გზა ბუნებრივ ღვინომდე
გზა ბუნებრივ ღვინომდე

სიახლე24-01-2024

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში პოპულარული ტენდენციაა წარსული შეცდომების გადააზრება და „ფესვებთან დაბრუნება“. ეს ტენდენცია ბევრ სფეროში გამოიხატა, მათ შორის - კვების კულტურაში. ადამიანები თანდათან ხვდებიან, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტაზე დაწყებულმა მასობრივმა ინდუსტრიალიზაციამ უარყოფითი შედეგებიც მოიტანა და პროდუქტის რაოდენობის გაზრდის პარალელურად, დაეცა ხარისხი და დაიკარგა გემოვნური თვისებები, ხოლო მთელი რიგი ტრადიციები გაქრა.

 

მასობრივი ინდუსტრიალიზაცია განსაკუთრებით მწვავედ იწვნია მეღვინეობის სფერომ. მოსახლეობის რაოდენობის განუხრელმა ზრდამ და ღვინის  პოპულარიზაციამ გააჩინა ბევრი და იაფი ღვინის საჭიროება, რასაც ძველი და ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებში ვენახების მასობრივი გაშენება მოჰყვა. ამის პარალელურად, ღვინის დიდმა საწარმოებმა სხვადახვა სახის რისკები მინიმუმადე დაიყვანეს, შეიქმნა ღვინის სტანდარტები, რამაც ღვინის წარმოება კონვეირულ ჩარჩოებში მოაქცია. დაიწყეს ღვინის ქიმიური დამუშავება, სასმელში ალკოჰოლის მოცულობის ხელოვნური კონტროლი, ღვინის რაოდენობის გაბევრება, არომატიზატორებით გემოებზე ზემოქმედება, ხელოვნური საფუვრებით დუღილის კონტროლი და ა.შ. ამ ყველაფრის გამო, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟს კაცობრიობა მასობრივად ერთსახოვანი ინდუსტრიული ღვინით შეხვდა, სადაც დაიკარგა ჯიშურობა, ადგილწარმოშობის უნიკალურობა, დამახასაითებელი გემოები, ტრადიციული საღვინე ჭურჭლის მოხმარების კულტურა და მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩნენ ადამიანები, რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ და ახერხებდნენ ღვინის ძველი, ბუნებრივი მეთოდებით დაყენებას. ამ ტიპის ღვინოები უმეტესაც ოჯახებში მოიხმარებოდა, რადგან ბუნებრივი ღვინისადმი და ღვინის ძველი, ტრადიციული მეთოდებისადმი იყო სრული გაუცხოება და მეტიც - ამგვარი ღვინო დაცინვის და გაკილვის საგანიც იყო.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მეღვინეობაში ერთგვარი რენესანსის ეპოქა, როდესაც 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულიდან სხვადასხვა ქვეყანაში გამოჩნდნენ ღვინის ბუნებრივი მეთოდებით, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე დამყენებელი ადამიანები. მათ შექმნეს ასეთი მარნების გაერთიანებები და დაიწყეს ბუნებრივი ღვინის ფესტივალების ჩატარება. საქართველოში ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნების გაერთიანება ასოციაცია „ბუნებრივმა ღვინომ“ ითავა.

NWA.GE დაინტერესდა როგორ და რატომ დაიწყეს ბუნებრივი ღვინის დაყენება ასოციაციის წევრებმა და რა გზა გამოიარეს. ერთ მცირე სტატიაში ცხადია ყველა ამბავი ვერ მოხვდება, მაგრამ ეს ისტორიები მაინც გვაჩვენებს ზოგად ტენდენციას და იმ ძვრებს, რაც ახლა ქართულ მეღვინეობაში ხდება.         

ქეთევან ჰუბერტი, „მეღვინეობა თილისმა“: „მე პროფესიით არ ვარ მეღვინე და აგრონომი. ჯერ გასინჯვით და შეყვარებით დაიწყო ბუნებრივი ღვინო. ცოცხალია, არაფერს არ გავს და ყველა მოსავლის წელი ძალიან ინდივიდუალურია. ნატურალური ღვინის დაყენება ძალიან შემოქმედებითია. ასევეა ორგანული ვენახის მოვლა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა წელს ამინდი ძალიან განსხვავდება და ვერაფერს წინასწარ ვერ გათვლი და დაგეგმავ“.

