ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ 2024 წლიდან წევრებს ახალი წესებით მიიღებს
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ 2024 წლიდან წევრებს ახალი წესებით მიიღებს

სიახლე25-12-2023

2024 წლიდან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრად მიღების წესები იცვლება. შეიძლება ითქვას, რომ გაწევრიანება უფრო რთული იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ყოველწლიურად ათობით მარნის მზარდი ინტერესის მიუხედავად, ასოციაციის რიგები უსასრულოდ ვერ გაიზრდება, რადგან ამას ახლავს ხარისხის დაკარგვის მაღალი რისკები. თუმცა, ასოციაციის კარიც არ იკეტება და კვლავ არის შესაძლებელი, შეივსოს მისი რიგები რჩეული მარნებით.

 

ასოციაციის დამფუძნებლების აზრით, ეს გადაწყვეტილება ყოველმხრივ სასარგებლო იქნება როგორც ასოციაციისთვის ასევე, ზოგადად, სხვა მცირე მარნებისთვისაც, რომლებიც მომავალში ჩამოაყალიბებენ მსგავს გაერთიანებებს, რაც დარგს უფრო მრავალფეროვანს გახდის და შესაბამისად, გააძლიერებს. ამის კარგი მაგალითია ბოლო პერიოდში მომრავლებული ფესტივალები, რომლებიც ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებთან - Zero Compromise-სთან და „ამერიმერთან“ არიან დაკავშირებულები. ეს ფესტივალები, ფაქტობრივად, ბუნებრივი ღვინის კვირეულებად გადაიქცა, რაც ღვინით დაინტერესებული ადამიანების კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.

 

ვინაიდან ასოციაციაში ადგილები შეზღუდული იქნება, 2024 წლიდან ყოველ წელს ასოციაცია თვითონ გადაწყვეტს, რამდენი ახალი წევრი შეიძლება მიიღოს თავის რიგებში და შესაბამისად, კანდიდატები წინასწარ დაგეგმილ ვაკანსიის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატს რეკომენდაციას უნდა უწევდეს, სულ მცირე, ასოციაციის 3 წევრი. 

 

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც 2024 წლიდან ასოციაციაში გაწევრიანების მსურველებს შეეხება, არის ორწლიანი დაკვირვების პერიოდი - პირველადი ინსპექტირება, რომლის სრული პროცედურა გაგრძელდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში და მოიცავს მინიმუმ 2 დაგეგმილ ვიზიტს ვენახ(ებ)სა და მარანში. ასოციაცია ვალდებულია, კანდიდატის განაცხადის მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში გადაწყვიტოს შეარჩევს თუ არა წევრობის კანდიდატს ინსპექტირებისათვის და აცნობოს მას ამის შესახებ. 

წევრობის კანდიდატის განაცხადის მიღებიდან 2 კალენდარული წლის განმავლობაში ასოციაცია ახორციელებს კანდიდატის ვენახ(ებ)ისა და მარნის როგორც დაგეგმილ, ასევე დაუგეგმავ ინსპექტირებას. ინსპექტირებისას ასოციაციის წესებთან შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი არ მიიღება ასოციაციის წევრად. ასოციაციამ ეს უფლებამოსილება შეიძლება გამოიყენოს ინსპექტირების პირველივე წელს. ასოციაციამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყვიტოს კანდიდატთან შეთანხმება თუკი კონკრეტული მიზეზით მისი გაწევრიანების წინააღმდეგია ასოციაციის დამფუძნებელ წევრთა ნახევარზე მეტი.

 

ტრადიციულად, ასოციაცია ყველა კანდიდატთან აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც გაწერილია პირობები, რაც უნდა დააკმაყოფილოს ასოციაციაში გაწევრიანების ყველა მსურველმა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ასოციაციის წევრობის კანდიდატი იზიარებს ასოციაციის მიზანს, ხელი შეუწყოს ბუნებრივი მევენახეობა-მეღვინოების განვითარებას საქართველოში და წევრად მიღების შემთხვევაში, იღებს ვალდებულებას დაიცვას ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ძირითადი პრინციპები და მიმართულებები. შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, კარგად გაეცნოს ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებასაც (დანართი 1), რათა წინასწარ იცოდეს, რა პასუხისმგებლობას აიღებს ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ და როგორ უნდა დაიცვას წევრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები. 

 

თავდაპირველად წევრობის კანდიდატმა სრულყოფილად უნდა შეავსოს წევრობასთან დაკავშირებით ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული განაცხადი (დანართი 2) და იანვრიდან მარტის ბოლომდე პერიოდში გაგზავნოს ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე - info@nwa.ge. მარტის შემდგომ გაგზავნილი განაცხადი განხილული იქნება მომდევნო წელს.

