართული ღვინო აღარ არის მხოლოდ იაფი ალტერნატივა, არამედ თანდათან იქცევა მაღალი ღირებულების პროდუქტად.

სწორედ აქ ჩანს ევროპული ბაზრის მთავარი თავისებურება. ევროპის ქვეყნები ქართული ღვინისგან პირველ რიგში ხარისხს, სტაბილურობას, უნიკალურობასა და ავთენტურობას ელიან. ეს არის ბაზარი, სადაც მომხმარებელი გაცილებით მეტს იხდის იმ ღვინოში, რომელსაც საკუთარი ისტორია, კულტურა და იდენტობა აქვს. სწორედ ამიტომ ევროპაში ექსპორტის ზრდა ხშირად უფრო ნელია, ვიდრე სხვა რეგიონებში, თუმცა მისი ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მაღალია.

ეს განსაკუთრებით ეხება მცირე საოჯახო მარნებსა და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს. ქვევრის ღვინო, მინიმალური ჩარევით დაყენებული ბუნებრივი ღვინოები და ადგილობრივი ჯიშები სწორედ იმ სეგმენტს მიეკუთვნება, რომლის მომხმარებელიც ძირითადად ევროპაშია თავმოყრილი. დასავლეთ ევროპაში უკვე ჩამოყალიბებულია მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც სწორედ ასეთ ღვინოებს ეძებს და მათში უფრო მაღალ ფასსაც იხდის. ამიტომ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებისთვის ევროპა არა უბრალოდ კიდევ ერთი საექსპორტო მიმართულებაა, არამედ მათი განვითარების ყველაზე ბუნებრივი და პერსპექტიული ბაზარია.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი სწრაფი ვერ იქნება. ევროპის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ყველაზე კონკურენტულია. საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის მეღვინეობას საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ავტორიტეტი, ძლიერი ბრენდები და უზარმაზარი მარკეტინგული რესურსები აქვს. ასეთ გარემოში ქართული ღვინის დამკვიდრება მხოლოდ ხარისხით, თანმიმდევრულობითა და მოთმინებით არის შესაძლებელი.

ამიტომ ქართული მეღვინეობის მომავალი მხოლოდ ექსპორტირებული ლიტრების რაოდენობით არ უნდა შეფასდეს. გაცილებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რამდენად იზრდება თითოეული გაყიდული ლიტრის ღირებულება, რამდენად ფართოვდება პრემიუმ ბაზრები და რამდენად იმკვიდრებს ქართული ღვინო ადგილს მაღალფასიან სეგმენტში.

დღევანდელი სტატისტიკა სწორედ ამ მიმართულებას აჩვენებს. რუსეთის ბაზარი კვლავ მნიშვნელოვანი რჩება და უახლოეს მომავალშიც შეინარჩუნებს წამყვან პოზიციას, თუმცა ევროპაში ქართული ღვინის გაყიდვები სტაბილურად იზრდება. შესაძლოა ეს ზრდა ნელია, მაგრამ იგი ბევრად უფრო მდგრადია, რადგან ეფუძნება არა დაბალ ფასს, არამედ ხარისხს.

2025–2026 წლების შედეგები აჩვენებს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული მუშაობა შედეგიანია, განსაკუთრებით - ევროპისა და სხვა მაღალფასიანი ბაზრების მიმართულებით. თუმცა, ამ ბაზრებზე კონკურენცია გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ გაზარდოს საერთაშორისო მარკეტინგის დაფინანსება, რათა ქართულმა ღვინომ უფრო მყარად დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ სეგმენტში და შექმნილი პოზიტიური დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

საბოლოოდ, ქართული ღვინის წარმატების მთავარი ფორმულა მოცულობის ზრდა კი არა, ღირებულების ზრდაა. ამის მისაღწევად ქართველმა მეღვინეებმა უნდა განაგრძონ საკუთარ თავზე მუშაობა, მუდმივად გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი და შექმნან ისეთი პროდუქტი, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ფრანგულ, იტალიურა და ესპანურ ღვინოებს. ეს ადვილი გზა არ არის, თუმცა სწორედ ასეთ გზას შეუძლია ქართული ღვინო მსოფლიო პრემიუმ ღვინის რუკაზე მყარად დაამკვიდროს.

ლევან სებისკვერაძე