სიახლე . 25-05-2023

თეა სტურუა: „მევენახეობა მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს“
საქართველოში ქალი მეღვინეები უკვე დიდი ხანია აღარავის უკვირს. კარგა ხანია, გადაილახა ის მცდარი წარმოდგენა, რომ თითქოს ქალების ადგილი მარანში არ არის. ქართველმა ქალმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინის ხარისხით დაამტკიცეს, რომ პრემიუმ კლასის ღვინის დამზადებაც ხელეწიფებათ და ეს მომხმარებელთა მხრიდან მათი ღვინისადმი გაზრდილ ინტერესშიც გამოიხატება.
„პატარა მარნის“ დამფუძნებელი თეა სტურუა მათ შორის არის, ვისაც ბოლომდე აქვთ გააზრებული მევენახეობა-მეღვინეობის სირთულეები, არიან პრაქტიკოსი მეღვინეები და სრულად ჩასწვდნენ ბუნებრივი ღვინის ფილოსოფიასა და არსს. თეასთან საუბრის დროს უფრო მეტის გაგება შეიძლება, ვიდრე ერთი რიგითი მეღვინისგან. გაკვირვებას იწვევს მისი მუდმივი სურვილი და უნარი, რომ მეტი შეიმეცნოს, მეტი გაიგოს ვაზზე თუ ღვინოზე და ეს ცოდნა პრაქტიკაშიც დანერგოს.
თეა სტურუა არ ერიდება წინააღმდეგობებს და გამოწვევებს. არ უჭირს აღიაროს გზის დასაწყისში დაშვებული შეცდომები. მუდმივად მზადაა სხვას აუხსნას, ასწავლოს, განუმარტოს როგორ არის უკეთესი და რატომ ჯობია, მაგალითად, მიიღო მცირე მოსავალი, მაგრამ დააყენო ბუნებრივი ღვინო, რომელიც პირველყოვლისა თავად მეღვინეს ანიჭებს სიხარულს.
- რას ნიშნავს თქვენთვის ბუნებრივი ღვინო და რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს მიმართულება?
- ბუნებრივი ღვინო ეს არის ნიადაგის, კლიმატის, მიკრო ეკოგარემოსა და ადამიანის კავშირით - ტერუარით დაბადებული თავისუფალი, ბუნებრივად მრავალფეროვანი ხასიათის პროდუქტი. პროდუქტი-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ის უფრო მეტია - ჩემთვის უცნობია მცენარეული სამყაროს სხვა წარმომადგენელი, რომელიც ვაზივით/ყურძენივით ჰყვება საკუთარ თავგადასავალს კონკრეტული წლის განმავლობაში, ისრუტავს და შემდეგ ღვინოში აბრუნებს ყველა განსაცდელსა და წარმატებას. ბუნებრივი ღვინო არის ცოცხალი, ემოციის და გრძნობის მატარებელი, ზოგჯერ არა იდეალური, მაგრამ თვითმყოფადი, ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების მთხრობელი. ბუნებრივი ღვინო ეს არის სიმართლე და ნდობა ბოთლში!
რატომ ავირჩიე ეს ფილოსოფია?! ის ყველაზე ახლოსაა ჩემს ხედვებთან, ვინ არის და რა როლი აქვს ადამიანს დედამიწაზე, რატომ გვერგო ასეთი მრავალფეროვნება და რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ეს. ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის ფილოსოფია ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს ღირებულებებს - თავისუფლებას, პატიოსნებას, ნდობას, ინდივიდუალიზმის პატივისცემას, პრინციპულობას...
- ვენახის მოვლის რთულ პროცესში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება მევენახემ?
- მე ვერ ვიქნები იმპერატიული და კონკრეტული რჩევების მიმცემი, იმ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რომელზეც ვისაუბრე. მხოლოდ ჩემი დაკვირვებებისა და ემოციების გაზიარება შემიძლია. ვენახი ჩემთვის არ არის უბრალოდ მიწის ნაკვეთი, სადაც ვაზია გაშენებული - ეს არის ცოცხალი სივრცე, რომელსაც ესმის, გრძნობს და მიზიარებს საკუთარ „თავგადასავალს“, ხოლო მე ვარ მისი მსმენელი. მართლაც, რომ რთული პროცესია. ყოველი წელი ახალი განსაცდელია, მუდმივად ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ვფიქრობ, არ არსებობს რაიმე დადგენილი „რეცეპტი“ ან ე.წ. „სტანდარტული გაიდლაინი“.
- მევენახეობას და მეღვინეობას გამოწვევები არ აკლია...
