ასოციაციის ნიშანი ბუნებრივ ღვინოებზე და ყოველწლიური ინსპექტირება
ასოციაციის ნიშანი ბუნებრივ ღვინოებზე და ყოველწლიური ინსპექტირება

სიახლე24-07-2024

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ საიტს - NWA.GE-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ასოციაციის წევრი მარნების პროფილებზე გაჩნდა წარწერები - „ინსპექტირებულია“, „არ არის ინსპექტირებული”. ამ გზით ასოციაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, 2024 წელს რომელმა მარნებმა გამოხატეს სურვილი, გაიარონ ასოციაციის ინსპექტირება და სამომავლოდ მიიღონ ასოციაციის ნიშანი 2024 წლის მოსავლის ღვინოებზე. NWA.GE-ზე შესაძლებელი იქნება ასოციაციის ნიშნის მქონე ღვინოების ნახვაც.

 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ წევრი მარნების ყოველწლიურ ინსპექტირებას 2018 წლიდან ატარებს. ინსპექტირების პროცესი მოიცავს ასოციაციის ინსპექტორების ვიზიტებს წევრთა ვენახებსა და მარნებში,  ასევე - ვენახის მოვლის და ღვინის დაყენების პროცესის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლას. 

ვენახებში ვიზიტისას ინსპექტორები იკვლევენ, იცავენ თუ არა წევრები ასოციაციის მიერ დადგენილ წესებს და სტანდარტებს ვენახების მოვლისას; ნამდვილად კონტაქტური და ბიოპრეპარატებია თუ არა გამოყენებული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და მავნებლების წინააღმდეგ; ხომ არ არის სპილენძი დადგენილ დოზებზე მეტი რაოდენობით შეტანილი ვენახებში; ვაზის გასაძლიერებლად ნამდვილად ორგანული სასუქებია თუ არა გამოყენებული და ხომ არ არის გადაჭარბებული სასუქის დოზები; ბალახის გასანადგურებლად ხომ არ არის გამოყენებული ორგანულ მევენახეობაში სასტიკად აკრძალული ჰერბიციდები; ნიადაგის მოვლის მეთოდებით და საშუალებებით დაცულია თუ არა ნიადაგის ნაყოფიერება და ბიომრავალფეროვნება ვენახებში. გარდა ვენახების ადგილზე დათვალიერებისა, ინსპექტორები ეცნობიან ვენახის მოვლის ჩანაწერებს, რასაც წევრები წლის განმავლობაში აწარმოებენ და ინიშნავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რითაც ასოციაციის ინსპექტორებისთვის მიკვლევადი ხდება ერთი მხრივ, ვენახებში შესრულებული სამუშაოების ქრონოლოგია და მეორე მხრივ, გამოყენებული პრეპარატების და მეთოდების შესახებ ინფორმაცია. ასევე, წევრები ვალდებული არიან წარმოადგინონ წლის განმავლობაში შესყიდული პრეპარატების ზედნადებები, პრეპარატების საცავში არსებული ნაშთები და სხვა ნებისმიერი მტკიცებულებები, რაც კი ასოციაციას მიაწვდის ინფორმაციას ვენახებში განხორციელებული სამუშაოების და მეთოდების შესახებ.

