რატომ არის ბალახი ჩვენი მეგობარი
რატომ არის ბალახი ჩვენი მეგობარი

სიახლე21-06-2025

„ბალახი ჩვენი მეგობარია. მევენახე ბალახს არ უნდა ებრძოდეს“ – ასე ამბობდა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აწგარდაცვლილი სოლიკო ცაიშვილი. წლების წინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს შეხედულებები და მევენახეთა დიდ ნაწილს არ ესმოდა ვენახში ბალახის არსებობის მნიშვნელობა. დღეს კი მევენახეების დიდი ნაწილი იზიარებს ამ შეხედულებას და სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ვენახში ბალახის შესანარჩუნებლად - ზოგი ლობიოს, სოიოს და სხვა მარცვლოვან მცენარეს თესავს, ზოგი - სამყურას და ა.შ. ორგანულ მევენახეობაში ბალახთან მეგობრობის სხვა მეთოდებიც არსებობს.

 

მევენახეები, რომლებიც ვენახს ორგანული წესებით უვლიან ვენახში ბალახს შერეული სახითაც თესავენ, რაც ბიომრავალფეროვნებას უწყობს ხელს. თუმცა, ვენახში სასარგებლო ბალახი (მაგალითად - სამყურა) ხშირად დათესვის გარეშეც ამოდის და მრავლდება. მნიშვნელოვანია ზდის კონტროლი - ბალახი ისე მაღალი არ უნდა გაიზარდოს, რომ ვაზი დაჩრდილოს და ამავე დროს ვენახში მევენახემ სიარულიც თავისუფლად შეძლოს. შესაბამისად, საჭიროა, ბალახი დროდადრო გაითიბოს და თანაც ისე, რომ გათიბული ბალახი ვენახშივე დარჩეს,  რათა ნიადაგს მკვდარი ორგანული საფარი გადაეფაროს და შემდეგ ნელ-ნელა ჰუმუსად იქცეს.

საინტერესოა ვენახში ვაზის დამხმარე მცენარეებთან დაკავშირებით მევენახეების შეხედულებები. ჩვენ განსაკუთრებით იმ მევენახეებით დავინტერესდით, რომლებიც სოლიკო ცაიშვილის მსგავსად მცენარეებს არ ებრძვიან.

მირიან ნიკოლაძე, მარანი „მირიანული“: „ვენახის მოხვნა და „გაწკრიალება“ ზედმეტი ინდუსტრიალიზაციის გავლენაა. რა თქმა უნდა, ვემხრობი ბალახის შენარჩუნების მეთოდს, რადგან ვენახში ბალახის დატოვებით ნეშომპალა გროვდება ნიადაგში და ეს იწვევს ჰუმუსის ფენის გაძლიერებას. მე უპირატესობას ვანიჭებ თეთრ სამყურას - მის მოთიბვას და დატოვებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზით ვაზის დაავადებების ალბათობაც მინიმუმადე დადის, რადგან ნიადაგიდან აორთქლებულ ტენს მულჩის ფენა მაღლა აღარ უშვებს. ხოლო მულჩირების გამოყენებით, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი კი არ მცირდება, არამედ იზრდება. მულჩირების დროს ქვემოთ მოყოლილი ნიადაგი ბევრად ტენიანია და აორთქლებაც ნაკლებია. ასევე ყურძნის მწიფობისთვის მნიშვნელოვანია ნიადაგიდან სინათლის არეკვლა, რასაც სითბოზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ტიპის მოხვნის დროს ვენახის მიკროფლორა ირღვევა და სარეველების გავრცელების ალბათობა იზრდება. ამიტომაც ასეთ დროს საჭირო ხდება ბევრი ხვნა. ხოლო როდესაც მულჩირებაზე გადადიხარ, სარეველები მცირდება და დარჩენილი სარეველებიც შენს სასარგებლოდ გამოიყენება“.

თეა სტურუა, „პატარა მარანი“: „ვენახში დავთესე თეთრი სამყურა და წითელი წივანა. სამყურა პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. არსებობს წითელი და თეთრი სამყურა. წითელი მაღალი იზრდება და თეთრი დაბალი. პარკოსნებს ფესვებზე აქვთ კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ბუნებრივად გამოიმუშავებენ აზოტს და შესაბამისად ხდება ნიადაგის რეგენერაცია. სამყურა იმდენად ძლიერია, რომ სხვა სარეველებს თრგუნავს და ვენახში უსარგებლო ბალახი, ბუნებრივი გზით ისპობა. ქმნის ხალიჩისებურ ფენას და ნიადაგს მჭიდროდ ფარავს, რაც თავის მხრივ ამცირებს ჭრაქის რისკს. ასევე გვალვის პერიოდში იცავს ნიადაგს გამოშრობისგან. რაც შეეხება წივანას, ის აკავებს მწერებს, აღადგენს ფოსფორის და კალიუმის ბალანსს. ორივე მრავალწლიანი მცენარეა, აღარაა საჭირო ნიადაგის მექანიკური დამუშავება მინიმუმ 5-6 წელი. მცირდება ხარჯი, ვენახში საწვავის გამონაბოლქვი და მასში შემავალი ტყვია, რაც მთავარია, ნიადაგი ამ პერიოდში სრულად მუშაობს რეგენერაციაზე და ჰუმუსის წარმოქმნაზე, რაც ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია".