- ამ პროცესში, რთულია გაუმკლავდე უამრავ საცდურს, დარჩე საკუთარი არჩევანის ერთგული, სრულად მიენდო ბუნებას, განსაკუთრებით, როცა მეღვინეობა შენი შემოსავლის წყაროა. თუმცა, არსებობს ზოგადი მიდგომები: დროული და სწორი გასხვლა, ბალახისა და ვენახის ირგვლივ მყოფი მცენარეების საფარის შენარჩუნება, ნიადაგის რეგენერაციის ხელშეწყობა - უხეში და ღრმა დამუშავებისგან თავის შეკავება, კომპოსტირება, მულჩირება, ფუტკრების, ჩიტების და მავნებლების ბუნებრივი მტრების არსებობის წახალისება, კარგი აერაცია. აქაც აღვნიშნავ, რომ ე.წ. მწვანე ოპერაციების სიხშირეც და სიღრმეც კონკრეტული წლის კლიმატზეა დამოკიდებული, ამინდის მუდმივი მონიტორინგი და ამის შესაბამისად ბუნებრივ მეღვინეობაში დაშვებული პრეპარატების დროული გამოყენება, რაც მთავარია ვენახის, პრაქტიკულად ყოველდღიური დაკვირვება. ორგანული მევენახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია დაკვირვება და ბალანსის დარღვევაზე დროული რეაგირება მინიმალური ჩარევით.
- თქვენი მარნის შესახებ გვიამბეთ, როდის დაარსდა, ახლა რა პროცესებს გადიხართ, რა ვენახებს ფლობთ და რა ტიპის ღვინოებს აყენებთ?
- სრულიად უცნაური ისტორია მაქვს. არც თუ დიდი ხანია რაც დავფუძნდით (2018-2019წწ.). თუმცა, 2001-2005 წლიდან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები ბუნებრივ მეღვინეობა-მევენახეობაში. დგება მომენტი, როცა დაფიქრდები, გადახედავ წარსულს და მიხვდები, რომ იმ ერთმა, შენთვის სრულიად ახალ და იმ დროისთვის, ჯერ კიდევ გაუკვალავ გზაზე სიარულმა, სამუდამოდ დააკავშირა შენი ოჯახი დღევანდელ საქმიანობასთან. გრძელი ისტორიაა და თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ იმ წლებიდან მოყოლებული დღესაც მიმაგრებს ზურგს ორი ადამიანი: გოგი თუშმალიშვილი და სოლიკო ცაიშვილი. რომელიმე პრობლემის გადაწყვეტას როცა ვცდილობ, ხშირად გამივლია ფიქრად - რას მირჩევდა ბატონი გოგი, როგორ შეაფასებდა ამას სოლიკო. 2005 წელს, ჩემთვის სრულიად არამშობლიურ რეგიონში (იმერლები ვართ) - კახეთში, კარდენახის ახოებში, შევიძინე პირველი 0.5ჰა საფერავის ვენახი, რომელსაც სოლიკო უვლიდა, მაგრამ იქ ჩემი მეუღლეც ხშირად ჩადიოდა. მე მხოლოდ ბუნებრივ მევენახეობა-მეღვინეობაზე სახელმძღვანელოებისა და სტატიების მოძიებითა და კითხვით ვიყავი დაკავებული. ვერ ვიტყვი, რომ იმ პერიოდში, ადვილი იყო ინფორმაციის მოძიება.
დღეისათვის ახოებში მაქვს ხელახლა გაშენებული (უკვე 4 წლისაა) 0.5 ჰა საფერავისა და 0.25 ჰა რქაწითლის (8 წლის) ვენახი. ასევე, მაქვს 0,5 ჰა რქაწითლის 10 წლის ვენახი წარაფის მიკროზონაში. ვაწარმოებ მხოლოდ ორი სახის ქვევრის, სრულიად ტრადიციულ მშრალ ღვინოს - „რქაწითელს“ და „საფერავს“.
სამომავლოდ ვგეგმავ 1 ჰა რქაწითლის გაშენებას წარაფში, მარნის გაფართოებას. მყარად ვიცი, არ უნდა წამძლიოს ჭარბი მოსავლისა და ღვინის დიდი რაოდენობის სურვილმა. ვაფასებ ჩვენს ფიზიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს - რა ფართის ვენახის მოვლას შევძლებთ ამ ფილოსოფიით. მუდმივად ვსწავლობ, ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს, ვეცნობი თანამედროვე ლიტერატურას. ფაქტია, რომ ადამიანებმა დავკარგეთ კავშირი ბუნებასთან, აღარ გვესმის მისი ენა და გვჭირდება ხელახლა ვისწავლოთ. ამიტომ წელს პირველად დავიწყე ე.წ. მინი მეტეოსადგურის გამოყენება, რომლის მონაცემების გაანალიზებას და ქმედებაში გადათარგმნას საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ვარ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი და ვმონაწილეობ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებსა და დეგუსტაციებში, RAW WINE-ის გამოფენებში. ვიხედები მომავლისკენ და დღესაც მყავს „მენტორი“ - ზურა მღვდლიაშვილი და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ სხვა წევრები. სწორედ მათი მხარდაჭერით ვდგავარ მყარად ჩემს პრინციპებზე. ვიცი, ვგრძნობ, რომ არა ვარ მარტო, ვიზრდები და ვვითარდები, ვაკვირდები და ვისმენ ვენახისა და ღვინის ოდას.