სოსო მარტიაშვილი, „მარტიაშვილის მარანი“: ბუნებრივი ღვინის მიმართულება ავირჩიე მარტივი მიზეზის გამო - მაქვს მცირე რაოდენობის ვენახი და ვაწარმოებ მცირე რაოდენობით ღვინოს. შესაბამისად, ხარისხი აქ მთავარია! თუ მეღვინეს უნდა, საუკეთესო ღვინო დააყენოს, აუცილებლად ორგანული უნდა იყოს ყურძენი. მხოლოდ ასე შეიძლება მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება. ჩემთვის „ბუნებრივი“ ნიშნავს, რაც ნაკლებად ჩაერევა ადამიანი როგორც ყურძნის მოყვანის ისე ღვინის დაყენების პროცესში. ბავშვობიდან ვარ ჩართული ამ საქმეში და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ხელით მოვუარო ვენახს. იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა უყურებ, როგორ იზრდება ყურძენი, მწიფდება და მთელი წლის ნაშრომი მაშინ გიფასდება, პირველ ჭიქას როცა გასინჯავ და მიხვდები, რომ ტყუილად არ გიწვალია“.

 

გიორგი ტყეშელიაძე, „ბაბას მარანი“: „ორგანული ვენახი და ბუნებრივი ღვინო შემაყვარა მამაჩემმა, რომელიც მიჰყვებოდა ჩვენი ოჯახის ტრადიციას და ადათს, სადაც ღვინო აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბუნებრივი. მე ამაყი ვარ იმით, რომ მაქვს ჩემი ვენახები და ვაწარმოებ ბუნებრივ ღვინოს. ეს ზუსტად ის სწორი გზა და საქმეა, რასაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ვერ შევცლი და ეს იქნება ჩემი სამომავლო მიმართულებაც…“

 

გიორგი აივაზიანი, „მანავი ვაინს“: „რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვაფასებ პროდუქტებს მათი ბუნებრივი თვისებებით და არა იმით, რამდენად კარგად არის „გამოყვანილი“ მათი გემო. ნატურალური ღვინო ჩემთვის ბევრად უფრო ავთენტური და ცოცხალია. ავთენტური იმიტომ, რომ იდეალურად ასახავს იმ წელს, ადგილმდებარეობას და მის შემქმნელ მეღვინეს, ხოლო ცოცხალი იმიტომ, რომ არ არის გაჯერებული სხვადასხვა ხელოვნური ნივთიერებებით. ეს ბუნებრივი სიცოცხლე გემოშიც მნიშვნელოვნად აისახება.  შეიძლება სადღაც სიმჟავე იყოს ოდნავ მაღალი, ტანინი არასაკმარისად მწიფე ან თუნდაც ღვინოს ჰქონდეს შემღვრეული შეფერილობა, მაგრამ მიუხედავად ასეთი შესაძლო არაიდეალურობისა, სწორედ ეს ბევრად ავთენტური „დაუმუშავებელი“ გემო არის ღვინის ერთადერთი ფორმა, რომელიც ძალიან რთულია რამე ხელოვნურად შექმნილში გაცვალო“.

 

მალხაზ მშვილდაძე, „ბაღდათის მამულები“: „2009 წლიდან ჩვენ ბუნებრივი მევენახეობის პრინციპებს ვიცავთ. ჩემთვის ყველაფერი „ღვინის კლუბიდან“, მისი ლექციებიდან და ასევე ინტერნეტფორუმიდან დაიწყო, სადაც ბუნებრივი ღვინის და ორგანული ვენახების შესახებ ბევრი იწერებოდა. ვფიქრობთ, ბუნებრივი სოფლის მეურნეობისკენ სვლა ის ნიშაა, რაც საქართველომ უნდა დაიკავოს. ბუნებრივი ღვინო ჩვენი ოჯახისთვის ტრადიციული ფასეულობაა, რაც უნდა დავიცვათ და რასაც უნდა გავუფრთხილდეთ!“