მარანში ვიზიტისას ინსპექტორები იკვლევენ, რა ნედლეულს გადაამუშავებენ წევრები ყოველწლიურად და როგორ აყენებენ ღვინოებს; ხომ არ არღვევენ ბუნებრივი ღვინის დაყენების სტანდარტებს, რაც გულისხმობს მხოლოდ ტრადიციული, ბუნებრივი მეთოდების გამოყენებას როგორც დუღილის პროცესში, ისე ღვინოების გადაღებისას და შენახვისას. ასოციაცია მკაცრად კრძალავს ღვინოში ყოველგვარი ქიმიური ნივთიერებების, ასევე სელექციური საფუვრების, ენზიმების, გემოს მარეგულირებელი ღვინის მჟავების, ბექმეზის და სხვა ათასგვარი ინდუსტრიული დანამატების გამოყენებას. ასევე მკაცრად არის აკრძალული შაქრის გამოყენება - ღვინის ფალსიფიკაცია, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც აკრძალულია. 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ მკაცრად კრძალავს პარალელურ წარმოებას როგორც მევენახეობაში ისე მეღვინეობაში. ეს ნიშნავს, რომ ასოციაციის წევრს ორგანული ვენახის გარდა, დამატებით ცალკე არ უნდა ჰქონდეს კონვენციური ვენახი და ბუნებრივი ღვინის გარდა, დამატებით არ უნდა ჰქონდეს ინდუსტრიული მეთოდებით დამუშავებული ღვინო. ასოციაციის ინსპექტირების პროცესი წევრების მეურნეობაში ამ სტანდარტის დაცვის შემოწმებასაც მოიცავს.

2023 წლამდე ასოციაციის ინსპექტირების ვიზიტები სავალდებულო იყო ყველა წევრის ვენახებსა და მარნებში. 2023 წლიდან კი ინსპექტირების ვიზიტები ტარდება მხოლოდ იმ წევრებისთვის, ვინც ითხოვს ღვინოებზე ასოციაციის ნიშნის გამოყენებას. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ნიშანი ოფიციალურად ადასტურებს, რომ პროდუქტი ბუნებრივი ღვინოა. ბოლო წლებში ასოციაციის ნიშანი ღვინოებზე მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება. ასოციაციის ნიშნით წევრი მარნების ღვინოები უკვე წარმოდგენილია საქართველოს ბუნებრივი ღვინის ბარ-რესტორნებში და ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ღვინის ექსპორტიორებიც თანდათან უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას პროდუქტებზე ამ ნიშნის არსებობას. ამიტომაც ასოციაციის საიტზე, სულ მალე, წევრი მარნების მიერ დაყენებული ღვინოების პროფილებზეც გამოჩნდება ინფორმაცია, აქვს თუ არა ამ კონკრეტულ ღვინოს ასოციაციის ნიშანი.

ასოციაციის ნიშანი ენიჭება ასოციაციის წევრის მიერ ჩამოსხმული ღვინის კონკრეტულ ლოტს, რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირება ეროვნული ან საერთაშორისო ბაზრისთვის და გამზადებულია სარეალიზაციო ობიექტებში შესატანად ან საექსპორტოდ. ნიშნის გაცემისას, ინსპექტირების ვიზიტების შედეგების გარდა, ასოციაცია ასევე ყურადღებას აქცევს ლაბორატორიული გამოცდის ოქმის მონაცემებს და მხოლოდ იმ ღვინოს ანიჭებს ნიშანს, რომელშიც საერთო გოგირდის მოცულობა არ აღემატება 50 მილიგრამს ლიტრზე.

გარდა ინსპექტირების ვიზიტებისა, 2023 წლიდან ასოციაცია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩევს და გერმანიის ლაბორატორიაში აგზავნის ასოციაციის 10 წევრის ღვინოებს შესამოწმებლად. ლაბორატორია ამოწმებს, ღვინის ნიმუშში ხომ არ არის სისტემური ფუნგიციდის კვალი. როგორც წესი, სისტემური ფუნგიციდები აღწევს ვაზის არა მხოლოდ ნაყოფში, არამედ მთლიანად მცენარეში (აქედან პრეპარატის მოქმედების სახელწოდება - სისტემური) და ხანგრძლივი მოქმედების პერიოდის გამო, გადადის პროდუქტში - ღვინოში.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ შიდაკონტროლის მექანიზმის - ინსპექტირების და შესაბამისად, ინსპექტირებული მარნების მიერ ასოციაციის ნიშნის გამოყენების მიზანია მეტად სანდო და ცნობადი გახდეს ბუნებრივი ღვინო ბაზარზე, როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი მომხმარებლებისთვის. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ბუნებრივი ღვინოების და მათი მწარმოებლების შესახებ, რათა გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება ღვინის შესყიდვისას.