- რა უპირატესობები აქვს ქვევრის ღვინოს და როგორ ხედავთ მის სამომავლო პოტენციალს უცხოეთში ღვინის ექსპორტის კუთხით?
- ვფიქრობ, დღემდე ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი ფენომენია ეს ჩვენი ქვევრი. ბუნებრივი მეღვინეობა რთულიაო, ვამბობთ. არანაკლებ რთულია ქვევრის ღვინის წარმოება. ეს უნიკალური ჭურჭელი უამრავ საიდუმლოს ინახავს. ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი მკვლევარი ცდილობს ამოხსნას ეს საიდუმლო. ხედვები და მიდგომებიც განსხვავებულია, მაგრამ ყველა თანხმდება რამდენიმე უპირატესობაზე: ქვევრის პოზიცია - მიწაში ჩამარხული ჭურჭელი ქმნის იდეალურ ტემპერატურულ პირობებს ღვინის ბუნებრივი დუღილისა და შენახვისთვის; მასალა თიხა - მიკროფორები უზრუნველყოფს ღვინის დუნე და ზომიერ ოქსიგენაციას („ქვევრი სუნთქავს“) ისე, რომ ღვინო არ იჟანგება და მშვიდად ხდება ფენოლების და ტანინების აკუმულირება. ამას ემატება უნიკალური ტექნოლოგია - ჭაჭა-კლერტზე ღვინის დაყენება ხანგრძლივი მაცერაციით (საშუალოდ 6 თვე), რაც უჩვეულო სტრუქტურას და ფერს ანიჭებს ღვინოს, ხდება თვითფილტრაცია და ღვინო რჩება „ცოცხალი“, ბუნებრივი მიკროფლორით მდიდარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მათ შორის - ბოთლშიც. დაბოლოს, ქვევრი არის ჩვენი ტრადიცია, ჩვენი საკუთრება, ღვინის მსოფლიო ისტორიის პირველწყარო.
ჩემი დაკვირვებით, მსოფლიო ღვინის ბაზარზე დღეს მიმდინარე პროცესები საფუძველს მაძლევს, ვივარაუდო, რომ ქვევრის ღვინოს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს საექსპორტო მიმართულებით. ბოლო 10-15 წლის ტენდენციას თუ დავუჯერებთ, იზრდება მოთხოვნა მცირე პარტიებად დამზადებულ, ქიმიური პროცესებისა და დამატებითი ტექნოლოგიური ჩარევებისგან თავისუფალ ღვინოებზე, ინტერესი ჩნდება ახალი გემოების, თვითმყოფადი, ცოცხალი, გაუფილტრავი, გოგირდისგან თავისუფალი, ტერუარის მაქსიმალურად გამომხატველი ღვინოების მიმართ. ქვევრის ღვინო ყველაზე ნათლად გამოხატავს ტრადიციას და კავშირს ღვინის ისტორიასთან, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლებში აჩენს ღვინის „სპონტანურობის“ მოლოდინს და ემოციურად აკავშირებს ვენახთან, ტერუართან და იმ ადამიანებთან, ვინც ამ ღვინოს ქმნის.
- ახლა რომ იწყებდეთ მევენახეობა-მეღვინეობას, ზუსტად იგივე გზას გაივლიდით? გქონდათ რაიმე ისეთი შეცდომა, რასაც ახლა არ დაუშვებდით, ამ საქმეს თავიდან რომ იწყებდეთ?
- ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ თემაზე. გზას იგივეს გავივლიდი. ბუნებრივ მევენახეობა-მეღვინეობაში გზის სირთულე, რისკი, შრომა, ვფიქრობ, კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან გვიწევს თანაცხოვრება სხვადასხვა ღირებულებების მეურნეებთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა უფრო მომზადებული და გათვითცნობიერებული შევხვდებოდი ამ გამოწვევებს. მქონდა ან მაქვს თუ არა შეცდომები? რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, ჯერ კიდევ შორს ვარ ბუნებისგან, ჯერ კიდევ არ მესმის სრულად მისი ენა.
ლევან სებისკვერაძე