ლეჩხუმის ბუნებრივი ღვინო და დიდი მომავალი
ლეჩხუმის ბუნებრივი ღვინო და დიდი მომავალი

სიახლე28-06-2023

მთებში ჩაკარგული და ტყეებში ჩაფლული პატარა ლეჩხუმი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონია. ლეჩხუმს მხოლოდ ერთი რაიონული ცენტრი აქვს და ამ ღვინის მხარის ისტორიაც ცაგერში და მის გარშემო მდებარე სოფლებში იწერება. ლეჩხუმის საუკეთესო ვენახები ორი მთავარი მდინარის - რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში, მაღალი დახრილობის მზიან ფერდობებზეა გაშენებული.

ცხენისწყლის ხეობაში მდებარე დაბა ცაგერის გარშემო ულამაზესი სოფლებია გაშენებული. აქვეა ლეგენდარული ზუბი-ოყურეში-ისუნდერის მიკროზონა, სადაც მთავარი ვაზის ჯიში აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ყურძენი - უსახელოურია. ასევე ცხენისწყლის ხეობაშია სოფელი ორბელი, სადაც ლეჩხუმის ცნობილი წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, ორბელური ოჯალეშია გავრცელებული. ეს ჯიში ცაგერის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც უხვად გვხვდება, მაგრამ საკუთრივ ორბელი, ორბელური ოჯალეშის მთავარ ტერუარად არის მიჩნეული, რაც ვაზის ჯიშის სახელწოდებიდანაც ჩანს.

ლეჩხუმის აბორიგენული ვაზის ჯიშების უმეტესობა დაკარგული და მივიწყებულია. მათი აღდგენა ურთულესი ამოცანაა და ჯერ კიდევ არ ჩანან ენთუზიასტები, რომლებიც ამ საქმეს ხელს მოკიდებენ. ლეჩხუმის უმთავრესი საწარმოო ვაზის ჯიში ამჟამად ცოლიკოურია. დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული ამ იმერული ვაზის ჯიშის ვარიაცია - მწვანე ცოლიკოური ლეჩხუმში ფართოდ არის გავრცელებული. მას ადგილობრივები ლეჩხუმურ ცოლიკოურადაც მოიხსენიებენ. განსაკუთრებული და გამორჩეულია რიონის ხეობაში მდებარე ტვიში-ალპანას მიკროზონა, სადაც მოწეული ცოლიკოური უმაღლესი ხარისხის საღვინე ყურძნადაა მიჩნეული და მისგან საბჭოთა პერიოდიდან პოპულარული ნახევრადტკბილი „ტვიშის“ გარდა, შესანიშნავ თეთრ მშრალ ღვინოებსაც აყენებენ. ამავე ხეობაშია სოფელი ორხვი, სადაც დღემდე შენარჩუნდა ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია, რასაც საქართველოს მრავალ სოფელზე სამწუხაროდ ვერ ვიტყვით.

პატარა ლეჩხუმიდან ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ სულ სამი წევრი მცირე მარანი ჰყავს. იმ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, რაც ზოგადად ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში ბოლო 20 წლის წინ არსებობდა, წინსვლად შეიძლება შეფასდეს იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც ლეჩხუმში ვენახს მკაცრი ორგანული წესებით უვლიან და მარნებში ბუნებრივ (ნატურალურ) ღვინოს აყენებენ.

„ასათიანის ღვინო“ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი-ძველი წევრია. მარანი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში მდებარეობს. დასახელებიდანაც ჩანს, რომ ეს არის ასათიანების მარანი, რომელიც დაფუძნებულია ღვინის დაყენების ძველ ოჯახურ ტრადიციებზე. „ასათიანის ღვინო“ ცოლიკოურისგან მშრალ და ნახევრადმშრალ ღვინოებს აწარმოებს, ბუნებრივი მეღვინეობის წესების დაცვით. ვენახები მარნის გარშემოა გაშენებული. ვაზის დიდი ნაწილი ძველია - 70 წლის ასაკის. ამიტომ ასათიანები ცდილობენ, განაახლონ ძველი ვენახები. „ასათიანის ღვინო“ ძირითადად ექსპორტზე იყიდება.

