სიახლე . 24-09-2024
Amber Georgia - ქართული ღვინის „ქარვისფერი შემოდგომა“ ნიუ-იორკში
ქართული ღვინის პირველი ფესტივალი ამერიკაში 8 ნოემბერს გაიმართება. ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი საგამოფენო სივრცე Industry City მრავალი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ყოფილა. თუმცა, ახლა ეს ცენტრი თანამედროვე ქართული ღვინის მასპინძელი პირველად იქნება.
ამდენი ქართველი მეღვინე ამერიკაში ჯერ არასდროს შეკრებილა. ნოემბერში ნიუ იორკში ერთად 31 ქართველი მეღვინე მიემგზავრება. ეს მეღვინეები ამერიკელებს ქართული ღვინის 100-ზე მეტ განსაკუთრებულ ნიმუშს შესთავაზებენ.
ღონისძიება, რომელსაც Amber Georgia ეწოდება, მისი დასახელებიდანაც ჩანს, რომ უპირველეს ყოვლისა, ცნობილი ქართული ქარვისფერი, ყველასგან გამორჩეული ღვინის პოპულარიზაციის სურვილითაა ნაკარნახევი.
ქართველი მეღვინეები ამერიკის ღვინის მოყვარულ საზოგადოებას და ღვინით მოვაჭრეებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყურძნის სხვადასხვა ჯიშებისგან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოებს გააცნობენ და წარუდგენენ.
ამ ფესტივალის ჩატარება არის მეღვინეების - ზურა მღვდლიაშვილისა და იაგო ბიტარიშვილის იდეა, რომელსაც საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომაც დაუჭირა მხარი.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ გამოფენის ორგანიზებაში ქართველებს ნიუ-იორკში მოღვაწე ღვინის კონსულტანტი და სომელიე ალექსის პერსივალი დაეხმარა.
Amber Georgia არის მცირე მარნებისთვის განკუთვნილი ღონისძიება. საუბარია იმ მარნებზე და მეღვინეებზე, რომლებიც ორგანული ან ბიოდინამიკური მეთოდებით უვლიან ვენახს, ხოლო ღვინოს ბუნებრივად, მინიმალური ჩარევით და დანამატების გარეშე აყენებენ.
ფესტივალის ორგანიზატორებმა, რომლებიც ასევე მევენახე-მეღვინეები არიან, გადაწყვიტეს, კოლეგებთან ერთად უფრო ხმამაღალი სიტყვა ეთქვათ ამერიკაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რომ ქართული მეღვინეობა ახლაღა ცდილობს საბჭოთა კავშირის ეპოქიდან შემორჩენილი მახინჯი გავლენებისგან თავის დაღწევას. ეს გავლენები გამოხატულია როგორც ღვინის ხარისხში და მის გაუგონარი მასშტაბის ინდუსტრიალიზაციაში, ასევე რეალიზაციასა და მარკეტინგში. ამერიკის ბაზარი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზრისგან განსხვავებით, არ ითხოვს შაბლონურობას. იგი სიახლეების, განსხვავებულობისა და უნიკალურობის მიღებაზეა ორიენტირებული.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ქართულ ღვინოს უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ. საქართველოში უკვე არის საკმაოდ ბევრი ღვინოსთან დაკავშირებული ფესტივალები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვახსოვს როდის იყო სულ პირველი ფესტივალი, იმის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები და ქართული ღვინის ფესტივალები და გამოფენები ახლა უკვე რეგიონებშიც ტარდება. ბუნებრივად დადგა დრო, როცა უკვე საზღვარგარეთ უნდა დამკვიდრდეს ახალი ღონისძიება, რომელიც ასოცირებული იქნება საქართველოსთან და საქართველოს ხასიათთან. სახელი „ამბერი“ ხაზს უსვამს იმ ისტორიას და ტრადიციას, რაც საქართველოს გააჩნია ქვევრში ღვინის დაყენების კუთხით. მინდა გითხრათ, რომ ნიუ-იორკის პირველი Amber Georgia საკმაოდ მასშტაბური გამოდის. თან გასათვალისწინებელია, რომ ეს ამერიკაში ტარდება და ვიზის თუ ფინანსური პრობლემების გამო არ არის ადვილი მეღვინეების წამოსვლა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგი გამოფენები მასშტაბური იქნება და ბევრ სხვა მარანსაც მოიცავს. ასევე არის იდეა, რომ „ამბერი“ არ ჩატარდეს მხოლოდ ამერიკაში და შემდეგში სხვა ქვეყნებშიც ტრადიციად დამკვიდრდეს“ - ამბობს Amber Georgia -ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, იაგო ბიტარიშვილი.
„მიუხედავად იმისა, რომ მცირე მარნისთვის საერთაშორისო ღვინის ღონისძიებებში და განსაკუთრებით შორეულ ამერიკაში მონაწილეობა ხშირად ფინანსურად ძალიან მძიმე ტვირთია, 8 ნოემბერს ნიუ-იორკში წამომსვლელი ქართველი მევენახე-მეღვინეები მზად არიან, გაიღონ მათთვის სოლიდური და ხშირად მნიშვნელოვანი პირადი ფინანსური რესურსი, რადგან ამ ადამიანებს ქართული ღვინის მომავლის და ამერიკაში წარმატების მიღწევის სჯერათ. პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მომავალში მსგავსი გამოფენები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გავმართოთ. ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ამბობს ზურა მღვდლიაშვილი, რომელიც ნიუ-იორკის ქართული ბუნებრივი ღვინის გამოფენის - Amber Georgia-ს ერთ-ერთი იდეის ავტორი და დამფუძნებელია.
როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, საერთაშორისო გამოფენებზე სხვადასხვა დიდ თუ მცირე მარანს ხშირად იმ ქვეყნებში მცხოვრებ მეღვინეთა ნაცნობები და ნათესავ-მეგობრები წარმოადგენენ, რადგან ფინანსური და სავიზო პრობლემები შემაფერხებელი ფაქტორია მეღვინეების უცხოეთში წასვლაში.
ღვინის შეძენით დაინტერესებული ადამიანებისთვის (იმპორტიორები, რესტორნების და ბარების მფლობელები, სომელიეები და სხვა) ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ საკუთარი ღვინის შესახებ არა ვინმე მარკეტოლოგი ან გაყიდვების მენეჯერი, არამედ თავად მეღვინე გიყვება და მეღვინესთან ურთიერთობა ბევრისთვის უფრო მოსახერხებელია. ნიუ-იორკის Amber Georgia--ში მონაწილე 30-ზე მეტი ქართველი მეღვინე თავად გააცნობს ამერიკელებს საკუთარ ღვინოს, როგორც ინგლისელები იტყვიან - „ინ პერსონ“.
ლევან სებისკვერაძე