სიახლე . 25-05-2023
„ამერიმერი“ სოლიკო ცაიშვილის სახელობის იქნება
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ გადაწყვეტილებით, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ 2024 წლიდან სოლიკო ცაიშვილის სახელობის იქნება. წელს ფესტივალი 7 დეკემბერს გაიმართება და მას ისევ ქალაქი წყალტუბო, კერძოდ - სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort უმასპინძლებს.
უკვე დიდი ხანია, ბუნებრივი ღვინის მოყვარულთა წლის კალენდარში „ამერიმერი“ აუცილებლად მონიშნულია და მას ყველა ელოდება. ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება და მისი ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ სოლიკო ცაიშვილია - საქართველოში ბუნებრივი (ნატურალური) და ქვევრის მეღვინეობის აღორძინების პიონერი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. სწორედ მისი მოფიქრებულია სახელწოდებაც, რომელიც წარმოაჩენს იდეას, რომ ამ ფესტივალმა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონის მარნები უნდა გააერთიანოს თავიანთი უნიკალური მიკროზონების ღვინოებით. ამავე დროს, ფესტივალიც უნდა მოგზაურობდეს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდეს. პირველი „ამერიმერი“ ქუთაისში ჩატარდა, რადგან დასავლეთ საქართველოში იმ დროს მსგავსი ფესტივალი არ არსებობდა.
სოლიკო ცაიშვილი 2018 წელს გარდაიცვალა და ფესტივალის შემდგომ წარმატებას ვეღარ მოესწრო. თუმცა, მას სწორედ ისე ჰქონდა წარმოდგენილი, რომ „ამერიმერი“ ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში მალე გახდებოდა პოპულარული.
ფესტივალში მხოლოდ ასოციაციის წევრი მარნები მონაწილეობენ. თავის მხრივ, ასოციაციაში გაწევრიანებული არიან მევენახე-მეღვინეები, რომლებიც ღვინოებს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით, ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ვენახები იწამლება მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით, ისიც - შეზღუდული დოზებით, არ გამოიყენება არანაირი ჰერბიციდი და ქიმიური გზით წარმოებული სინთეზური, მინერალური სასუქები. მარანში ღვინის დაყენებისას, შენახვისას და ჩამოსხმისას აკრძალულია სელექციური საფუვრების, ენზიმების, გამწებავი ნივთიერებების, ღვინის გემოების რეგულატორების, მჟავების, ბექმეზის და სხვა ათასგვარი ინდუსტრიული დანამატების გამოყენება.
ღვინის გურმანების გარდა, „ამერიმერს“, ტრადიციულად, სტუმრობენ ექსპორტიორები, რესტორატორები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მონაწილეებს საშუალება აქვთ, რომ მათ გააცნონ თავიანთი ღვინოები.
ფესტივალი „ამერიმერი“ გაიმართება 7 დეკემბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ.#23, სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resort.
ბილეთის ფასი: 20 ლარი (ბილეთის ღირებულებაში შედის: ფესტივალის კატალოგი).
ბმული ბილეთებისთვის: tkt.ge/AMERIMERI2024