ტვიშის ცოლიკოურიდან დაყენებულ ბუნებრივ ღვინოს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს მიკროზონის კლიმატი და მინერალებით სავსე ნიადაგი. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი „მუშკუდიანის მარანი“ ასევე სოფელ ტვიშში მდებარეობს.  ვენახებს და მარანს უმეტესწილად უვლის დიმიტრი და ნინო მუშკუდიანების მამა, ვალერი მუშკუდიანი და მათი 83 წლის ბებია. დიმიტრი და ნინო მუშკუდიანები კი მუშაობენ მარნის განვითარების სტრატეგიაზე და მარკეტინგზე. მუშკუდიანების მთავარი საღვინე ჯიში, ასათიანების მსგავსად, ტვიშის ცოლიკოურია, რომელსაც ცისტერნებში აყენებენ. ოჯახს, ასევე, უკვე აქვს ქვევრები და სამომავლოდ ქვევრის ღვინოსაც დააყენებს. მუშკუდიანების, ისევე როგორც ასოციაციის სხვა წევრების ვენახები, იწამლება ორგანულ მევენახეობაში დაშვებული პრეპარატებით. ღვინოს კი ბუნებრივი მეთოდებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე აყენებენ. 

ბუნებრივი მეღვინეების ერთობას სულ ახლახან შეუერთდა სოფელ გვესოში, ისტორიული გვესოს ციხის გვერდით მდებარე მცირე საოჯახო მარანი „თამანი“.  მარნის სახელწოდება ცოლ-ქმრის - ეკატერინე ცვარიანის და ზაზა მუშკუდიანის შვილების სახელებით შედგენილი სიტყვაა. საინტერესოა, რომ „თამანის“ ვენახებში გაშენებულია ორნაირი ცოლიკოური - ყვითელი და მწვანე. ერთ სოფელში, ერთნაირ კლიმატურ პირობებში და ნიადაგზე გაშენებული ცოლიკოურის ამ ვარიაციების ყურძნისგან ცალ-ცალკე დაყენებული ღვინოები უდავოდ საინტერესო იქნება ვაზის საღვინე ჯიშების კვლევით დაინტერესებული ადამიანებისთვის. გარდა ღვინის ხარისხისა, „თამანის“ ვენახების და მარნის ადგილმდებარეობა მიმზიდველი და გამორჩეულია. მალე „თამანი“ ქართველ და უცხოელ ტურისტებს მიიღებს. 

ასოციაციის კიდევ ერთ მეღვინეს, ზაზა გაგუას, მართალია, მარანი ცაგერში არა აქვს და მისი ვენახებიც და მარანიც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულშია, მაგრამ მეღვინეობის დაწყებისთანავე დიდი ინტერესი ჰქონდა ორბელური ოჯალეშის მიმართ. ამიტომაც, იგი წლებია სამეგრელოში მოწეული სახელგანთქმული მეგრული აბორიგენული ოჯალეშის პარალელურად, თავის მარანში აყენებს ორბელში მცხოვრები პარტნიორი მევენახისგან - გოჩა ბურჯალიანისგან შეძენილ ორბელურ ოჯალეშს. ამგვარად, ზაზა გაგუას „მარტვილის მარანი“ მარანი საინტერესოა იმ მხრივ, რომ იქ მეგრული და ლეჩხუმური ოჯალეში გვერდიგვერდ არის დაყენებული. 

ღვინის დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ლეჩხუმი დიდი პოტენციალის  მეღვინეობის მხარეა და აქაურ როგორც თეთრ, ასევე წითელ, სრულიად უნიკალურ ვაზის ჯიშებს მთლიანად ქართული მეღვინეობისთვის ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია. ღვინო მხოლოდ ცნობადობით არ ფასდება. მისი ერთ-ერთი მთავარი დადებითი მახასიათებელი უნიკალურობაცაა. ამ მხრივ კი ლეჩხუმი ნამდვილად უპირველესი მხარეა!

 

ლევან სებისკვერაძე