გუჯა გოდერძიშვილი, “გოდერძიშვილების მარანი“: „ბალახის დახმარებით ჩვენ ვიყენებთ გვალვის საწინააღმდეგო მეთოდს - რთველამდე ვენახს აღარ ვთიბავთ. კარგად ვიცით, რომ გვალვის დროს  სწორედ ბალახი ინახავს მტევანსაც და სინესტეს უნარჩუნებს ნიადაგს. ამას გარდა, ბალახი ნიადაგის ზედა ფენას იცავს ქარისმიერი ეროზიისგან დიდი ქარების დროს და ესეც უმნიშვნელოვანესია. შემოდგომისკენ, რთველის წინა დღეებში, მაინც გვიწევს ვენახის გათიბვა, რათა მკრეფავებს ვენახში მუშაობა არ გაუჭირდეთ“.

კახა ბერიშვილი, „ართანული ღვინო“: „ვენახში ბალახთან ხმალამოღებული ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. ვენახში ბალახი ნიშნავს მიწის კარგ სტრუქტურას, გვალვის დროს ნამს და დაცვას სოკოვანი დაავადებისგან. ამას გარდა, ბალახი ვენახისთვის არის ბუნებრივი სასუქი და ნებისმიერი სხვა სასუქის შეტანაზე უკეთესია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ, არაა გასაკვირი, რომ ვენახში სარეველა მცენარეების მრავალფეროვნებას ვანიჭებ უპირატესობას“.

იაგო ბიტარიშვილი, „იაგოს ღვინო“: „ზოგადად ეკოლოგიურ მევენახეობაში დიდი ყურადღება ექცევა ეკოსისტემას, განსაკურებით - იქ, სადაც მონოკულტურაა დიდი რაოდენობით. შესაბამისად, იმ კულტურის მავნებელი დაავადება უფრო მეტია. ამიტომ, ვენახებში რაც მდგრად და მრავალფეროვან ეკოსისტემას შევქმნით, მით უკეთესია. ბალახს ვენახში ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს. არსებობს ნიადაგის გაკორდების მეთოდი, როცა შეიძლება დაითესოს სპეციალური ბალახი (ბალახის მრავალფეროვნება). ამავე დროს, შესაძლებელია ბალახი პერიოდულად გაითიბოს ან დაიფქვას - ადგილზე დარჩეს, რაც დამატებითი ორგანული სასუქია ნიადაგისთვის. ეს გააუმჯობესებს ნიადაგის ზოგად მდგომარეობას. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ღიაა ნიადაგი, წყლის აორთქლება მით უფრო მეტია. ასევე არსებობს ბუნებრივი გაკორდების მეთოდი, როცა ახალ კულტურას კი არ ვთესავთ, არამედ გაკორდებისთვის ადგილობრივ მცენარეებს ვიყენებთ, რადგან ისინი უფრო შეჩვეულები არიან იმ გარემოს. ეს მცენარეები რამდენიმე წლის განმავლობაში ითიბება ან იფქვება და ეს დამატებითი ორგანული სასუქია. შეიძლება მოხდეს მთლიანად ვენახის გაკორდება, ან ეს ჩატარდეს  რიგგამოშვებით. ეს მეთოდი დასავლეთის ქვეყნებში არა მხოლოდ ეკოლოგიურ მევენახეობაში გამოიყენება, არამედ ზოგადად სოფლის მეურნეობაში გამოიყენებენ“.  

მევენახეები თანხმდებიან, რომ ვენახში ბალახი საფარის გაჩენა ვენახის ეკოსისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ბალახის მრავალფეროვნება დაარღვევს ვენახში გამეფებულ მონოკულტურას. ეს კი თავის მხრივ გაამრავალფეროვნებს და გააქტიურებს ნიადაგის მიკროორგანიზმებსაც. ვენახში გამრავლდებიან სხვადასხვა მწერები. რაც მთავარია, მავნე მწერებთან ერთად ვენახში მტაცებელი მწერებიც გამრავლდებიან, გაჩნდებიან ასევე გომბეშოებიც და მავნებელი მწერების მჭამელი სხვა ცოცხალი არსებებიც. ამიტომ მწერებისაგან რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი მოსალოდნელი აღარ იქნება.  

მევენახეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გაკორდებისას ნიადაგის დამუშავებას მიჩვეული ვაზის ძირები ზოგჯერ სუსტდება და ზრდა ფერხდება, რაც ყურძნის მოსავალსაც ამცირებს. ამიტომ აქ გამოსავალი ის არის, რომ ვენახი ყოველწლიურად კი არა, არამედ 4-5 წელიწადში ერთხელ დაიხნას. ხოლო როგორი გუთნით უნდა დაიხნას, რა სიღრმეზე და როგორ უნდა გამოვაცოცხლოთ დაკნინებული ვაზი, ეს ცალკე სტატიის თემაა და სხვა დროს დავუბრუნდებით.  

 

ლევან სებისკვერაძე