სიახლე . 14-03-2022
2023 წლის მოსავალი იმერეთში
ლაშა გურულის ბლოგი
[ენკენი]
2023 წელი ძალიან რთული აღმოჩნდა იმერელი მეღვინეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სეტყვა იმერეთისთვის იშვიათი მოვლენაა იმ დოზით, რომ მასიურად დააზიანოს ვენახები, არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს გვალვა და ვაზის დაავადებები - ჭრაქი და ნაცარი. წელს პრობლემები აქ ვენახებში გაზაფხულიდანვე დაიწყო. ყვავილობის ფაზიდან გამოსვლისთანავე ერთმანეთს მიება უხვნალექიანი ამინდები, რამაც წარმოშვა ჭრაქის მასიურად განვითარების საფრთხე. საჭირო იყო ვენახთან ყოველდღიური კონტაქტი, ასევე წინასწარი პრევენციული ღონისძიებების გატარება საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ვინც სპეციფიური რეჟიმის გამო ეს ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებულად დავზარალდით. მაგალითად, შეწამვლა დაგვიანებით ან არაეფექტურად ხდებოდა ხოლმე და კვლავ და კვლავ გადაბმული წვიმიანი ამინდების გამო, ვითარება ვენახში უფრო და უფრო უარესდებოდა. ჭრაქთან ერთად ბევრგან ნაცარიც განვითარდა. ჩემს საკუთარ ერთ-ერთ ვენახში, იმდენად ცუდი ვითარება შეიქმნა, რომ მესამე წამლობის შემდეგ აქიმობას აზრი აღარ ჰქონდა და ადრიდანვე შევეგუე ამ ვენახში გარდაუვალ ზარალს.
რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს, განსაკუთრებულად დაზარალდნენ ის მევენახეები, ვინც ვენახს კონტაქტური პრეპარატებით წამლობდა, რადგან შექმნილი სპეციფიური გარემოებების გამო, ვენახის გადარჩენა მეტ ცოდნას და კომპლექსურად მიდგომას მოითხოვდა, რისი უნარიც სამწუხაროდ ბევრ მევენახეს არ აღმოაჩნდა. ამიტომაც ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მივიღეთ წინა წლებთან შედარებით ნახევარი, ზოგან კი მესამედი მოსავალი. შედარებით გადაარჩინეს ვენახები მათ, ვინც სისტემური პრეპარატებით აწარმოებდა ვენახის მოვლას, მაგრამ წლევანდელი მოსავლის რაოდენობით და ხარისხით არც ისინი არიან კმაყოფილი.
მეორე თემაა იმერული ყურძნის ფასი წლევანდელ რთველზე. შედარებისთვის გავიხსენოთ გასული წლის ფასები. გასული წლის შემოდგომაზე იმერული თეთრი ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 2.50 ლარს. ხოლო რთველის მიწურულს კიდევ უფრო დაიწია ფასმა და ბოლო დღეებში, მაგალითად, ცოლიკოურის ყიდვა 2 ლარადაც კი იყო შესაძლებელი. რაც შეეხება წლევანდელ ფასებს. რთველი აქ სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. შედარებით ადრე კრახუნა იკრიფება, რომლის ფასიც იწყებოდა 4.50 ლარიდან და კარგ შემთხვევაში 3.50 ლარამდე ჩამოდიოდა. ოქტომბრიდან დაიწყო ცოლიკოურის და ციცქას რთველიც. მათი ფასი 4 ლარით განისაზღვრებოდა და 3 ლარზე ქვემოთ არ ჩამოსულა. ფასები არ შეცვლილა არც რთველის ბოლო ფაზაშიც. ერთი მხრივ კარგია, რომ მევენახის შრომას ფასი ედება და ყურძნის ღირებულება იზრდება, მაგრამ გასათვალისწინებელია მეორე მხარეც - ორგანული ვენახების რაოდენობის კიდევ უფრო შემცირების საფრთხე. მართალია, ეს საფრთხე არ გვეხება ასოციაციის წევრ მარნებს საკუთარ ვენახებში, მაგრამ შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე პარტნიორ მევენახეებთან მიმართებაში, რომლებსაც დიდად ვეღარ დავაინტერესებთ, თუკი მომდევნო წლებშიც ანალოგიური სახის პრობლემები შეექმნება ვენახებს.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი თემაც. იმერეთის მოსახლეობის საერთო დამოკიდებულება იმერული ღვინისადმი. ბოლო 5 წელიწადში მდგომარეობა ამ მხრივ მკვეთრად პროგრესირებადი იყო. მინიმუმამდე იყო დაყვანილი ოჯახებში ფალსიფიცირებული ღვინის წარმოების შემთხვევები და ყურძნის ყიდვისას არჩევანს ასევე იმერულ ყურძენზე აკეთებდნენ, ვიდრე კახურზე. წელს კი ვითარება ამ მხრივაც რადიკალურად უარესობისკენ შეიცვალა. აქცენტი მოსახლეობის მხრიდან რქაწითელის შესყიდვაზე გადავიდა, უფრო დაბალი ფასიდან გამომდინარე. ასევე სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში გაჩნდა მოთხოვნები დაწნეხილ ჭაჭაზე, საოჯახო მოხმარების ფალსიფიცირებული ღვინის საწარმოებლად.
იმერეთში ჯერ კიდევ წინ არის ოცხანური საფერეს და ალადასტურის რთველი. მათი ფასიც დიდი ალბათობით ასევე გაზრდილი იქნება. თუკი გასულ წლებში ოცხანური საფერეს ღირებულება იყო 4 ლარი, წელს უნდა ვივარაუდოთ, რომ 6 ლარზე ნაკლები არ ეღირება.
მიუხედავად ჩამოთვლილი სირთულეებისა, ვფიქრობ, რომ მეღვინეების მონდომების შედეგად წელს მაინც საინტერესო ღვინოებს უნდა ველოდეთ იმერეთიდან. თუნდაც იმიტომ, რომ მოსავლის შემცირებული რაოდენობის გამო მეღვინეს შესაძლებლობა აქვს უფრო მეტად აკონტროლოს დუღილის პროცესიც და ღვინის ხარისხიც.
„ენკენის“ მარანში წელს ჩვენ გვექნება სამი სახეობის ღვინო: ძელშავი, ცოლიკოური და ციცქა. წელს ღვინის დაყენების პროცესში მივიღე განსხვავებული გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, ძელშავი ქვევრში მოვათავსე ჭაჭის გარეშე და და მესამე დღეს დავუმატე ცოლიკოურის გამოწნეხილი ჭაჭა-კლერტი, 50 % და დუღილი ამგვარად ჩატარდა, რის შემდეგაც მოვაცილეთ ჭაჭა და ქვევრი შევავსეთ. ოქტომბრის ბოლომდე ვაპირებ ლექზე მოცილებასაც და კვლავ ქვევრში მოვათავსებთ აპრილამდე. ასევე განსხვავებული ტექნოლოგიით დავაყენეთ ცოლიკოურიც, მცირე რაოდენობიდან გამომდინარე. ვადუღეთ უჟანგავ ცისტერნაში, 50 % ჭაჭასთან ერთად. დუღილის დასრულების შემდეგ მოვაცილეთ ჭაჭა და კვლავ უჟანგავ ცისტერნაში მოვათავსეთ. რაც შეეხება ციცქას, ის ტრადიციულად ქვევრში მოთავსდა 15 % ჭაჭასთან ერთად და ამჟამად დუღილის პროცესშია.