ხიდისთავიდან  მილანამდე
ხიდისთავიდან მილანამდე

Blog21-11-2023

თენგიზ დვალიშვილის ბლოგი
[TD Winery]

ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო, როდესაც პაპა თავის პაპაზე გვიყვებოდა თუ როგორ შრომობდა, როგორი მარანი და ვენახი ჰქონდა. ეს ყველაფერი ბავშვის მეხსიერებას არ ავიწყდება და არც მე ვიყავი გამონაკლისი. ვენახთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა. ასაკიდან გამომდინარე, მიწევდა იმ სამუშაოს შესრულებაში დახმარება, რაც ბავშვისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა.

გავიდა დრო, დავამთავრე უნივერსიტეტი და დავბრუნდი მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. მევენახეობის გაგრძელება იმ პერიოდში არ მაინტერესებდა, რადგან ვცეკვავდი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის ანსამბლში „როკვა“. ერთ დღეს ვემზადებოდი რეპეტიციაზე წასასვლელად (2011 წლიდან ჩემს სოფელში დავაარსე ქორეოგრაფიული ანსამბლი). სწორედ ამ დროს ხიდისთავში მამაჩემს ესტუმრა ნატურალისტი მეღვინე ზაზა გაგუა. საუბრის შემდეგ მითხრა - ღვინის დაყენება ყველაზე დიდი ხელოვნებააო. ეს ნათქვამი ისე ჩამრჩა გონებაში, რომ იმ დღიდან დავიწყე ფიქრი ვენახის გაშენებაზე. საოჯახო ვენახი კი გვქონდა, მაგრამ მის მოვლა-პატრონობაზე გადაწყვეტილების მიმღები მამაჩემი იყო. მე კი მჭირდებოდა სრულიად თავისუფალი ადგილი, სადაც ჩემს სურვილებს და მიზანს ბოლომდე განვახორციელებდი. ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ თავს ბუნებრივ გარემოში და ის, რასაც შევქმნიდი, მინდოდა ბუნებისგან არ დამეშორებინა. ჩემდა საბედნიეროდ, 2015 წელს ერთმა კარგმა ადამიანმა გაიმეტა მიწა გასაყიდად და ჩემი სურვილების განხორციელებაც დაიწყო.

რასაც ჩავიფიქრებდი ყველაფერი მიხდებოდა და 2019 წელს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრიც გავხდი. მოუთმენლად ველოდი ასოციაციის პირველ ფესტივალს. მხოლოდ ერთი სახეობის ღვინო მქონდა - 2018 წელს მიღებული პირველი მოსავალი ერთად ჩავწურე და ამით დაიწყო ჩემი თავგადასავალიც. 2019 წლის ფესტივალი „ამერიმერი“, როგორც პირველი ემოცია, ყოველთვის იქნება ჩემს მეხსიერებაში. მანამდე, 2017 წელს, შემეძინა პირველი შვილი და მის დაბადებას მივუძღვენი ვენახი, სადაც გავაშენე ქართლის ვაზის ჯიში დანახარული. 2022 წელი კი გვირგვინი იყო იმ დიდი შრომის დაფასების, როდესაც ჩვენი ოჯახის 50 წლის ვენახი ჩემს განკარგულებაში გადმოვიდა.  

ჩემთვის პირველმა zero compromise 2022-მა კიდევ უფრო შეასხა ფრთები ჩემს სურვილებს. სწორედ ამ გამოფენაზე გავიცანი იტალიელი სტუმრები, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, მილანში ღვინის გამოფენას ხელმძღვანელობენ. ასოციაციის წევრობამ და zero compromise-მა მომცა შესაძლებლობა  La Terra Trema-ზე  მიმეღო მონაწილეობა, სადაც ნათლად დავინახე თუ რა დიდი მოლოდინი აქვს ყველას ქართული ბუნებრივი ღვინის მიმართ. საინტერესო იყო ახალგაზრდების დამოკიდებულება. სამი დღის განმავლობაში 7000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია გამოფენას. 

მილანში გამართულ ღვინის გამოფენას ასევე სტუმრობდნენ ფესტივალების ორგანიზატორები სხვადასხვა ქალაქებიდან. როგორც მონაწილე მეღვინეები, ასევე მოსული სტუმრები და გამოფენის ორგანიზატორები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ საქართველო და ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენება ძალიან დიდ ინტერესს იწვევს მათში. 

გამოფენებში მონაწილეობის გარდა ყოველდღიურად ვმასპინძლობ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. სწორედ მათი დახმარებით მოგზაურობენ ჩემი ღვინოები მსოფლიოს გარშემო. ხშირად მიგზავნიან ფოტოებს და მიზიარებენ ემოციებს, როცა ჩემთან შეძენილი ქართული ბუნებრივი ღვინით გააცნეს საქართველო მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ უმოგზაურია ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი სოფლად ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.

ბუნების მოფრთხილებით და მასზე ზრუნვით უკეთ
გავიაზრე, რამხელა შესაძლებლობას მოგვცემს სამყარო თუ ჩვენ მას
მოვუფრთხილდებით.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რაოდენ მნიშვნელოვანია ღვინის გამოფენები რეგიონებში.  ახლა ყველანი ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ფესტივალს „ამერიმერს“ ველოდებით. ეს ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ასეთმა კარგად ორგანიზებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყოს რეგიონების გამოცოცხლებას და პოპულარიზაციას. „ამერიმერი“ მეორე წელია წყალტუბოში იმართება და ასოციაცი „ბუნებრივი ღვინის“ წევრებს და მათ მიერ შექმნილი ბუნებრივი ღვინის მოყვარულებს შესანიშნავ გარემოში აერთიანებს. ეს დღე სწორედაც რომ ზეიმია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მევენახე მეღვინეები აგემოვნებენ ერთმანეთის ღვინოებს და უზიარებენ შთაბეჭდილებებს. მინდა განსაკუთრებით წარმატებები ვუსურვო ასოციაციის ახალ წევრებს, რომლებიც პირველად მონაწილეობენ ამ ფესტივალში და ახლა იწყებენ დიდ მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო.