ქართველი მეღვინეები „ამორიმის“ წარმომადგენელს შეხვდნენ
ქართველი მეღვინეები „ამორიმის“ წარმომადგენელს შეხვდნენ

სიახლე15-07-2023

ბოლო დროს ქართველი მეღვინეები ხშირად საუბრობენ ღვინის ბოთლის საცობის ხარისხის პრობლემაზე. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც მეღვინეებს რთულ წელს გამოტარებული და უკვე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო სწორედ საცობის უხარისხობის გამო გაფუჭებიათ.

 

სწორედ ამიტომაც, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრი მცირე მარნების წარმომადგენლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო თბილისში   ცნობილი საცობების მწარმოებელი კომპანიის, „ამორიმის“ აღმოსავლეთ ევროპის გაყიდვების მენეჯერის, ვლადიმირ ადრონაჩის სტუმრობა, რომელიც 5 ივლისს სასტუმრო Glarros OldTown-ში ქართველ მევენახე-მეღვინეებს შეხვდა და ღვინის საცობის რაობაზე და მისი საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

 

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ მეღვინეები, რომლებსაც საცობის ხარისხის საკითხი განსაკუთრებით აინტერესებთ. პრეზენტაციის დიდი ნაწილი სწორედ ამ თემას მიეძღვნა. ამას გარდა, ვლადიმირ ადრონაჩიმ დამსწრე საზოგადოებას უამბო კომპანია „ამორიმის“ და პირადად მისი საქართველოში საქმიანობის შესახებ. 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მეღვინეებს საშუალება ჰქონდათ, პასუხები მიეღოთ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.

 

დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები შემდგომშიც არაერთხელ გაიმართება და კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება.