გურამ მაისურაძე: „საქართველოში მსუბუქი, ფეთქებადი და ხალისიანი ღვინოების ეპოქა დაიწყო“
გურამ მაისურაძე: „საქართველოში მსუბუქი, ფეთქებადი და ხალისიანი ღვინოების ეპოქა დაიწყო“

სიახლე01-07-2024

ბუნებრივი ღვინო მომხმარებლის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ განუზომელია ღვინის მაღაზიების, ბარებისა და რესტორნების როლი, რომლებიც ბუნებრივ ღვინოს მთელ მსოფლიოში ყიდიან და ამასთან ერთად ვირუსულად ავრცელებენ ცოდნას ნამდვილი ღვინის შესახებ, ქვევრის ღვინის ფენომენის შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამ ღვინოს ჩვენი პლანეტის ოთხივ კუთხეში ქმნიან და ყიდიან.

 

საქართველოში ბოლო წლებში მრავალი ღვინის მაღაზია და ბარ-რესტორანი გაიხსნა, მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელია ის ბარ-რესტორნები, რომლებიც აქცენტს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ღვინოზე აკეთებენ. ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი როლი აკისრია თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბუნებივი ღვინის ბარ-რესტორანს, „ჯივინოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს. 

 

„ჯივინოში“ არსებული ღვინის აბსოლუტური უმრავლესობა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ მეღვინეებს ეკუთვნით. ბარის მფლობელები - გურამ მაისურაძე და გიორგი აივაზიანი, ასევე, ასოციაციის წევრი მეღვინეები არიან. 

 

NWA.GE „ჯივინოს“ თანამფლობელს, გურამ მაისურაძეს ესაუბრა. იგი, „ჯივინოს“ გუნდთან ერთად, არა მხოლოდ ყიდის სხვადასხვა მცირე მარნის ღვინოებს, არამედ ცდილობს, დიანტერესებულ ადამიანებს ამ მარნების ისტორიაზე, ღვინის კონკრეტულ ნიმუშებზე და ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის ფილოსოფიაზე ესაუბროს.     

 

გურამ მაისურაძე, მეღვინე, ღვინის ბარ „ჯივინოს“ წარმომადგენელი: „შემიძლია ვთქვა რომ ბოლო 10 წელია ნატურალურ ღვინოსთან ერთად ვიზრდები და ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს. 2014-2015 წლებში, როდესაც ბარი გავხსენით, ხალხი ირონიით უყურებდა ბუნებრივი ღვინის ამბავს. დღეს რადიკალურად შეცვლილია სიტუაცია და ყველა წელი მზარდია მოთხოვნების და ინტერესების თვალსაზრისით. თუნდაც, შევხედოთ ბუნებრივი ღვინის ფესტივალებს, რომლებსაც ასოციაცია ატარებს. ჩანს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოდის ჩვენთან და მათი ცოდნაც ყოველ წელს მეტია. ასევე, მარნების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება და რაც მთავარია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იწყებენ არა მხოლოდ ღვინის მოხმარებას და ღვინის ბარებში სიარულს, არამედ სოფლებში თავად დაიწყეს თუნდაც მცირე მოსავლის მიღება და ღვინის დაყენება. მიხარია, როდესაც ვხედავ 26-27 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ღვინის დაყენებით არიან დაინტერესებული. ეს არის მზარდი პროცესი და ასჯერ უფრო გაზრდილია იმასთან შედარებით, რაც იყო 10 წლის წინ. 

 

- თქვენი დაკვირვებით, ბუნებრივი ღვინით განსაკუთრებით რომელი ასაკის და კატეგორიის ადამიანები არიან დაინტერესებული?

 

- ცოტ-ცოტა თითქმის ყველა სფეროდან გვხვდება დაინტერესებული ადამიანი, მაგრამ თვალში მე რაც ყველაზე მეტად მხვდება, ისაა, რომ უფრო ახალგაზრდა ხელოვანი ადამიანები - მომღერლები, მსახიობები არიან დაინტერესებული, ასევე - სტუდენტები. ეკონომიკური სექტორი (ბანკირები და სხვა) ცოტა თავშეკავებულად არიან და უფრო მეტად ღვინის ფასებზე აკეთებენ აქცენტს. მათ ხშირად ჰგონიათ, რომ ხარისხის მთავარი განმსაზღვრელი ღვინის სიძვირეა.

 

- განსაკუთრებით რომელი ტიპის და სტილის ღვინოებია პოპულარული გაყიდვების კუთხით? ანიჭებს თუ არა მომხმარებელი ქვევრის ღვინოს უპირატესობას?

 

- ქვევრი რომ მოწინავე პოზიციაზეა, მაგაზე უკვე აღარ ვკამათობთ. ბოლო დროს ქვევრში უჭაჭოდ დაყენებულ ღვინოზეც დიდია მოთხოვნა. ბევრ ახალბედას ჰგონია, რომ ქვევრის ღვინო მაინცდამაინც მძიმე უნდა იყოს, მაგრამ მერე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ქვევრის ღვინო შეიძლება მსუბუქი, მაღალმჟავიანი და უჭაჭოდ დაყენებულიც იყოს. ბოლო წლებში ქვევრის მსუბუქ ღვინოებს ითხოვენ განსაკუთრებულად და ეს ახალ ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს. საქართველოში უკვე ჭირს ძლიერი ქარვისფერების და მძიმე წითელი ღვინოების გაყიდვა. ახლა დაიწყო მსუბუქი, ფეთქებადი და ხალისიანი ღვინოების ეპოქა. ასევე, ძალიან მოდურია სიდრები, პეტნატები და ახალი ტიპის მსუბუქი, მარტივი ღვინოებიც. რა თქმა უნდა, არავინ აკნინებს კარგ კახურ ქვევრის სრულჭაჭიან ღვინოს, მაგრამ რაკი ციფრებზე ვლაპარაკობთ, ციფრები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქვევრის, მაგრამ მსუბუქი ღვინოა ახლა მოდაში. 

