სიახლე . 15-07-2022
„ამერიმერი“ წყალტუბოსთვის და წყალტუბო „ამერიმერისთვის“
2 დეკემბერს ქალაქ წყალტუბოში დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალ „ამერიმერს“ განსაკუთრებულად მისი მონაწილეები - ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მეღვინეები ელოდებიან. მათი ნაწილი ბუნებრივი ღვინის ასეთ ფორუმებზე დიდი ხანია, რაც გამოდის, მაგრამ არიან შედარებით ახალბედებიც, ვისთვისაც „ამერიმერი“ პირველი ფესტივალია.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა რომ არა, „ამერიმერის“ გამართვა შეუძლებელი იქნებოდა. სააგენტოს წარმომადგენელი, ირაკლი ჩოლობარგია უკვე წლებია, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მეგობარი და მხარდამჭერია. მისი თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო, სხვა ფესტივალების მსგავსად, „ამერიმერს“ ეხმარება, როგორც ფინანსური, ასევე ორგანიზების კუთხით.
ირაკლი ჩოლობარგია, „ღვინის ეროვნული სააგენტო“: “ამერიმერი“ განსაკუთრებული ფესტივალია, რადგან ერთგვარად წლის დაკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიებაა და ასევე, ეს არის ახალი წლის მაუწყებელი ფესტივალი. მეღვინეებს საშუალება ეძლევათ, მომხმარებლის გული მოიგონ. მომხმარებელს კი საშუალება აქვს, გასინჯოს ახალი ანდა უკვე ცნობილი ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტო დიდი ხანია, თანამშრომლობს ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოსთან“ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ასოციაციის წევრებს ვეხმარებით უცხოეთის ღვინის ფესტივალებზე თავიანთი ღვინოების წარმოდგენაში. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ძალიან მოიმატა ბუნებრივი ღვინის მწარმოებელმა მარნებმა. ჩვენ მათ გვერდით ვართ“.
„ამერიმერში“ მონაწილე მევენახე-მეღვინეებმა NWA.GE-ს თავიანთი წინასაფესტივალო განწყობები და ემოციები გაუზიარეს.
სოსო მარტიაშვილი, „მარტიაშვილის მარანი“: „მოუთმენლად ველოდებით ფესტივალს, რომელიც კარგი საშუალებაა ჩვენი მარნის ცნობადობის გაზრდისა და კარგი ადამიანების გაცნობისთვის. ჩვენც გავსინჯავთ ფესტივალზე გამოტანილ უამრავ კარგ ღვინოს და ჩვენ ღვინოსაც გავასინჯებთ სხვებს. წარმოდგენილი გვექნება 2022 წლის მოსავლის ხიხვი, რომელიც ქვევრის 6 თვით ჭაჭა-კლერტზე დაყოვნებით დავაყენეთ. ასევე გვექნება წლევანდელი მოსავლის ხიხვი ქვევრში 2 თვით ჭაჭაზე დაყოვნებით. ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნება, შეადარონ ეს ღვინოები ერთმანეთს. ძალიან კარგია, ბუნებრივი ღვინის ფესტივალების სხვადასხვა რეგიონში ჩატარება. ეს ნიშნავს ახალ ემოციებს და ახალი ადგილების აღმოჩენას. მე პირადად არ ვარ ნამყოფი წყალტუბოში და ძალიან მაინტერესებს“.
გიორგი ტყეშელიაძე, „ბაბას მარანი“: „კარგი განწყობით და შემართებით ვემზადებით „ამერიმერისთვის“. ამჯერად ,,ბაბას მარანი” ვიქნებით წარმოდგენილი ცოლიკოურის ღვინით. წყალტუბო, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბუნებრივი ღვინის ფესტივალის ჩასატარებლად და ველით ზუსტად იმ გარემოს, რომელიც ბუნებრივ ღვინოს ყველაზე მეტად უხდება“.
გიორგი აივაზიანი, Manavi Wines: „ჩემთვის ნებისმიერი ფესტივალი ზეიმია. ეს უნიკალურ/ი არენაა, სადაც მეღვინეებს გვეძლევა საშუალება, გვქონდეს ურთიერთობა პოტენციურ იმპორტიორებთან, მომხმარებელთან და კოლეგა მეღვინეებთან. ალბათ არ არსებობს უკეთესი ადგილი, სადაც რეალურად ამოიკითხავ შენი ღვინით გამოწვეულ ემოციებს, მიიღებ რჩევებს, დააგემოვნებ უამრავ გამორჩეულ ღვინოს, ან უბრალოდ გაატარებ დღეს ნატურალური ღვინის მოყვარულ ადამიანებთან ერთად. Manavi Wines-ს წარმოდგენილი იქნება 2021-ის და 2022-ის ღვინოებით. 2023-ის პეტნატებიც უნდა მოესწროს მაგ დროისთვის. წყალტუბო უნიკალური ადგილია: მშვიდი, განსაკუთრებული ბუნებით. აქ გავიწყდება ყოველდღიური რუტინა და სრულიად ერთვები საფესტივალო განწყობაზე. სიშორეს თბილისიდან თავისებურება აქვს: მხოლოდ ძალიან მონდომებული აუდიტორია იკრიბება, რაც ფესტივალს უფრო მყუდროს ხდის“.
