ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 16 ახალი მარანი შემოემატა
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 16 ახალი მარანი შემოემატა

სიახლე19-09-2023

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2023 წლის გაზაფხულზე ასოციაციამ გაწევრიანების თხოვნით 32 მარნის განაცხადი მიიღო. პირველადი გასაუბრების და ინსპექტირების გზით, ტრადიციულად შეფასდა, რამდენად აკმაყოფილებდნენ კანდიდატები ასოციაციის მოთხოვნებს. საბოლოოდ ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, დამფუძნებლებმა 16 მარნის განაცხადი დააკმაყოფილეს. 

ასოციაციაში გაწევრიანებისადმი მსურველებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მსხმოიარე ორგანული ვენახი და ბუნებრივი ღვინის მარანი. უვენახო მეღვინეები და უმარნო მევენახეები ასოციაციაში არ მიიღებიან. ზოგჯერ ისეთი შემთხვევაც არის, როცა ასოციაციას მომართავენ ადამიანები, რომლებსაც არც ვენახი აქვთ და არც მარანი, მაგრამ ღვინოს ნაყიდი ყურძნისგან აყენებენ, მარანს კი ქირაობენ. მათ ასოციაცია წევრობაზე უარს ეუბნება. ცხადია, კვლავ უარს იღებენ ის მარნები, რომლებსაც ინსპექტირების პროცესში გამოუვლინდათ კრიტიკული შეუსაბამობები - გამოყენებული ჰქონდათ დაუშვებელი ნივთიერებები ვენახში (ჰერბიციდები, ქიმიური სასუქები და სისტემური პრეპარატები) და ღვინოში (ინდუსტრიული დანამატები და გამწებავი საშუალებები), რაც ეწინააღმდეგება ნატურალური მევენახეობის და მეღვინეობის არსს.

 

წარმოგიდგენთ ასოციაციის ახალ წევრებს:

„ბაკურციხელი“ - ასეთი სახელწოდებით აწარმოებს ბუნებრივ ღვინოს ასოციაციის ახალი წევრი ვანო ბერიძე, რომელიც თითქმის ათი წელიწადია, რაც ორგანულ მევენახეობას მისდევს. მას ბაკურციხის საუკეთესო ზვრებში აქვს მწვანე კახურის, რქაწითელის, საფერავის, ვარდისფერი რქაწითელის, ღვინის თეთრის და სხვა იშვიათი ვაზის ჯიშის ვენახები.

მარანი „ანგურა“ ქვემო ქართლში, საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში - ასურეთშია. მარნის მფლობელი გიორგი ჭიჭინაძე მხოლოდ საკუთარ მოსავალს იყენებს ღვინის დასაყენებლად. ვენახში გაშენებული აქვს გორული მწვანე, ასურეთული შავი, თავკვერი, ჩინური, რქაწითელი, საფერავი და ჩხავერი. საკუთრივ მარანი მდებარეობს ვენახებიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ტბისის აგარაკებზე, ზღვის დონიდან 800 მ. სიმაღლეზე.

 

ასოციაციას წევრი გახდა შპს „მეტრეველი-ახალაურის მარანი“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სანდრო მეტრეველი და ვანო ახალაური. ვენახები აქვთ სოფელ ილიაწმინდასა და შილდაში, სადაც ძირითადად რქაწითელი და მწვანე კახურია გაშენებული. მარანი კი ქართლში, კერძოდ სოფელ ქსოვრისში აქვთ. სანდრო მეტრეველის და ვანო ახალაურის დამსახურებაა, რომ ყოველდღიური საყიდლების ონლაინ მაღაზია VELI.store ბოლო წლებში პოპულარიზაციას უწევს ბუნებრივ ღვინოებს და არის ასოციაცია ბუნებრივი ღვინის ფესტივალების  - ZERO KOMPROMISE-ს  და ამერიმერის ფინანსური მხარდამჭერი.

შპს „კასრელი“ არის მეგობრების გაერთიანება, რომლის მარანი და ვენახები მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. აქაურ ვენახებში გაშენებულია 10 ქართული ვაზის ჯიში: რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, მცვივანი კახური, ჩიტისთვალა, ჩინური; საფერავი, ალექსანდროული, ძაგანიძის შავი. ასევე, ერთი ახალგაშენებული ვენახი აქვთ დასავლეთ საქართველოში - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში, სადაც გაშენებულია იმერეთის და გურიის ვაზის ჯიშები: კრახუნა, ჯანი, ჩხავერი და საკმიელა.

ასოციაციას დაუბრუნდა საქველმოქმედო კავშირი „თემი“, რომელიც არის არამომგებიანი (არაკომერციული) ორგანიზაცია. დაფუძნებულია 1991 წელს. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემა, ოჯახური გარემოს შექმნა, დასაქმების შესაძლებლობების გაჩენა და მათი სამუშაო უნარების გაუმჯობესება. ღვინოს მხოლოდ საკუთარი ვენახების (საფერავი და რქაწითელი) მოსავლით აწარმოებენ. ღვინის წარმოების პროცესში ჩართული არიან „თემის“ ბენეფიციარები, რომელთა დიდი ნაწილი შშმ პირია. „თემის“ ვენახები და მარანი რამდენიმე წელია ბიოსერტიფიკატს იღებს „კავკასსერტისგან“.

