Blog . 25-10-2023
ზესტაფონის ბუნებრივი ღვინო - ოთხი მარანი
იმერეთი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური კუთხე იყო. თუმცა, მთელს იმერეთში ცხადია ერთნაირი თვისებების, ხარისხის და პოტენციალის ღვინოები არ მზადდება. ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებს, იმერეთსაც აქვს თავისი გამორჩეული კუთხეები და ერთ-ერთი მათგანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, რომელიც აერთიანებს ქალაქ ზესტაფონს და მის შემოგარენ სოფლებს. განსაკუთრებით კი გამოსარჩევია ბაღდათის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების მოსაზღვრე სოფლები: სვირი, კლდეეთი, კვალითი, ქვედა საზანო და სხვა.
ზესტაფონში, ისევე როგორც თითქმის მთელ საქართველოში ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და ამ სახით გაყიდვა მეფის რუსეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, როდესაც ქუთაისელმა სირაჯებმა გადაწყვიტეს რუსეთში ღვინო ევროპული შეფუთვით ანუ ბოთლით გაეტანათ.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1946 წლის საერთო აღწერის მონაცემებით, იმერეთში ვენახები დაახლოებით 2 000 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამ ვენახების უმეტესობა საბჭოთა კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა, მოწეული მოსავლისგან მიღებული ღვინო კი ძირითადად რუსეთში, ბელორუსიასა და უკრაინაში იყიდებოდა.
იმის გამო, რომ იმერული ღვინო ბუნებრივი ცქრიალით გამოირჩევა, მე-19 საუკუნეშივე ღვინის ტექნოლოგებმა ცოლიკოურისგან ცქრიალა ღვინის (ე.წ. შამპანურის) წარმოება დაიწყეს. თუმცა, დღეს ევროპელი მომხმარებლისთვის იმერული ღვინის ჯიშები არანაკლებ საინტერესოა ევროპული ტიპისა და ქართული (ქვევრის) ღვინოების დასაყენებლადაც. ბოლო პერიოდში ამას არაერთი უცხოელი ღვინის სპეციალისტი აღიარებს.
დღევანდელი მონაცემებით, მთელ ზესტაფონში ვენახები რამდენიმე ასეულ ჰექტარსღა ითვლის. სასიხარულოა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არის რამდენიმე მარანი, რომელიც ღვინო ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინეობის წესების დაცვით აყენებს. მათ შორისაა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ოთხი წევრი მარანიც. სწორედ ამ მარნების დამსახურებაა, რომ ზესტაფონის ბუნებრივმა ღვინომ ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ გამოფენებში - ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, ვერონაში, რომში მიიღო მონაწილეობა და ყველგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასოციაციის წევრი მევენახე-მეღვინე არჩილ გუნიავა ერთ-ერთია, ვინც ნატურალური მეღვინეობის უპირატესობა ადრევე აღიარა. იგი უკვე 15 წელზე მეტია, იმერეთში, სოფელ კვალითში იმერეთში გავრცელებული ყურძნის სხვადასხვა ჯიშისგან აყენებს ღვინოებს, ძირითადად - ჭურებში. „არჩილ გუნიავას მარანი“ ფლობს სულ 1.2 ჰა ვენახს, სადაც გაშენებულია ვაზის იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ძელშავი, მგალობლიშვილი, მჭკნარა დონდღლაბი. ღვინოს უკვე ყიდიან ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, პოლონეთში, იტალიაში. ბოლო პერიოდში მარნის ღვინოებით იაპონელებიც დაინტერესდნენ. როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში კვალითური ღვინოები განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
ასოციაციის ერთ-ერთი ახალი წევრია, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო საზანოში არსებული კაპანაძეების ტრადიციული მარანი, სახელწოდებით „კაპის მარანი“. მარანი ეკუთვნის მამა-შვილს, გოგი და დავით კაპანაძეებს. კაპანაძეების მარანი და ვენახი ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრზე მდებარეობს. ამჟამად ორი დასახელების ღვინოს - ციცქა-ცოლიკოურის კუპაჟს და ოცხანურ საფერეს ამზადებენ მხოლოდ მათ მცირე ვენახში მოწეული ყურძნიდან. თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშებისგან მიღებულ ყურძნის წვენს ადუღებენ და ინახავენ ჭურში, ოცხანური საფერესთვის კი ფოლადის უჟანგავ ცისტერნებს იყენებენ. დათო კაპანაძე დიდი ხანია დაინტერესებულია დისტილერიით და ტრადიციული ჭაჭის გარდა, სხვადასხვა სახის ხილის არყებსაც ხდის, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერიმენტული სახით ამზადებს.
მევენახე-მეღვინე გიორგი მშვენიერაძეს საზოგადოება უმეტესწილად უფლებადამცველად იცნობს. რამდენიმე წელია მან ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროში „მშვენიერაძეების მარანი“ აამოქმედა.მშვენიერაძეები ძირითადად იმერული ვაზის ჯიშებით არიან დაინტერესებული. საკუთარ ვენახში გაშენებული აქვთ: ციცქა, ცოლიკაური, ძელშავი, ოცხანური საფერე და კრახუნა. თავიდან იმერული ტიპის ღია მარანი ჰქონდათ, შემდეგ დახურული მარანი ააშენეს (10 ტონის მოცულობის ქვევრები ჩაყარეს). სწორედ აქ ხდება ღვინის ჭურებში დაყენება და დავარგებაც. ბოლო დროს დაიწყეს მცირე რაოდენობით ე.წ. პეტ-ნატის და ლუდის წარმოებაც. ღვინოს ძირითადად ადგილზე ყიდიან. მცირე რაოდენობით გააქვთ აშშ-შიც.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ კიდევ ერთი წევრის, „ამირან ვეფხვაძის მარანი“ ზესტაფონის მუნიპალიტეტის სოფელ კლდეეთშია. აქვეა მარნის კუთვნილი ვენახები - მდინარე აჯამურას აღმოსავლეთით და მდინარე ყვირილას სამხრეთით, ანუ ორ მდინარეს შორის მცირე დელტაზე. ამირან ვეფხვაძე ერთ-ერთი პირველი ზესტაფონელი მევენახე-მეღვინეა, რომელიც ბუნებრივი მეღვინეობით დაინტერესდა და ამ წესებს და ტრადიციებს დღემდე ერთგულობს.
ამირან ვეფხვაძე ღვინოს იმერული წესით ჭურში აყენებს. ვენახს ორგანული წესებით უვლის და მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით წამლავს. გაშენებული აქვს: ცოლიკოური, ციცქა, ოცხანური საფერე და კრახუნა. ღვინოს ძირითადად საქართველოში და დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ყიდის.
ზესტაფონის მევენახეობა-მეღვინეობის დიდი ისტორია დღეს პირველყოვლისა მცირე მარნებში გრძელდება, რადგან სწორედ ამ მარნებმა შეინარჩუნეს ვენახის მოვლის და ღვინის ბუნებრივად დაყენების ძველი ხერხები და მეთოდები. ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!
ლევან სებისკვერაძე