სიახლე . 15-07-2023
ეკოლოგიური საქართველო - მომავლის მეურნეობა
ეკოლოგიური საქართველო - მომავლის მეურნეობა
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინისა“ და გერმანული ორგანული სოფლის მეურნეობის ასოციაცია Naturland-ის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ასოციაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს პროექტის შესახებ, რომლის სახელწოდებაა „ეკოლოგიური საქართველო - მომავლის მეურნეობა“.
Naturland-ის ექსპერტებმა ასოციაციის წევრებთან საველე საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს 15 აგვისტოს ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროში, „ანაპეას“ ბიომეურნეობაში და 16 აგვისტოს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩაში „ბაიას ღვინის“ კუთვნილ ბიომეურნეობაში.
შეხვედრებისას შეფასდა ვაზის წამლობების პროცესი, როგორც ხარისხობრივი ისე ეკონომიკური კუთხით. მევენახე-მეღვინეებს საშუალება ჰქონდათ, ერთმანეთთან შეედარებინათ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მევენახეობაში არსებული გამოწვევები და გაეკეთებინათ დასკვნები სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის როგორი მეთოდოლოგიაა მათთვის უკეთესი, რა თქმა უნდა, რეგიონის უნიკალურობის გათვალისწინებით.
„ნატურლენდის“ ექსპერტების - ევა გემელის, აქსელ სეკის, ამალ მიზანეს და ლაშა ჭანტურიას დახმარებით, ასოციაციის მევენახეებმა განიხილეს სხვადასხვა ბიოპრეპარატის გამოყენების გზები, დოზები და შესაძლებლობები. როგორც ექსპერტებმა განმარტეს, ვენახის მოვლის და განსაკუთრებით - წამლობის შემთხვევაში, პრეპარატის შერჩევისასაც მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ვენახის მდებარეობა, რეგიონის თავისებურებები და არსებული პრაქტიკული გამოცდილება.
17 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო Golden Tulip Design-ში პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიწვეულ ასოციაციის წევრ მევენახე-მეღვინეებს „ნატურლენდის“ ექსპერტებმა დეტალურად გააცნეს პროექტი „ეკოლოგიური საქართველო - მომავლის მეურნეობა“ და ორგანიზაცია Naturland e.V.-ის საქმიანობა, მათი სამომავლო ხედვები ქვეყანაში ნატურალური ღვინის წარმოების განვითარების კუთხით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის ბიო და ნატურალური სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ეკომონომიკურ პროგრესს მუდამ თან უნდა ახლდეს ეკოლოგიის დაცვა და ბიომიმართულებაზე სახელმწიფოს და საზოგადოების აქცენტირება.
ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საინტერესო ანიმაციები ბუნებრივ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ხერხებით მარტივად და გასაგებად იყო მოწოდებული ინფორმაცია, რაც ამგვარი შეხვედრებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წარმომადგენელმა ესპერტებს მოკლე პრეზენტაციით ასევე გააცნო ასოციაციის საქმიანობა, მიზნები და მიღწეული შედეგები. შეხვედრაზე მყოფმა ასოციაციის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვებს ასოციაციაში გაწევრიანებასთან, პესტიციდების და ჰერბიციდების გამოყენების აკრძალვასთან და ღვინოში დანამატების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით.
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული შეხვედრის დასკვნით ნაწილში ასოციაციის წევრებმა და ნატურლენდის ექსპერტებმა ერთმანეთს გაუზიარეს კახეთში, იმერეთსა და თბილისში სამდღიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული დაკვირვებები, ცოდნა და გამოცდილება, ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.
ლევან სებისკვერაძე