 

მარინა კაკიაშვილი-რუაძე, „ექიმის ბიო-მარანი“: „ვენახის გაშენებისთანავე ვფიქრობდით, რომ ჩვენი ღვინო ბუნებრივი უნდა ყოფილიყო და თავიდანვე ბიომეთოდებით ვუვლიდით ვაზს. ღვინის დაყენების და მოვლის მეთოდებიც მხოლოდ ბუნებრივი ღვინის რეგულაციის ფარგლებში ხდება.  ბუნებრივი, ჯანსაღი ღვინო არა მარტო სუფრის მშვენებაა, არამედ მისი ზომიერად მოხმარება პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის კარგი. ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება“.

 

ნინო მუშკუდიანი, „მუშკუდიანის მარანი“: „ბუნებრივი ღვინო ეს ჩვენი მხარისთვის - ლეჩხუმისთვის ტრადიციაა - ტრადიცია, რომელიც მომავალია. ჩემთვის ბუნებრივი ღვინო ეს არის ძველის ახალი სიცოცხლე“.

 

ანასტასია ახვლედიანი, მეღვინეობა ართანა: „ბუნებრივი ღვინის მიმართულება სოლიკო ცაიშვილის რჩევით ავირჩიეთ. მევენახეობა-მეღვინეობაში როცა ჩავერთეთ, გაგვიმართლა, რომ სოლიკომ გვასწავლა და დაგვეხმარა, ბუნებრივად გვეკეთებინა ყველაფერი. ბუნებრივი ღვინო ცოცხალი და განსაკუთრებულია. ყველა წელი განსხვავებულია და საინტერესო. ამის გარდა კონკრეტული წლის ღვინო იცვლება დროში, თვეების, წლების მანძილზე და ეს ჯადოსნური და განსაკუთრებული ამბავია“.

 

ხატია დარგუაშვილი, „ანაპეა“: „დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ღვინის წარმოებაში ამოვყავით თავი შუაგულ თბილისიდან. სოციოლოგიიდან-ღვინომდე არც თუ ისე მოკლე გზა გავიარეთ და დღემდე გავდივართ. ბუნებრივ მეღვინეობას არ აქვს დასაწყისი და დასასრული. ის მუდმივი უწყვეტი ციკლია, რაშიც ან ებმები ბოლომდე ან არ ებმები. ცოტა ბუნებრივი და ცოტა არაბუნებრივი ვერ იქნები. ან ხარ ან არ ხარ. ზუსტად ეს მხიბლავს და მოვიხიბლეთ თავიდანვე, როცა სრულიად ცარიელ, უკაცრიელ მიწაზე დავიწყეთ ეკოსისტემის მშენებლობა. გადავწყვიტეთ ჩვენი წილი ვალდებულება აგვეღო დედამიწის წინაშე და ეს მიწა გადაგვერჩინა, გაგვეჩინა ჩიტები, ჭიაყელები მიწაში, დაგვერგო ბევრი ხე, გაგვეშენებინა 34-მდე ჯიშის ყურძნის ვენახი და აგვეშენებინა მარანი, სადაც მხოლოდ ქვევრი იქნებოდა და სადაც მხოლოდ ბუნებრივი ღვინო დაიწურებოდა. უამრავ წინაღობას, სირთულეს გადავაწყდით. ისიც გვიფიქრია, იქნებ დავანებოთ თავი ამ საქმეს, მაგრამ ჩვენი მეგობრების დახმარებით (ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს ვგულისხმობ) მივიღეთ უამრავი რჩევა, რეკომენდაცია, შრომის შედეგიც დავინახეთ და მოვედით დღემდე“.

 

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოში“ გაერთიანებული ყველა მარნის შექმნის და ჩამოყალიბების ისტორია უნიკალური და განსაკუთრებულია. ეს ადამიანები სხვადასხვა გზებით მივიდნენ ბუნებრივი ღვინის ფილოსოფიამდე და ახლა ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით ქმნიან კარგად დავიწყებულ ძველ და რეალურად ახალ ქართულ ღვინოებს, რომელთა დიდი ნაწილი დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იყიდება.

 

ლევან სებისკვერაძე