 

- შეგიძლია გვითხრა განსაკუთრებით პოპულარული მარნები?

 

- კონკრეტულად არ მინდა პოპულარული მარნების გამოყოფა, მაგრამ ცხადია, არიან მარნები, რომლებსაც სხვებზე ბევრად მეტი ცნობადობა და აქვთ ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში. ჩვენი მიზანია ახალბედა მარნების ღვინოც პოპულარული გავხადოთ, რადგან სწორედ ასე შეიძლება განვითარდეს და წინ წავიდეს მცირე მარნების წარმოება.

 

- ძირითადად, რომელ საფასო სეგმენტებს მოიცავს ბუნებრივი ღვინო? ასევე გვითხარით რომელია ყველაზე ძვირფასი ღვინოები, რასაც თქვენ ყიდით?

 

- ბუნებრივი ღვინოების, ფასები, ცხადია განსხვავებულია. ეს მარნებზეც არის დამოკიდებული და ამა თუ იმ ღვინის პოპულარობაზეც. ყველაზე ძვირიან ღვინოებს რაც შეეხება, სხვადასხვა დროს გვქონია მერაბ მათიაშვილის და ლექსო ციხელიშვილის დაძველებული, სარეზერვო, მართლაც გამორჩეული ღვინოები და ასევე იაგო ბიტარიშვილის ღვინო, რომელთა ფასი 100 ლარი და მეტი იყო. 

 

- საინტერესოა მომხმარებლები ინტერესდებიან თუ არა კონკრეტული ნიმუშების რაობით, როგორ დამზადდა, ვინ არის მწარმოებელი და სხვა...

 

- რა თქმა უნდა, ინტერესდებიან კონკრეტული ნიმუშების წარმომავლობით და პირველყოვლისა - მარნებით. ასევე ხშირად გვეკითხებიან, არის თუ არა ღვინო ბუნებრივი, მშრალი, სად არის ვენახი და ა.შ. ღვინით პროფესიულად დაინტერესებული ადამიანები, ცხადია, უფრო კონკრეტულ და საინტერესო კითხვებს სვამენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაინტერესებულან ნატურალური ღვინის ფენომენით და იმ ორგანიზაციითაც, რომელიც ბუნებრივი ღვინის დამყენებელ მარნებს აერთიანებს. 

 

ბოლო დროს სამწუხაროდ ბევრმა მარანმა თვითნებურად დაარქვა მათ ღვინოს ნატურალური. ამ დროს შეიძლება იმ მეღვინეს წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რა არის ბუნებრივი ღვინო და განსაზღვრება აქვთ მარტივი, რომ ღვინოში არ ხმარობენ საფუარს. თუმცა, ნატურალური და ბუნებრივი ღვინის იდეა მათგან შორსაა. ამ ადამიანებს, ცხადია, აქვთ უფლება საკუთარ ღვინოს რაც სურთ ის დაარქვან, მაგრამ სასურველია, ღვინის დამყენებელ ადამიანებში (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები) იყოს ბუნებრივ ღვინოსთან დაკავშირებით მეტი ცოდნა და ეს მეღვინეობის სფეროს ძალიან წაადგებოდა.

 

- თუ გაქვთ სხვა ქვეყნებში წარმოებული ბუნებრივი ღვინოები და რამდენად დიდია მათზე მოთხოვნა?

 

- ჩვენს ბარში პირველად 2017 წელს შემოვიტანეთ ევროპული (ფრანგული და იტალიური) ნატურალური ღვინოები და რთულად, მაგრამ მაინც ვეცადეთ გაგვეცნო ხალხისთვის. უნდა ვაღიარო, რომ ინტერესი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მცირე რაოდენობით ევროპული (ძირითადად - ფრანგული) ბუნებრივი ღვინო წელსაც შემოვიტანეთ. ახლა თითქოს უფრო არის მოთხოვნა, მაგრამ ინტერესი მაინც მცირეა და კარგად ვიცით, რომ ამ კუთხით ბევრი მუშაობაა საჭირო. გვინდა, ჩამოვიტანოთ ხოლმე არა მარტო ფრანგული, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ღვნოები, რაც ქართველ მომხმარებლებში გაზრდის ღვინის ცოდნას, თვალსაწიერს. 

 

თუმცა, ჩვენთვის უმთავრესი მიზანი მაინც ისაა, რომ მომხმარებელს ქართული ბუნებრივი ღვინო შევაყვაროთ და დავარწმუნოთ მის განსაკუთრებულობაში. უნდა ამაღლდეს ღვინის მოხმარების კულტურა და ამის შემდეგ უკვე ყველაფერი შესაძლებელი იქნება! 

 

ლევან სებისკვერაძე