მწვანე ოპერაციები ვენახში - ყოველწლიური აუცილებელი დახმარება
მწვანე ოპერაციები ვენახში - ყოველწლიური აუცილებელი დახმარება

სიახლე22-06-2023

მაისის ბოლოს, ივნისის პირველ ნახევარში ვენახებში მწვანე ოპერაციების დროა, რასაც მევენახეები ვაზის „გაფურჩქვნას“, „გამორჩვას“ ეძახიან, ხოლო აგრონომები - მწვანე სხვლას. ეს პროცესი მიზნად ისახავს ვაზის ზრდა-განვითარების რეგულირებას. მწვანე ოპერაციების ჩატარება დამოკიდებულია ვაზის ზრდის სიძლიერესა და ფორმირების წესზე. მნიშვნელოვანია, ეს საპასუხისმგებლო სამუშაო ვენახში მცოდნე ადამიანმა გააკეთოს და დაიცვას წესები, რომლის უგულვებელყოფამ შესაძლოა, უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მევენახე-მეღვინეების დიდ ნაწილს მწვანე ოპერაციების ჩატარების მათეული, ხშირად ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდოლოგია აქვთ შემუშავებული. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია მევენახის გამოცდილებაზე და რეგიონის თავისებურებებზე, ასევე - მცენარის ცოდნაზე. გამოცდილი მევენახე იტყვის ხოლმე - ვაზი თვითონ გელაპარაკება და გეუბნება, რა უნდაო. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მევენახეს რამდენი და როგორი ხარისხის მოსავლის მიღება აქვს კონკრეტულ წელს მიზნად დასახული.

ვაზის სოკოვანი დაავადებების გაჩენამდე, მწვანე ოპერაციები საქართველოში თითქმის არ ტარდებოდა. დასავლეთ საქართველოში ხეებზე ასული ვაზის სხვლა-ფორმირება ფაქტობრივად არ ხდებოდა, რაზეც უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებშიც ვხვდებით ინფორმაციას. დღესდღეობით, როცა ვაზის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა მევენახის აუცილებელი გეგმაა, გაფურჩქვნის შემდეგ ვიღებთ შედარებით ნაკლებ ფოთლებს ვენახში და მტევნებსაც უკეთესად ესხმება წამალი.

მწვანე ოპერაციების ხერხებსა და მიდგომებზე nwa.ge ესაუბრა ასოციაციის წევრ მევენახე-მეღვინეებს სამი რეგიონიდან (ლეჩხუმი, კახეთი, გურია). 

ზაზა მუშკუდიანი, „თამანი“(ლეჩხუმი): „ჩვენთან მწვანე სამუშაოების დროს, ერთ კვირტზე ამოსული ორი ყლორტიდან ირჩევა ერთ-ერთი, რომელსაც ვთვლით, რომ არსებობისა და გახარების უფრო დიდი პოტენციალი აქვს. შემდგომში ამ ყლორტიდან, ფოთოლსა და ღეროს შორის, გამოდის გამონაზარდი, რომელსაც ლეჩხუმში ბუშს (ნამხრევებს) ვუწოდებთ. შემდეგ ეტაპზე ამ ბუშებს ვაცლით და საბოლოოდ კი მას სპეციალური აკაციის ხის კანისგან დამზადებული ასახვევებისგან ვახვევთ მავთულზე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ჩვენეულ, განსხვავებულ ახვევის მეთოდად. გაფურჩქვნა ხელს უწყობს ვაზს, რომ მზემ და ჰაერმა უკეთესად მიაღწიოს ნაყოფამდე. ვენახს სცილდება ზედმეტი ფოთლები ან ის ყლორტები, რომლებიც ერთ ადგილას რამდენიმეა ამოსული. შესაბამისად, გაფურჩქვნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ვაზის მოვლისა და ნაყოფიერებისათვის“.

„ბუნებრივი ღვინის“ წევრი მეღვინეების ნაწილს მიაჩნია, რომ ვაზის ყლორტების წვერების გადაჭრა საჭირო არაა და მავთულებზე მათი გადახვევაც შეიძლება. გადაჭრისას ზიანდება მცენარე და მის ბუნებრივი ზრდა ფერხდება. ამ მიდგომას ყველა არ იზიარებს, რადგან ბევრი ფოთოლი წვიმიან ამინდებში ზრდის სოკოვანი დაავადებების გაჩენის რისკს. ამიტომ ყლორტების გადაჭრა ჭრაქით თუ ნაცრით ვაზის დაავადებისგან დაცვის ხერხია. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ საჭიროა ზომიერება და ვაზს ფოთლები ზედმეტად არ უნდა გაეცალოს.

გურამ მაისურაძის საოჯახო მარნის - „ნადელების“ ვენახები თელავში, სოფელ კურდღელაურშია. აქ ხშირია გვალვა და ზოგჯერ - სეტყვა. კლიმატური პირობები კიდევ დამატებითი ფაქტორებია, რაც უნდა გაითვალისწინოს მევენახემ მწვანე ოპერაციებისას. გურამ მაისურაძე ვაზს გრძლად გაზრდილ ყლორტებს ყოველთვის აჭრის - სწორი ფორმირებისთვის და ზედმეტი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, მაღალ ყლორტებზე წამალი ვერ ხვდება ხშირად და ეს ვაზის დაავადებების გავრცელებას იმ ადგილიდან უწყობს ხელს. 