მალხაზ მშვილდაძე, „ბაღდათის მამულები“: „როგორც ყოველთვის, მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ასოციაციის ფესტივალს. რთველის შემდეგ კიდევ ერთხელ მოგვეცემა მეგობარ მარნებთან, იმპორტიორებთან, ღვინის მოყვარულებთან შეხვედრის საშუალება. „ბაღდათის მამულები“ ამერიმერზე წარმოადგენს 2021 და 2022 წლის მოსავლების იმერულ თეთრს (ჭურის), იმერულ ვარდისფერს და იმერულ წითელს. 2022 წლის მოსავლის ღვინო ჯერ ისევ ცისტერნებში გვაქვს და მალე ჩამოისხმება ბოთლებში. წყალტუბო საკურორტო და ტურისტული დატვირთვის მატარებელია და დარწმუნებული ვართ, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააცოცხლებს მის სოციალურ როლს“.
მარინა კაკიაშვილი-რუაძე, „ექიმის ბიომარანი“: „ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ ორგანიზებული ეს ფესტივალი ხელს უწყობს მცირე მარნების პოპულარიზაციას და ღვინოების ცნობადობის ზრდას. წელს წარმოდგენილი მექნება 5 სახის ღვინო: საფერავი ქვევრის, საფერავი ევროპული, ხიხვი, ხიხვი-რქაწითელი და რქაწითელი. ქალაქ წყალტუბოში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერის“ ჩატარება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ზრდის ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნების და ღვინის ცნობადობას. ასევე, ფესტივალზე ვეცნობით ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრ სხვა მარნების წარმომადგენლებს, ვსინჯავთ ღვინოებს, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ვიღებთ რჩევებს“.
ნინო მუშკუდიანი, „მუშკუდიანის მარანი“: „წინასაფესტივალო განწყობა დიდი მოლოდინებით სავსეა. „მუშკუდიანის მარანი“ ფესტივალზე წარდგება ტვიშის ცოლიკაურით. ქალაქი წყალტუბო, როგორც ისტორიულად საკურორტო ქალაქი, ძალიან საინტერესოა თავისი არქიტექტურით და სიძველით. ვფიქრობ, ასეთი კარგი ფესტივალის წყალტუბოში ჩატარება ხელს შეუწყობს ამ ქალაქის პოპულარიზაციასაც“.
ანატასია ახვლედიანი, ARTANA WINES: „ამერიმერი“ პირველი ფესტივალი იყო, სადაც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი რეგიონისთვის. რაც უფრო მეტი ფესტივალი ჩატარდება თბილისის გარეთ, მით უფრო განვითარდება სხვადასხვა რეგიონები. ეს ფესტივალი პირველი მაგარი მაგალითია სხვებისთვის. წელს 2022 წლის ღვინოებით და ჭაჭით ვიქნებით ფესტივალზე. გვექნება საფერავის, რქაწითელის, ვარდისფერი რქაწითელის და კახური მწვანის ღვინოები, ასევე - ჭაჭა და გამოხდილი ღვინო „მარო“.
ხატია დარგუაშვილი, „ანაპეა“: „განწყობა გვაქვს სადღესასწაულო და ამაღლებული, რადგან „ამერიმერი“ ბუნებრივი ღვინის და ამ მიმართულების მეღვინეობების დღესასწაულთან ასოცირდება. ადგილმდებარეობა, ღვინო, განწყობა, პერიოდი, ადამიანები... იქ ყველაფერია იმისათვის, რომ ჩამოსულმა სტუმრებმა უნიკალური, საინტერესო ბუნებრივი ღვინოები გასინჯონ. ჩვენ წელს ვეცდებით ძირითად ჯიშებთან ერთად როგორიცაა - ქისი, ხიხვი, მწვანე კახური, მცვივანი კახური, ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი - გამოვიტანოთ იშვიათი/საკოლექციო ჯიშები, რომლებიც მცირე მოცულობით 32 სახეობამდე გვაქვს გაშენებული ჩვენს ვენახში. ყოველთვის ძალიან დიდია ინტერესი თავად მეღვინეებს შორის გავსინჯოთ რაღაც ახალი და მივიწყებული“.
ქეთევან ჰუბერტი, „მეღვინეობა თილისმა“: „წინასაფესტივალო განწყობა პოზიტიურია. ალბათ, ბევრი ადამიანი ჩამოსვლას ვერ მოახერხებს, მაგრამ მაინც სახალისოა ასოციაციის ფესტივალები. სასიამოვნოა კოლეგებთან შეხვედრა და ღვინის გასინჯვაც. წყალტუბო ძალიან ლამაზია. არაჩვეულებრივი ბუნება და გარემოა. ყველაფერი მართლა არ შეიძლება თბილისში ტარდებოდეს!“
ფესტივალი „ამერიმერი“ წყალტუბოში უკვე მეორედ ტარდება. იმერეთის ამ პატარა, მაგრამ უდავოდ ლამაზ და გამორჩეულ ქალაქში მსგავსი ღონისძიებებით განებივრებულები ნამდვილად არ არიან. ფესტივალის მონაწილე მეღვინეები კი იმაზე უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ დადგა დრო, როცა ასეთმა კარგმა და დიდმა ღონისძიებებმა თბილისიდან რეგიონებშიც გადაინაცვლოს!
ლევან სებისკვერაძე