რთველი კახეთში - თვალი მოვკრათ დიონისეს
რთველი კახეთში - თვალი მოვკრათ დიონისეს

Blog17-10-2024

თაკო ჟურულის ბლოგი

[ჟუკა-სანოს მარანი]

ნამდვილი დღესასწაული იყო წლევანდელი რთველი. ძველ სურათებში გვინახავს - სიმწვანე, მზე და მხიარულება რომ იღვრება ტილოებიდან, სწორედ ეგრე მოხდა.  წელიწადი ხომ უტყუარად აისახება ხოლმე ნატურალურ ღვინოებში და რაკი ღვინის 95% სწორედ ვენახია, 2024-ის ღვინოც ამას დაიმახსოვრებს: კარგ ამინდებს, წვიმისა და მზის თამაშს, რბილ, ხავერდოვან ჰაერს, ვენახების მშვიდ სუნთქვას, ჯანმრთელი ყურძნებით სავსე რიგებს, კმაყოფილ მევენახეებს.

უვლიდა თუ არ უვლიდა, მიხედა თუ ვერ მიხედა - ყველამ კარგი მოსავალი მოიწია წელს. მთელი სეზონი რომ არავინ შესულა, ბალახმა რომ გადაუარა და გადაფარა, მხოლოდ დასაკრეფად რომ გათიბეს და ამოასუნთქეს, იმ ვენახებმაც კი დამალული ოქროსავით გამოაჩინეს სავსე მტევნები. და არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ამხელა მოსავლების აღება გართულდა, მუშახელი დატაცებაზე იყო წელს. ბევრი ადგა და თვითონვე გაისარჯა საკუთარ ვენახში. დაპატიჟა მეგობარ-ნათესავები, მისცა ხელში მაკრატელი და შეასია რიგებს. ერთი ვენახიდან ბრიგადების ხალისიანი გადაძახილი რომ ისმოდა, მეორედან ბავშვების ჟრიამული და უფროსების ზარივით ხმები აყრუებდა სოფლებს. მგონი მთელ საქართველოს  გადაუარა ამ სართვლო მხიარულებამ.

მაგრამ მთავარი ამბავი მაინც ვენახისა და მისი მომვლელისაა, ერთად რომ მივლენ იმ ერთადერთ და მთავარ დღემდე, დაკრეფის დღემდე, მხოლოდ მათ რომ იციან რა გამოიარეს, როგორი დღეები ჰქონდათ, როგორ იცხოვრეს მთელი ზაფხული. ბოლოს, დიონისეს ხმაც გაისმება: „აჰა, დროა!“  და წამოიღებ სახლში, შენს მარანში მოსავალს, თითქოს შვილები და დედ-მამა მოგყავდეს, რომ ჩასრისო, გამოადინო იქიდან წყალი,  მიწა, მზე და ჰაერი, მათთან ერთად ჩაატანო განვლილი ზაფხულის ხსოვნა, ვაზის ძირში ჩამომჯდარი შენი თავიც ჩააყოლო კლერტსა და ჭაჭას, შენი ცოდნა და ეჭვებიც და ასე გამოწურო ბოლომდე მთელი თქვენი ამბავი და დაიწყოს ღვინის  დაბადება. 

ჩვენი ტერუარები, ჩვენი აპელასიონები, ადგილები, ზვრები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მარნის სახელები სადღაც იკარგება მათში,  ისინი იმდენია, რამდენი ვენახიცაა საქართველოში. და რას ვფიქრობ, იცით? კი, რთულია ვენახის მოვლა, მაგრამ მევენახეობა სწორედ ესაა: ღვინის დაბადება და არა ხარჯები.  

ვივსები სიხარულით, როცა ჩვენი მეგობარი მევენახე-მეღვინეები თავიანთი რთვლების სურათებს დებენ ქსელებში, ყურძნის დაწურვის და მორევის ამბებს ყვებიან, მრავალფეროვან დაბადებებს გვიჩვენებენ - მათი წელიწადის დაგვირგვინებას. 

ჩვენთან, რუისპირსა და იყალთოში იციან თქმა - ალავერდობამდე ნუ შეაქებ მოსავალს, რადგან ჯერ კიდევ შეიძლება დაისეტყვოსო. ალავერდობის მერე კი გადარჩენილად ითვლება ვენახიცა და მისი პატრონიც. ახლა, ამას რომ ვწერ, მეც ველოდები ალავერდობის გადასვლას, ჩემი რქაწითლის დამწიფებას და წამოვიყვანთ ამასაც სახლში, როგორც აქამდე იყალთოს წითელი და კახური მწვანე დავაბინავეთ.

რთველი გრძელდება ყურძნის მარცვლების გადარჩევით! ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა მევენახე-მეღვინისათვის, მით უმეტეს, რომ  საქართველოში მგონი არავის აქვს ის უძვირესი დანადგარები, კარგ და ცუდ მარცვლებს რომ ახარისხებს. ჩვენთან ხელით ირჩევა მთელი მოსავალი. სხვა გზა არ არის, გადარჩევა ხომ ყურძნის ხარისხის შენარჩუნების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. კარგი მოსავლის შემთხვევაში მისი მხოლოდ 10 % იყრება, ცუდი მოსავლის შემთხვევაში კი ჭირნახულის ნახევარიც კი გადაუყრიათ ზოგჯერ. მემარნე თვალს ადევნებს, როგორ ახარისხებენ მაგიდის გარშემო შემომსხდარი ქალები ყურძნის მტევნებს, როგორ არჩევენ საუკეთესო მარცვლებს და ყრიან უვარგისს.  ამ ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მოძრაობაზეა დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ღვინოში. ორი წელია რთვლამდე ვაგვარებ საქმეს, ვენახშივე ვახარისხებ მოსავალს, დავდივარ რიგებს შორის პატარა მაკრატლით და ზედ ვაზზევე ვათავისუფლებ მტევნებს დაზიანებული მარცვლებისგან. 

შემდეგ იწყება საფუვრების სიმღერა! დუღილის ხმა ისმის ყველა მარნიდან! საფუვრებს უყვართ შაქარი,  შთანთქავენ მას და გარდაქმნიან ალკოჰოლად და ნახშირორჟანგად. ეს რვაათასწლიანი პროცესია, ვენახიდან წამოღებული ბუნებრივი საფუვრების სიცოცხლის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ, ნატურალისტი მევენახე-მეღვინეები სიამოვნებით ვაკვირდებით და არანაირად არ ვერევით მასში, განსხვავებით იმ ინდუსტრიისგან, რომელიც გამომშრალსა და გამომხმარ საფუვრებს უფრო ენდობა და მოარბენინებს ენოლოგიური მაღაზიებიდან იმას, რაც სინამდვილეში ისედაც აქვს და ნებაყოფლობით ერთვება ხელოვნურობის ჯოჯოხეთურ პროცესში... ჩვენ კი ვერავინ დაგვარწმუნებს, ასე დავშორდეთ ბუნებას და ვიშრომოთ ტყუილად, რადგან ვიცით, რომ ჩვენს ვენახებში მოწეული ყურძენი კონკრეტული მიკროზონების, ადგილებისა თუ ზვრებისთვის დამახასაითებელ საფუვრებს შეიცავს - ორგანიზმებს განუმეორებელი ხელწერით,  თავისებურებებითა და ხასიათით. რთვლის შემდეგ სწორედ ისინი მღერიან, ქშენენ, თუხთუხებენ ჩვენს ქვევრებში, უჟანგავებში, კასრებსა თუ ბოცებში. გესმით მათი ხმა?  ღვინოც იბადება სწორედ დუღილში, ხმაურში, სიმღერაში, იმ სიმღერაში წყალს, მზეს მიწასა და ჰაერს რომ ეძღვნება.

ბოლოს გეტყვით, რომ მარკუს ტერენციუს ვარონი „ტრაქტატში სოფლის მეურნეობაზე“ წერს ასეთ რამეს: „რით ფასდება მეურნეობა? პირველ რიგში ვენახით, კარგი და ბევრი ღვინით, მეორე რიგში - ბოსტნით, რომელიც ირწყვება, კომშის ბაღით, მეოთხე - ზეთისხილის ბაღით, მეხუთე - მინდვრით, მდელოებით, მეექვსე - პურის ყანით, მეშვიდე - ტყით, მერვე - ისევ ვენახით, რომლის ვაზებიც ხეებს ეხვევა“... ორი მიზანი უნდა გქონდეთ, როცა სოფლის მეურნეობას მისდევთო, ამბობს - სარგებელი და სიამოვნებაო. ყველას გისურვებთ ამას.

მალე მიილევა რთვლები, მიჩუმდება მარნებში სიმღერა, გავირინდებით გაზაფხულამდე, რომ მერე ახლიდან დავიწყოთ ყველაფერი. რას გვიმზადებს მომავალი წელი, არავინ იცის, რა ამინდები, რა კლიმატური ცვლილებები გველოდება, როგორი მზე და ღრუბელი დახედავს ზემოდან ჩვენს საყვარელ ადგილებს, მაგრამ უკვე ვიცით, რომ რაც უნდა ცუდი ამინდები და არეული წელი იყოს, ყოველთვის  დარჩება ფანჯრები, გამონათება, როცა შეგვეძლება მივხედოთ ვენახს და თვალი მოვკრათ დიონისეს.