გურამ მაისურაძე, „ნადელები“ (კახეთი): „ვცდილობთ, სწორად დავგეგმოთ ვაზის ფორმირება, როგორც წლევანდელი, ისე მომავალი წლის პერსპექტივით. მწვანე ოპერაციებით თავიდან ვიცილებთ ზედმეტ დაავადებებს, ხელს ვუწყობთ ყურძენს უკეთესი ხარისხის მიღებაში და ვაზი ვაზს ემსგავსება. რამე გამორჩეული მიდგომა მწვანე ოპერაციებთან მე არ მაქვს. როგორც მიღებულია ყვავილობის შემდეგ პერიოდში ვცდილობ ზედმეტი ნამკვრევის გაცლას, თუ გვაქვს ჭარბი ან დაავადებული მტევნები, მათ ვაცლით და თავებსაც ვაჭრით თავის დროზე. ფოთლების რაღაც დოზით გაცლა ალბათ მისაღებია და  უკეთესია აერაციისთვის, მაგრამ ზედმეტად გაცლა პირიქით საზიანოც კია ვაზისთვის და ყურძნის დამწიფებისთვის. ბოლო პერიოდში, დაახლოებით 3 წელია, ფაქტობრივად აღარ ვაცლი არც ერთ ფოთლს, ორი მთავარი მიზეზის გამო: ერთია გვალვა, როცა მზისგან დავიცავით მტევნები, რათა არ გადამწვარიყო და მეორე მიზეზი და უკიდურესობაა ის წელი, როცა სეტყვა მოვიდა ვენახში და ბევრი ფოთლის წყალობით შედარებით უკეთ დავიცავით მტევნები“.

გურიის რეგიონის მევენახეობის ვაზის ჯიშები - ჩხავერი, საკმიელა და სხვები ტრადიციულად მაღლარი ვაზის ჯიშებია და მათი ზრდა თვალშისაცემად მეტია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშების. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრის, დავით კობიძის თქმით, გურიაში შემორჩენილია მაღლარი ვენახები - ე. წ. ოლიხნარზე ფორმირებული. ასეთ ვენახებში ვაზის ზრდა მის ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოებულია. ამიტომ მაღლარი ფორმირების ვენახში ზოგჯერ საკმარისია წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაფურჩქნა და ერთხელ ან ორჯერ მუხლთაშორისი ნაზარდების შეცლა („გადუყვა“) და ალაგ ალაგ ჩამოყრილი ლერწების აკვრა.

დავით კობიძე, „დავით კობიძის მარანი“ (გურია): „ხარისხიანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მწვანე სამუშაოების ჩატარება. გაფურჩქნულ ვენახში იზრდება  ჰაერაცია და იკლებს მავნებელი მწერების რაოდენობა. ვაზი აღარ ხარჯავს ენერგიას ზედმეტ  (უნაყოფო) ლერწებზე. მწვანე ოპერაციებისას ვითვალისწინებ ვაზის ჯიშს და ფორმირებას. ჩხავერი უფრო ხშირად ითხოვს გაფურჩქნას, ვიდრე სხვა გურული ჯიშები. დაბლარის შემთხვევაში პირველ მწვანე სამუშაოს ვატარებ მაისის დასაწყისში, ვაცლი უმტევნო და ორმაგი ლერწებიდან ერთ შედარებით სუსტს, შტამბზე ამოყრილ ზედმეტ ლერწებს (ხშირად მტევნიანსაც). მეორედ იგივეს ვიმეორებ დაახლოებით მაისის ბოლოს ყვავილობის დაწყებამდე. ამ დროს თან ხდება ლერწების მავთულებზე აკვრა. მესამედ, დაყვავილების შემდეგ, კიდევ ვაკრავ და ისევ ვაცლი მუხლთაშორისებს (დუყებს) გურულები ამ ოპერაციას გადუყვას ვეძახით. ივლისში კიდევ ვაცლი მუხლთაშორისებს და ლერწის ძირზე ერთ ან ორ ფოთოლს, შემდეგ წვერებს ვაცლი და ბოლოს - ცის გახსნა“.

კონვენციურ ვენახებში ხშირად ნათლად ჩანს განადგურებული ბიომრავალფეროვნება და ბუნება. ჰერბიციდისგან და ქიმიური სასუქებისგან დაზიანებული და გამოფიტული ნიადაგის გარდა, თვალშისაცემია ფოთლებისგან გაძარცვული ვაზები, რომელთა ზრდა და ვეგეტაცია, ფაქტობრივად, შეწყვეტილია და ამ გზით თითქოსდა ვაზი უფრო დაცულია დაავადებებისგან და მიიღწევა ყურძნის სწრაფი დამწიფება. ბუნებრივი, ორგანული ვენახები სულ სხვანაირად გამოიყურება - ვენახში შენარჩუნებულია ბალახის საფარი და ვაზიც ბუნებრივად გამოიყურება, რადგან მწვანე ოპერაციების ჩატარებისას ორგანულ მევენახეებს თითქმის არასოდეს ღალატობთ ზომიერება.

 

ლევან სებისკვერაძე