სიახლე . 28-06-2023

ასოციაციის წევრობის კანდიდატებისთვის - აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხები
ალეკო ცქიტიშვილის ბლოგი
„ჭორტაულის ვენახები“
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ საქართველოშიც და უცხოეთშიც წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივი მეღვინეობის მთავარ პლატფორმას. ქართული ბუნებრივი ღვინოების წარმატებული პოპულარიზაცია და აღიარება დიდწილად სწორედ ასოციაციის დამსახურებაა.
ცხადია, ასოციაცია მარტო სახელწოდება არ არის და მის უკან დგანან დამფუძნებლები - საქართველოში ორგანული მევენახეობის და ბუნებრივი მეღვინეობის პიონერები, ავტორიტეტები და წევრი მარნების არანაკლებ სახელოვანი მევენახე-მეღვინეები, რომელთა შორისაც არიან ვეტერანებიც და დამწყები ენთუზიასტებიც.
ასოციაციას ჰყავს ტრადიციული მხარდამჭერები და პარტნიორები, რომლებიც წლებია, ხელს უწყობენ ქართული ბუნებრივი მეღვინეობის განვითარებას, ზურგს უმაგრებენ და გულშემატკივრობენ ასოციაციას.
აქ პირველ რიგში, აღსანიშნია ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც ფინანსურად მხარს უჭერს ასოციაციის ინიციატივებს და ღონისძიებებს, მათ შორის ბუნებრივი ღვინის ფესტივალებს - ZERO COMPROMISE და „ამერიმერი“, ასევე - საერთაშორისო გამოფენებში ასოციაციის წევრი მარნების მონაწილეობას. აქვე უნდა ვახსენო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებაში, მათ შორის - ასოციაციის სტანდარტის და შიდაინსპექტირების მექანიზმის დანერგვაში.
ასოციაციის ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს ახლა ვერ ჩამოვთვლი, რადგან ამ ბლოგპოსტის მიზანი არ არის მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება. მთავარი სათქმელი ის არის, რომ ასოციაციას უკვე აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბუნებრივი ღვინის რიგითი მომხმარებლების, არამედ პირველ რიგში, სწორედ პარტნიორების, მხარდამჭერების და მეგობრების წინაშე, ვინც თავისი წვლილი შეიტანა როგორც ასოციაციის, ისე წევრი მარნების განვითარებაში, ბუნებრივი ღვინოების პოპულარიზაციაში.
რას ნიშნავს ეს პასუხისმგებლობა?
პირველ რიგში - იმედების და ნდობის გამართლებას!
ნდობის და ავტორიტეტის შენარჩუნება კი ასე ადვილი საქმე არ არის, რადგან ასოციაციას ამჟამად ზუსტად 119 წევრი მარანი ჰყავს და შესაბამისად, არა მხოლოდ ასოციაციის ადმინისტრაცია, არამედ მისი წევრი ყველა მარანი არის პასუხისმგებელი ამ ნდობაზე და რეპუტაციაზე.
სწორედ ამიტომ ასოციაციამ 2018 წლიდან დანერგა შიდაინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და უზრუნველყოფს ასოციაციის სტანდარტის დაცვას. ინსპექტირება უტარდება იმ მარნებს, რომლებიც დაინტერესებული არიან, მიმდინარე წლის მოსავლის ღვინოებს სამომავლოდ მიენიჭოს ასოციაციის ნიშანი. ყოველწლიურად ევროპის ქვეყნების კვალიფიციურ ლაბორატორიაში იგზავნება ღვინის ნიმუშები შესამოწმებლად, რათა ასოციაცია დარწმუნებული იყოს, რომ წევრები იცავენ სტანდარტის მოთხოვნებს. ღვინოების ყოველწლიური ლაბორატორიული შემოწმება ტარდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და შეიძლება შეეხოს ასოციაციის ნებისმიერ წევრს.
გამართული შიდაინსპექტირების მექანიზმის და ლაბორატორიული შემოწმების წესის დანერგვით ასოციაცია ცდილობს საერთოდ აღმოფხვრას ან მინიმუმამდე დაიყვანოს ასოციაციის წესების დარღვევის შემთხვევები. თუკი ვინმე მაინც არღვევს ამ წესებს საბოლოოდ, მაინც არაფერი იქნება დაფარული, რომელიც არ გაცხადდება. გარდა ზემოთაღნიშნული ღონისძიებებისა, ასოციაცია ყურადღებით სწავლობს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას წევრების საქმიანობის შესახებ და თუკი დამტკიცებულად აქვს ცნობა ისეთი დარღვევის შესახებ, რაც წევრობის შეჩერებას იწვევს, დროულად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.