 

ასოციაციას, ასევე, დაუბრუნდა „ლაფატი“, რომელიც ფრანგ მეღვინეებს - ვინსენტ ჟულიენსა და გიომ გუეროს ეკუთვნით. ვენახები აქვთ საგარეჯოში მარანთან ახლოს - ქალაქ საგარეჯოში. ცოტა ხნის წინ შეიძინეს ახალი ნაკვეთი - ნახევარი ჰექტრის ფართობით, სადაც 2023 წლის გაზაფხულზე გააშენეს მწვანე კახური. ტრადიციული კახური ქვევრის ღვინის გარდა, აყენებენ პეტნატებს. ცქრიალა ღვინის დამზადების კუთხით მარანი „ლაფატი“ ერთ-ერთ პირველი იყო ქართულ მცირე მარნებს შორის.

და-ძმის -  გიორგი და ქეთი ახმეტელების კუთვნილი მარანი „ჩარექაული“ მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში. ცისტერნებში აყენებენ და აძველებენ ცნობილ ხოდაშნის საფერავს.

„პატარა მარანი“ ამართლებს თავის სახელწოდებას. ეს არის ლაშა ძიძიგურის და თეა სტურუას ოჯახის პატარა მეურნეობა. მსხმოიარე ვენახები მდებარეობს კახეთში, კარდენახში, ახოების და წარაფის (გული წარაფი) სახელგანთქმულ მიკროზონებში, ხოლო მარანი - თბილისში. მარანი აყენებს რქაწითელს და საფერავს.

„ბესიკ მეფარიშვილის მარანი“ მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოფარცხმაში. ბესიკ მეფარიშვილი რამდენიმე წელია ორგანული წესებით უვლის თავის ვენახს. გაშენებული აქვს გურიის ვაზის ჯიშები: ჩხავერი, საკმიელა, ჭუმუტა და თეთრი კამური. მარანი მდებარეობს საცხოვრებელი სახლის სარდაფში, რომელიც თავიდანვე მეღვინეობისთვის იყო განკუთვნილი. სახლის გვერდით აშენებენ ახალ, კაპიტალურ მარანს.

Wine Well - ამ სახელწოდების მარანი ეკუთვნის ალექსი ჭანკოტაძეს. მარანიც და ვენახებიც  ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. ვენახების პატარა ნაკვეთები სიგრძივ ებმის სახლის ეზოს და გრძელდება მდინარე შოროხევამდე. აქვთ რქაწითელი და მწვანე კახური, რომლებსაც ქვევრში ტრადიციული კახური მეთოდით აყენებენ.

მარანი „იორა“ კონსტანტინე თოფურიას საოჯახო ბიომეურნეობაა. მან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში, მდინარე იორის ნაპირას, ვენახების გაშენება დაიწყო 2016 წლიდან. ვენახები და მარანი ერთ ტერიტორიაზეა. აქვთ საფერავის, რქაწითელის, ქისის, ბუერას და მწვანე კახურის ვენახები. საღვინე ჭურჭლად, ძირითადად, ქვევრს იყენებენ. მეურნეობა უკვე ფლობს „კავკასსერტის“ სერტიფიკატებს.

მარანი „მართალი ღვინო“ მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში. შპს-ს დამფუძნებლები არიან მიხეილ ბიწკინაშვილი და თომას კლაუს შუბეუსი. შპს ვენახებს ფლობს ახაშენში, ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზინაში - ფაფრის მინდვრებზე და შაშიანში. აქვთ საკმაოდ დიდი ვენახები, სადაც კახური ვაზის ჯიშებია გაშენებული: საფერავი, ხიხვი, ქისი, მწვანე კახური, მცვივანი კახური, რქაწითელი, ჩიტისთვალა, მუსკატური რქაწითელი, ყვითელი მხარგრძელი, გრძელმტევანა, ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშურისებრი საფერავი. ღვინოებს ქვევრში და ცისტერნებში აყენებენ.  

ასოციაციის კიდევ ერთი ახალი წევრია მარანი „გდ ვაინი“, რომელიც დავით უჩაძეს ეკუთვნის. მარანი და ვენახები მდებარობს იმერეთში, სოფელ ტყაჩირში. ტყაჩირში მდებარე ვენახი და მარანი წარმოადგენს დავით უჩაძის მეუღლის - ლია გეგელაშვილის მამა-პაპისეულ ოდა-სახლს, ეზოთი. სახლის გვერდით და წინ არის 2019 წელს გაშენებული ცოლიკოურის და ამ ჯიშის ვარიაციების - ბაზალეთური ცოლიკურის და მწვანე ცოლიკოურის ვენახები. ღვინოს იმერულ ჭურებში იმერულივე წესით აყენებენ.

„შერმა - საოჯახო მეურნეობა“ - ამ სახელწოდებით მოქმედი მარანი ეკუთვნის შოთა შერმადინს, რომელსაც აქვს მსხმოიარე ვენახი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში. იქვე მდებარეობს მარანიც. შოთა შერმადინს გაშენებული აქვს: შავკაპიტო, გორული მწვანე, თავკვერი და თეთრი ბუდეშური.

დების - თამარ და ნინო მოსულიშვილების მარანი და ვენახები მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში. დები აგრძელებენ მამის - ირაკლი მოსულიშვილის საოჯახო მეურნეობის ტრადიციებს.  გაშენებული აქვთ რქაწითელი და საფერავი, რომელსაც 100 წლის სახლში მდებარე ძველ მარანში აყენებენ.

„ილტოს ველი“ ბექა მარტიაშვილის საოჯახო მარანია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახმეტაში. ქალაქის მიმდებარე ზვრებშია მარნის კუთვნილი 2 ჰექტარი ვენახი, სადაც გაშენებულია საფერავი, ხიხვი, მწვანე კახური, რქაწითელი.

ლევან სებისკვერაძე