ქართული ბუნებრივი ღვინო პარიზში
ქართული ბუნებრივი ღვინო პარიზში

სიახლე04-03-2024

11 და 12 თებერვალს პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინის ფესტივალში - RAW Wine Paris საქართველოდან 12 მარანი მონაწილეობდა. ცნობილი ღვინის მაგისტრის, იზაბელ ლეჟერონის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მეღვინეები თითქმის მთელი ევროპიდან, ავსტრალიიდან და ამერიკიდან ჩავიდნენ.

ტრადიციულად, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მარნებს მხარს უჭერს, მონაწილეობა მიიღონ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების ამ მნიშვნელოვან ფორუმში. სააგენტოს მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, ახალი სავაჭრო პარტნიორობის მოძიება და გლობალურ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ფესტივალზე იმყოფებოდა სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავს გამოფენებზე, ტრადიციულად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის  საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

გამოფენებზე ქართული სტენდები დაათვალიერა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმაც.

საქართველოდან პარიზის RAW Wine 2024-ში მონაწილეობდნენ მარნები:

„ანაპეა“          

„ანდრიას ღვინო“     

„ართანა ვაინერი“    

„დემის მარანი“

„დო რე მი“    

მარანი „იორა“          

„ჯაყელის ორგანული ღვინო და ვენახები“          

„ლომთაძეების მარანი“      

„მალატი“       

„თილისმა“    

„ვეჯინის ღვინის სახლი“

„ველინო“

ქართველი მეღვინეების შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი RAW Wine Paris განსხვავებული იყო. შარშანდელი პარიზის ფესტივალის სტუმრები, როგორც წესი, ღვინის ენთუზიასტები და მოყვარულები იყვნენ. წელს კი ღვინის პროფესიონალები ჭარბობდნენ.

ფესტივალზე ბუნებრივი ღვინით დაინტერესებული ადამიანები არა მხოლოდ საფრანგეთიდან, არამედ აშშ-დან, კანადიდან, შვედეთიდან, ლიეტუვიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდანაც ჩავიდნენ. 

როგორც პარიზის ფესტივალის მონაწილე მეღვინეები ამბობენ, წელს (განსაკუთრებით კი ფესტივალის პირველ დღეს) ქართული ღვინის სტენდებთან სტუმრების ნამდვილი ბუმი იყო, რაც ორ საკითხს უკავშირდება. აშკარაა, რომ RAW Wine Paris-ის ორგანიზატორებმა 2024 წელს ბევრად უკეთ გააპიარეს ეს ღონისძიება და ბევრ პროფესიონალს მიაწვდინეს ხმა. ქართულ სტენდებთან ასეთი არნახული ხალხმრავლობა შესაძლოა იმის დამსახურებაც იყო, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის ამდენი ნიმუში ერთად, ერთ ღონისძიებაზე აქამდე იშვიათად წარმოდგენილა.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღვინის ზადების კუთხით RAW Wine Paris-ზე წარმოდგენილი ქართული ღვინო განსაკუთრებულად ჯანსაღი და სრულყოფილი იყო და ამას ფესტივალის სტუმრების გარდა, ღვინის პროფესიონალებიც აღიარებდნენ.

RAW Wine Paris 2024-ის საბოლოო შედეგები სულ მალე გამოჩნდება,  როდესაც გაირკვევა რამდენმა მარანმა შეძლო გარიგების შედეგად თავისი ღვინის ევროპასა თუ ამერიკაში გატანა. მოლაპარაკებები და სიტყვიერი გარიგებები კი ასეთ ფესტივალებზე ჩვეულებრივი ამბავია და ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი ქართველი მეღვინეებისთვის ევროპის ღვინის ფესტივალები, სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, ამიტომაცაა საინტერესო.

იზაბელ ლეჟერონის მიერ ორგანიზებული ფესტივალები, სახელწოდებით - RAW Wine, მსოფლიოს მრავალ ქალაქში (კოპენჰაგენი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, სან ფრანცისკო, ნიუ იორკი, ტოკიო და სხვა) იმართება. საქართველოდან მასში მონაწილეობა მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ მარნებს შეუძლიათ. ასოციაციის წევრები ვენახებს მხოლოდ ორგანული წესებით უვლიან, ღვინოში კი ინდუსტრიულ დანამატებს და მინარევებს არ იყენებენ. 

 

ლევან სებისკვერაძე