მურმან ფანცულაია: „მიწიდან მოწეული ყურძნის წვენი დროებით ისევ იმ მიწას უნდა მიაბარო“
მურმან ფანცულაია: „მიწიდან მოწეული ყურძნის წვენი დროებით ისევ იმ მიწას უნდა მიაბარო“

სიახლე30-07-2024

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ ყველა მეღვინეს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ეს ისტორიები ხშირად მათ ღვინოზეც აისახება და სწორედ ამიტომაცაა, რომ ბუნებრვი ღვინის მოყვარულები მეღვინის ვინაობითაც ინტერესდებიან ხოლმე. ფანცულაიების მარან „სარგვეშის“ მეღვინე მურმან ფანცულაია თბილისში გაზრდილი კაცია, რომელმაც ხარაგაულში, მშობლიურ სოფელ სარგვეშში იმერული წესით, ჭურში ნატურალური ღვინის დაყენება მამისგან ისწავლა და ახლა ამ საოჯახო ტრადიციას აგრძელებს. ფანცულაიებმა ციცქას და ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინო უკვე ბოთლშიც ჩამოასხეს და ღვინოს მათი სოფლის სახელი -  „სარგვეში“ დაარქვეს.

 

„მამა როცა გარდამეცვალა, გადავწყვიტე მისი ბოლოს დაყენებული ღვინო სამახსოვროდ შემენახა და ჩემს მეგობარს, ზურა მღვდლიაშვილს ვთხოვე ბოთლებში ჩამოესხა, ჩავუტანე 20 ლიტრი კარდანახში და თავის მარანში  ჩამომისხა“, - ასე იხსენებს მეღვინეობაში თავის პირველ ნაბიჯებს მურმან ფანცულაია, - „ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მე ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ. ვენახში მამაჩემის ბაბუის ჩაყრილი ვაზია. ვცდილობ, მოვუარო, არ შევწყვიტო თითქმის 100-წლოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია. ასე და ამგვარად ვცე პატივი ჩემს წინაპრებს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მამის ხსოვნას. მან გასული საუკუნის მძიმე 90-იანი წლები სიმწრით გამოატარა ვენახს, როცა პურის ფულიც კი ჭირდა ოჯახში. მამა უკანასკნელ კაპიკებს იკლებდა, რომ შაბიამანი და კირი ეყიდა, შემდეგ მთელი ღამე მატარებლით ემგზავრა თბილისიდან ხარაგაულამდე, დილით კი ზურგზე მოკიდებული ხურჯინით 12 კილომეტრი  ფეხით გადადიოდა სოფელში ვენახის მოვლის საშუალებებით დატვირთული, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას. ბაბუა ყოველთვის ამბობდა: ჩემზე არ უნდა შეწყდეს ტრადიცია და მე ვენახს არ ავჩეხავო. ვაზისადმი ასეთი დამოკიდებულებით მეც შემიყვარდა ეს საქმე. ოღონდ  ცოტა გვიან მივხვდი ამ ყველაფერს. მთელი ბავშვობა ვგრძნობდი, რომ მამას ჩემი და ჩემი ძმისგარდა კიდევ ერთიშვილი ჰყავდა დაამშვილს, მამის დატოვებული ვენახი - ციცქა და ცოლიკაური ერქვა. მე მეწარმე არ ვარ, ჯერჯერობით და ჩემთვის ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება არის სიყვარული, ტრადიციების გაგრძელება, პატივისცემა მამის და წინაპრების მიმართ“. 

- ამჟამად ვენახს როგორ უვლით და რას გეგმავთ მომავალში?

- მამა სანამ გარდაიცვლებოდა, ვენახში წლით ადრე ახალშენიც ჩაყარა. ამ ვენახს უკვე  ჩემს ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად ვუვლი ორგანულ მევენახეობაში დაშვებული პრეპარატებით და მეთოდებით. თავიდან საერთოდ არანაირი ცოდნა არ მქონდა და მეგობრების და ინტერნეტის დახმარებით ვცდილობდი  მომეარა ვენახისთვის. ახლაც ტელეფონზე ხშირად ვურეკავ მეღვინე მეგობრებს, ვეკითხები თუ რომელი ოპერაცია როგორ და რა დროს შევასრულო.

- ხარაგაულის სოფელ სარგვეშზე რას გვეტყვით, სადაც თქვენი ვენახი და მარანია? 