ასოციაციას ზუსტად იგივე მოთხოვნები აქვს იმ მარნებზე, რომლებიც მას ყოველწლიურად მიმართავენ გაწევრების თხოვნით. ასოციაციის კანდიდატებთან ფორმდება ხელშეკრულება, მთელი რიგი პირობებით, რომლის ხელმოწერის შემდეგაც კანდიდატი სრულად არის ინფორმირებული ასოციაციის მოთხოვნების თაობაზე. ამის შემდეგ კი იწყება კანდიდატების ინსპექტირების პროცესი, რომელიც 2024 წლიდან ორწლიანია და მოიცავს როგორც ასოციაციის ინსპექტორების ვიზიტებს კანდიდატების ვენახებსა და მარანში, ასევე განაცხადთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლას. კანდიდატი ასოციაციის წევრი ხდება განაცხადის შემოტანიდან მეორე წლის შემოდგომაზე, თუკი ორწლიანი ინსპექტირების პროცესით დაზუსტდა, რომ იგი აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
ასოციაციაში გასაწევრებლად აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს მსხმოიარე ორგანული ვენახი და ბუნებრივი ღვინის მარანი. ასოციაციაში არ მიიღებიან მეღვინეები ვენახის გარეშე და მევენახეები მარნის გარეშე. არის შემთხვევები, როცა ასოციაციას მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც არც ვენახი აქვთ და არც მარანი, მაგრამ ნაყიდი ყურძნიდან ღვინოს ამზადებენ, ხოლო მარანს ქირაობენ. ასოციაცია მათ წევრობაზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, ასევე უარს იღებენ წევრობაზე ის მარნები, რომლებსაც ინსპექტირების პროცესში აღმოაჩნდათ კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა: ვენახში აკრძალული ნივთიერებების გამოყენება (ჰერბიციდები, ქიმიური სასუქები და სისტემური პესტიციდები) ან ღვინოში (სამრეწველო დანამატები და არომატიზატორები), რაც ეწინააღმდეგება ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის არსს.
წლების განმავლობაში როგორც კანდიდატების, ისე ასოციაციის წევრების ინსპექტირების პროცესს მე ვხელმძღვანელობ, რაც დამატებით ჩემთვისაც უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და ამას ვაცნობიერებ. თუმცა, საქმეს მიადვილებს კვალიფიციური ინსპექტორების გუნდი და როგორც წევრების, ისე კანდიდატების მხრიდან გამოჩენილი პატივისცემა და თანამშრომლობის სურვილი. მინახავს ნაწყენი და გაბრაზებული კანდიდატებიც, როდესაც ინსპექტირების ვიზიტისას უკვე ჩანდა, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ ასოციაციის სტანდარტს და ამას როცა განვუმარტავდით, ბრაზდებოდნენ და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არღვევდნენ ხელშეკრულების პირობებს.
სწორედ ამიტომაც მოგმართავთ, ძვირფასო კანდიდატებო, ვინც წელს აპირებთ შემოიტანოთ განაცხადი ასოციაციაში, იყავით ყურადღებით - კარგად გაეცანით ასოციაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, მის დანართებს და პირობებს!
ასოციაცია გაძლევთ საშუალებას, მსოფლიოს გააცნოთ თქვენი ღვინოები, მაგრამ ვერ მოგცემთ უფლებას, გვერდი აუაროთ ასოციაციის მოთხოვნებს და ისე შემოაბიჯოთ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების ამ ერთობაში, რომ წარმოდგენაც არ გქონდეთ რა არის ორგანული ვენახი და ბუნებრივი ღვინო ან კიდევ თქვენებურად, განსხვავებულად გესმოდეთ ეს ყველაფერი.
„თქვენ მე რა უნდა მასწავლოთ?! ამდენი წელია ბიოღვინოს ვაყენებ!“ - მითხრა ერთმა გაბრაზებულმა. ამ წინადადებაში უკვე არის მთელი რიგი შეუსაბამობები, რაზეც ზოგჯერ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ კანდიდატებს, როცა ასოციაციას მიმართავენ. ბიოღვინო, თავისი არსით, სრულიად სხვა პროდუქტია და ბუნებრივი ღვინო - სრულიად სხვა. მაგალითად, ბიოღვინოში დაშვებულია სელექციური საფუვრების გამოყენება, რასაც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ სტანდარტი კრძალავს. ასოციაციას ჰყავს წევრები, რომლებსაც აქვთ ბიო ნიშანიც, მაგრამ რაკი ისინი ასოციაციის წევრები არიან, პირველ რიგში, ასოციაციის უფრო მკაცრ სტანდარტს იცავენ და ამის შემდეგ - შედარებით ლოიალურ ბიოსტანდარტს.
კიდევ იყო ერთი კანდიდატი, რომელსაც არ ჰქონდა ვენახი და მეზობლების ვენახებიდან დაკრეფილი ყურძნისგან აყენებდა ღვინოს. ეს ადამიანიც გაბრაზდა, როცა ვუთხარით, რომ აუცილებელია ასოციაციის წევრი მეღვინე თვითონვე იყოს პასუხისმგებელი ნედლეულზე. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ღვინო ვენახიდან იწყება, რაც საკუთარ ვენახს გულისხმობს და არა სხვა მევენახის ვენახს, სადაც წლის განმავლობაში ფეხიც არ შეგიდგამს და მხოლოდ შემოდგომაზე გახსენდება, როცა ღვინის დასაყენებლად ყურძენი გაქვს საყიდელი. ასოციაციის წევრებს დამატებით კი აქვთ უფლება ასოციაციის წევრი სხვა მევენახეებისგან ან სერტიფიცირებული ორგანული ვენახის მფლობელებისგან შეიძინოს ყურძენი, მაგრამ სულ მცირე 1000 კვ/მ ფართობის საკუთარი მსხმოიარე ვენახი წევრს (ცხადია - კანდიდატსაც) აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც კანდიდატები ცდილობენ ასოციაციის სტანდარტთან შეუთავსებელი თავიანთი მიდგომების ახსნას, ასოციაციას მარტივი პასუხი აქვს - ყველას შეუძლია დააარსოს ისეთი ტიპის მევენახეობა-მეღვინეობის სრულიად სხვა გაერთიანება, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. ასოციაცია კი ყოველთვის დაიცავს თავის წესებს, ავტორიტეტს და გაუფრთხილდება იმ ნდობას, რაც წლების განმავლობაში მოიპოვა.