 

ინსპექტირების დაწყებამდე კანდიდატმა უნდა გადაიხადოს საწევრო გადასახადის პირველადი შენატანი არაუგვიანეს 1 აპრილამდე. საწევრო გადასახადის დაანგარიშება ხდება ვენახ(ებ)ის ზომის მიხედვით. ვენახში ითვლება ნებისმიერი ვენახი, საიდანაც მარანი ღვინოს აყენებს და ყიდის. ეს მოიცავს როგორც კერძო საკუთრებაში, ასევე იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში არსებულ ვენახებს, მათ შორის, ყურძნის ყიდვის შემთხვევაში - შესაბამის ვენახებსაც. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არის 30 000 (ოცდაათი ათასი) მ2 და ნაკლები ფართობის ვენახ(ებ)ის მფლობელი, ასოციაციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს პირველადი შენატანი - 150 ლარი. საწევროს გადახდის სხვა დეტალური პირობები მოცემულია წევრობის კანდიდატის ხელშეკრულებაში.

 

უვენახო მეღვინეები და უმარნო მევენახეები ასოციაციაში არ მიიღებიან. ამიტომ ასოციაციის წევრობის კანდიდატს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1000 (ათასი) კვ/მ მსხმოიარე ვენახი და მარანი, რაც უნდა დასტურდებოდეს მის მიერ წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტებით - ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან. ასოციაცია დასაშვებად მიიჩნევს მშობლების, დედმამიშვილების, მეუღლის, ან/და შვილების სახელზე გაფორმებული მარნის ან/და ვენახის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტებს. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საკუთრების მფლობელი პირის თანხმობა ასოციაციაში გაწევრიანებაზე.

 

ასოციაცია კრძალავს პარალელურად კონვენციური ვენახის ფლობას ანდა ინდუსტრიული წესებით ღვინის დაყენებას. შესაბამისად, ყველა კანდიდატს მოეთხოვება, პარალელურად არ ფლობდეს კონვენციურ ვენახს, რომელსაც უვლის ასოციაციის წესების დარღვევით ანდა მარანს, სადაც ღვინოს აყენებს ინდუსტრიული დანამატებით და მეთოდებით.

 

კანდიდატი ვალდებულია, ასოციაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აწარმოოს ვენახ(ებ)ის მოვლის ჩანაწერები, რომელიც უნდა მოიცავდეს ვენახში ჩატარებულ ყველა სამუშაოს თაობაზე ინფორმაციას (მათ შორის: გასხვლა, მოხვნა, კულტივაცია, გაფურჩვნა, შეწამვლა და ა.შ.), ასევე - გამოყენებული პრეპარატებისა და დოზების შესახებ ინფორმაციას. 

დამფუძნებელთა კრების მიერ კანდიდატის გაწევრიანების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატთან დაიდება ასოციაციის წევრობის ხელშეკრულება. კანდიდატი ასოციაციის წევრად მიღებულად ჩაითვლება წევრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან.

ასოციაციის კანდიდატთან ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დანართები: ასოციაციის წევრობის ხელშეკრულება (დანართი 1); კანდიდატის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი 2); კანდიდატის საკუთრებაში არსებული ვენახ(ებ)ის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან (დანართი 3); კანდიდატის მარნის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან (დანართი 4).

2018 წლიდან ასოციაცია ახორციელებს წევრი მარნების შიდაინსპექტირებას, რითაც მუდმივად აკვირდება, რამდენად იცავენ წევრები ასოციაციის მოთხოვნებს როგორც ვენახის მოვლის, ისე ღვინის დაყენების პროცესში. ასოციაციის მთავარი მოთხოვნაა, წევრებმა ვენახებს მოუარონ ორგანული და ბიომეთოდებით, ხოლო ღვინო დააყენონ ბუნებრივად, ინდუსტრიული დანამატების გარეშე. რა თქმა უნდა, ამავე წესების დაცვა მოეთხოვება იმ მარნებსაც, რომლებიც ასოციაციაში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასოციაციაში შემოსვლა უნდათ ისეთ მარნებსაც, რომლებიც ყველა პირობას არ აკმაყოფილებენ. მათთვის მტკივნეულია ასოციაციის დასაბუთებული უარი. თუმცა, ცხადია, ყველას აქვს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს სხვა მსგავსი გაერთიანება, სადაც გაწევრიანებისთვის და საქმიანობისთვის სხვა პირობები იქნება.