- სარგვეში ულამაზესი, ტიპიური ზემოიმერული სოფელია, დიდი მევენახეობის ტრადიციებით. გადმოცემით ვიცი, რომ ციცქა-ცოლიკაურის ზონადაც ითვლებოდა და აქ მოწეული ციცქასგან საშამპანურე ღვინომასალა მზადდებოდა.  სოფელში კომუნისტების დროს პატარა ღვინის ქარხანაც იყო.ყველა გლეხს ოჯახში ვენახი ჰქონდა და მოსავლის დიდ ნაწილს კოლმეურნეობას აბარებდა, სოფლის ღვინის ქარხნისთვის. ამ ღვინოს ცისტერნებში ასხამდნენ და შემდეგ ხარაგაულის რაიონის ღვინის ქარხანაში იგზავნებოდა. ამავე დროს, თავისი ვენახის ღვინო თითქმის ყველა მშრომელ ოჯახს ჰქონდა.

- ღვინოს ძირითადად ქვევრში აყენებთ?

- ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე იმდენი რამ ითქვა, არც კი ვიცი, რა უნდა დავამატო. მე ქვევრის გარეშე, განსხვავებული წესით ღვინის დაყენება ვერც კი წარმომიდგენია - იმდენად ჩვენია, იმდენად ქართულია, იმდენად ორგანულია და იმდენად ტრადიციული, გამორჩეული და საინტერესო. ზოგადად ვთვლი, რომ სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს, უნდა ვპროგრესირებდეთ ყველაფერში, უნდა ვანვითარებდეთ ყველაფერს, მაგრამ რაც შეეხება ქვევრში ღვინის დაყენებას - ეს 8000-წლიანი ტრადიცია უნიკალურია, შეუცვლელი და მიმაჩნია, რომ ქართველებმა ღვინო მხოლოდ ქვევრში უნდა დავაყენოთ. მამა იტყოდა ხოლმე: იმ მიწიდან მოწეული ყურძნის წვენი, დროებით ისევ იმ მიწას უნდა მიაბარო, რომელი მიწაც ჩვენი წინაპრების სისხლით და ოფლით არის გაჟღენთილი, რათა მოუაროს, დაავაჟკაცოს და ღვთიურ სასმისად აქციოსო.

- ვენახს ოჯახის წევრები უვლით?

- ვენახის მოვლის პროცესში მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილი ვართ ჩართული. ახლა უკვე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიცია ჩვენზე არ უნდა შეწყდეს და ჩვენს შვილებს გადავცეთ ესტაფეტა. მერე მათი საქმე იქნება, გააგრძელებენ თუ არა.

- თქვენი აზრით, რით გამოირჩევა ნატურალური ღვინო?

- ნატურალურ ღვინოში იგრძნობა დამოკიდებულება, პირველ რიგში, ვენახის, ტრადიციების, წინაპრების ხსოვნის მიმართ. ასევე, ჩანს, როგორ იშრომე, როგორი გული ჩადე, როგორ მოუარე,ზოგადად - როგორი ადამიანი ხარ. იგრძნობა ღვინის ხასიათიც და მთელი ისტორია  ყურძნის მოყვანიდან ღვინის დადუღებამდე - ყველა პროცესი სარკისებურად ჩანს და ნატურალური ღვინის შესმის დროს ამ ყველაფერს გრძნობ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. 

ზოგადად, ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი უდაოდ გაზრდილია. ამ პროცესში ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების დამსახურება დიდია. მავნე ტრადიციებიც ისტორიას ბარდება. მხედველობაში მაქვს წყლით და შაქრით ღვინის გაბევრება. გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთათვისაც ღვინის წარმოება მხოლოდ ბიზნესი არ არის, სულით და გულით მიუდგნენ საქმეს, მოკიდეს ხელი ძველი ტრადიციების აღორძინებას და ქართულ ღვინოს ქართული ხასიათი და სული დაუბრუნეს. 

ასევე, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ქართული ღვინის სახელი საზღვარგარეთ გაიტანეს და გააცნეს უცხოელებს ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო. ამ პროცესზე, ჩემი აზრით, დადებითად იმოქმედა 2006 წლის რუსულმა ემბარგომაც, რადგან რუს მომხმარებლებს გაზარმაცებული ყავდათ ქართველი ღვინის მწარმოებლები. ალტერნატიული ბაზრების გახსნამ, ქართველი მეღვინეები ტრადიციებს, ფესვებს დაუბრუნა. 

 

ლევან სებისკვერაძე