სიახლე . 09-10-2023
NWA.GE - ბუნებრივი ღვინოების უნიკალური პლატფორმა
ასოციაცია ბუნებრივი ღვინის ვებ-გვერდი - nwa.ge მუდმივად ახლდება და ახალი ფუნქციები ემატება. დღეისათვის nwa.ge უნიკალური პლატფორმაა თავისი შესაძლებლობებით,იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მსგავსი გაერთიანება მსოფლიოში, რომელსაც აქვს მსგავსი მრავალფუნქციური ვებგვერდი.
ცოტა ხნის წინ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ საიტს - NWA.GE-ს ახალი ფუნქცია დაემატა - ასოციაციის წევრი მარნების პროფილებზე გაჩნდა წარწერები - „ინსპექტირებულია“, „არ არის ინსპექტირებული”. ამ გზით ასოციაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, 2024 წელს რომელმა მარნებმა გამოხატეს სურვილი, გაიარონ ასოციაციის ინსპექტირება და სამომავლოდ მიიღონ ასოციაციის ნიშანი 2024 წლის მოსავლის ღვინოებზე. NWA.GE-ზე შესაძლებელი იქნება ასოციაციის ნიშნის მქონე ღვინოების ნახვაც.
ბოლო განახლებების შედეგად, ვებგვერდს დაემატა კიდევ ერთი ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების ავტომატურად გამოტანას ასოციაციაციის ოფიციალური ფეისბუკგვერდის ნიუსფიდში. მაგალითად, თუ წევრი მარანი დაამატებს ახალ ღვინოს ასოციაციის ვებგვერდზე, ეს ავტომატურად გამოჩნდება ასოციაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. მსგავსი ტექნიკური უზრუნველყოფით მუდმივად განახლდება ასოციაციის ვებ-გვერდიც და ფეისბუკ-გვერდიც, რომელიც თავის მხრივ, ინფორმაციას მიაწვდის ათიათასობით მომხმარებელს.
ფეისბუკის მომხმარებლების გარდა, ასოციაციის ვებგვერდს უკვე თვითონ ჰყავს 40 000-მდე უნიკალური მომხმარებელი წლის განმავლობაში, რასაც ადასტურებს ასოციაციის ხელთ არსებული გუგლის სტატისტიკური მონაცემები. ამავე დროს, ასოციაციის ვებგვერდის მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია მომხმარებელთა მრავალფეროვნება ქვეყნების მიხედვით. ასოციაციის ვებგვერდს ყოველწლიურად სტუმრობს ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ამერიკა, შვედეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ჩინეთი, გერმანია, დანია, რუსეთი, ინდოეთი, ტაივანია, კანადა). ძირითადად, დიდი ალბათობით, ესენი არიან ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის საცალო გამყიდველები, სომელიეები რესტორნებიდან და ღვინის ბარებიდან, ღვინის მწერლები.
ასოციაციამ მიმართა წევრ მარნებს, რომ პერიოდულად და სრულყოფილად განაახლონ ვებგვერდზე თავიანთი პროფილები, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს როგორც უშუალოდ ბუნებრიბვი ღვინის მოყვარულებს, ისე ღვინოების რეალიზაციით დაინტერესებულ მიზნობრივ აუდიტორიას.
NWA.GE-ს ასევე დაემატა ანალიტიკური განყოფილება, რომელიც უკვე ზუსტად აწვდის ასოციაციას ინფორმაციას, კონკრეტულად, საიტის რომელი განყოფილებები იწვევს უფრო მეტ ინტერესს. მიღებული ანალიტიკური მონაცემების საფუძველზე, ასოციაცია გამოიტანს შესაბამის დასკვნებს და შეეცდება მუდმივად გააუმჯობესოს საიტი ამ მონაცემებზე დაყრდნობით.