„ამერიმერი 2023“ - ფესტივალის შეფასებები
„ამერიმერი 2023“ - ფესტივალის შეფასებები

სიახლე11-12-2023

2 დეკემბერს წყალტუბოში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე ტრადიციული ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“  გაიმართა. წყალტუბოში „ამერიმერი“ მეორედ ჩატარდა. გასულ წელთან შედარებით, ფესტივალის სტუმრების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა - თუკი 2022 წელს ფესტივალს 500 ვიზიტორი ჰყავდა, წელს მას ბუნებრივი ღვინის 800-მდე მოყვარული ესტუმრა. 

 

ფესტივალზე ღვინის ნიმუშები საქართველოს ფაქტობრივად ყველა იმ რეგიონიდან იყო წარმოდგენილი, სადაც ღვინის დაყენების ტრადიციები არსებობს. თუკი კახეთის, ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის ღვინის სიმრავლე ჩვეულებრივი ამბავია, ფესტივალის სტუმრებისთვის სასიხარულო სიურპრიზი იყო სამეგრელოს, მესხეთის, მთიანი აჭარის და გურიის ბოლოდროინდელი გააქტიურება. საქართველოს ამ კუთხეებში ღვინოს ტრადიციულად ყოველთვის აყენებდნენ და ეს ტრადიციები არსად გამქრალა. ღვინის მარნების მომრავლება და გლეხების მიერ ღვინის ბოთლში ჩამოსხმის სურვილი, სამომავლო კარგი პერსპექტივების იმედს იძლევა.   

„ამერიმერი“ ქალაქ წყალტუბოში მეორედ გაიმართა.  წელს ფესტივალში მარნების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. ქართველ და უცხოელ სტუმრებს ღვინოები შესთავაზა 70-ზე მეტმა მარანმა, რომლებიც მხოლოდ ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. ეს მეღვინეები იცავენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ დანერგილ სტანდარტებს და წესებს, რაც ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად არის საჭირო. 

ფესტივალში მონაწილე ღვინის მარნებს შეეძლოთ ღვინის გაყიდვა. ღვინით დაინტერესებული სტუმრებისთვისაც მოსახერხებელი იყო შედარებით სარფიან ფასად მცირე რაოდენობით ღვინის შეძენა. თუმცა, ფესტივალების მონაწილე მარნების მთავარ ინტერესს ქართული ღვინით მოვაჭრე უცხოელ ექსპორტიორებთან კონტაქტების გაბმა და შეთანხმებების დადება წარმოადგენდა. 

აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტიორების დიდი ნაწილი უკვე ისედაც მუშაობს ქართულ ბაზარზე და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეს აღარ წარმოადგენს რეგიონების და ჯიშურობის მიხედვით განსხვავებული ქართული ღვინო. ფაქტია, რომ ევროპაში, აზიაში და ამერიკაში ქართული ღვინის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ჩვენი ღვინო აღარ არის მხოლოდ ეგზოტიკური სასმელების მოყვარულთა ინტერესის საგანი. 

ზურა თოფურიძე, მარანი „იბერიელი“: „როგორც ხედავთ, წყალტუბო იქცა ადგილად, სადაც ლამაზ გარემოში ადამიანები შეიძლება ჩავიდნენ, გასინჯონ მართლაც უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ღვინოები და გაეცნონ ქართულ მეღვინეობაში არსებულ სიტუაციას. აქ ღვინის გასინჯვაცაა შესაძლებელი, შეძენაც და მეღვინეებთან გრძელვადიანი, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაც“.

რამაზ ნიკოლაძე, „ნიკოლაძეების მარანი“: „როგორც იმერელისთვის, ჩემთვის განსაკუთრებულია ეს ფესტივალი. რა თქმა უნდა, ყველაფერი დედაქალაქში არ უნდა ტარდებოდეს და რეგიონებიც უნდა ჩაერთონ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ „ამერიმერი“ უკვე საკმაოდ პოპულარული ფესტივალია და მან უკვე იპოვა ადგილი ქართული ღვინის რუკაზე“. 

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს“ მარანი: „ღვინის წარმოება და ფესტივალებში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავიცანით ხალხი, ვინც მაგარ ღვინოებს აყენებდა და აღვფრთოვანდით!  საოცარი ხალხია _  ისე იმოქმედეს ჩვენზე, რომ გადავწყვიტეთ მიგვებაძა მათთვის. შემდეგ დავიწყეთ სწავლა მევენახეობა-მეღვინეობის, საკუთარ ვენახსა და მარანში ვმუშაობდით დღე და ღამე, ვკითხულობდით ბევრს, ვესწრებოდით ტრენინგებს და ნატურალისტობა იქცა ჩვენი აზროვნების და ცხოვრების წესად. ახლა ეს ძალიან ბუნებრივი რამეა ჩვენთვის, უბრალოდ ასე ვცხოვრობთ“.

ლაშა ხვედელიძე, „ჯუსოს მეღვინეობა“: „ჩვენი მარანი აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის  განვითარებასა და მცირე მარნების ცნობადობის ამაღლებას. ეს კარგი შესაძლებლობაა ახალი ღვინოების წარსადგენად, ასევე, სხვა მეღვინეებთან და ღვინის ექსპერტებთან დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად და, რაც მთავარია, ღვინის პოტენციურ ექსპორტიორებთან და ღვინის ექსპერტებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად“. 

 

ზაზა მუშკუდიანი, მარანი „თამანი“: „საოცარი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ მეც ვიღებ „ამერიმერში“ მონაწილეობას. ეს ჩვენთვის გამოცდილებაცაა და ახალი პერსპექტივების უკეთ დანახვაც. ვაწარმოებთ ცოლიკოურის ყურძენს, რომელიც არის ლეჩხუმში მოწეული. ღვინო დაწურულია ევროპული წესით. ღვინო არის მშრალი, თეთრი და არომატული. ვენახები რამენიმე წლის წინ გავაშენეთ და დავიწყეთ მარნის მშენებლობა-მოწყობა. მიუხედავად გლობალური პანდემიის პერიოდისა, აღარ დავიხიეთ უკან და მაინც ბოლომდე მივყევით ამ საქმეს!“.

 

მამა გაბრიელი (ხომასურიძე), მარანი „გაბრიელის ღვინო“: „თუ ადამიანს აინტერესებს გაიგოს როგორია ნამდვილი ღვინო და გაიცნოს ამ ღვინოების დამყენებელი ხალხი, „ამერიმერი“ ალბათ საუკეთესო ადგილია ამისთვის. აქ ყველანაირ ადამიანს ნახავთ. თუმცა ყველას ის აერთიანებს, რომ  ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ბუნებრივ, ანუ ნამდვილ ღვინოს!“.

 

„ამერიმერში“ მონაწილე მეღვინეების ერთ ნაწილს ფესტივალზე მისული ღვინის მოყვარულები პირველად შეხვდნენ. ახალბედა მეღვინეების უმეტესობა განათლებით მეღვინე სულაც არაა, მაგრამ მონდომება და საკუთარი ღვინის სათანადოდ წარმოჩენის სურვილი არავის აკლია. ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, სამომავლო გეგმების გაცნობა და რაც მთავარია, ღვინით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრა ყველა მეღვინეს სურს და ფესტივალის გამართვის მთავარი არსიც სწორედ ესაა. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ღვინის მოყვარულებს 2024 წლის გაზაფხულზე მის მიერ ორგანიზებული მთავარი ფესტივალით - ZERO COMPROMISE დაუბრუნდება!

 

ლევან სეფისკვერაძე