სიახლე . 10-04-2024
დაწყება დამწყებისგან
თაკო ჟურულის ბლოგი
[ჟუკა-სანოს მარანი]
ადრე, რაღაცნაირად, მეცინებოდა ხოლმე, როცა მესმოდა დედები შვილებზე პირველ პირში ყვებოდნენ: „ჩვენ ავად გავხდით“, „სკოლაში წავედით“, „ღია გაკვეთილი გვქონდა“... ვფიქრობდი, რატომ ლაპარაკობენ შვილების სახელით, რატომ აიგივებენ თავს მათთან, ბავშვი რომ სხვა ადამიანია, თავისი ცხოვრებით, თავისი გზით-მეთქი... მოკლედ ამა თუ იმ დედაზე გარკვეულ შთაბეჭდილებას ვიქმნიდი ჩემთვის.
მერე ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე გამონაკლისების გარეშე, როცა სხვაზე მოლაპარაკეს იგივე ემართება - მეც იმ დედებს დავემსგავსე, ოღონდ ვენახთან მიმართებაში და ეს ჩემგან დამოუკიდებლად, თავისთავად მოხდა.
აი, მაგალითად, როცა ვენახზე ვფიქრობ ან ვლაპარაკობ, აშკარად მისი სახელით ვლაპარაკობ, მისი სხეულის ნაწილად, მის ორგანულ ნაწილად აღვიქვამ თავს, ანუ იქ, ვენახში, იმ გარემოში, იმ სურნელში, შრიალში, ხმებში, ფოთლებში, მწერებში, ბალახში, მზეში, ნიავში - ყველაფერში ერთ-ერთი მეც ვარ, თაკო, დამწყები.
ახლა, როცა უკვე ზეპირად ვიცი ჩვენი ძველი ვენახი, ჩვენი 40 მეასედი, ზედ გაშენებული კოლმეურნეობის დროინდელი 334 ძირი რქაწითელი, 16 ძირი მწვანე და 3 ძირი იყალთოს წითელი - შემიძლია ვთქვა, რომ ვენახი არის ყველაზე ბუნებრივი გარემო ჩემთვის, ყველაზე ცოცხალი ადგილი დედამიწაზე, ყველაზე სურნელოვანი, ყველაზე ჩუმი და ყველაზე ხმაურიანი ადგილი. ყველაფერი მიყვარს - დილით რომ ვდგები და იქ გადასასვლელად ვემზადები, მერე რომ ვუახლოვდები, პირველი რიგი რომ გამოჩნდება და თვალს შევავლებ, რიგებს შორის რომ შევაბიჯებ, ალავერდის სილუეტს რომ მოვძებნი და იქაურობის ნაწილი რომ ვხდები.
გივი მარგველაშვილს აქვს ასეთი პოსტმოდერნისტული რომანი - „მუცალი“, რომლის დაწერაც „ალუდა ქეთელაურმა“ და „მერანმა“ შთააგონეს. ამ რომანში ნაწარმოების პერსონაჟები ლაპარაკობენ, შიგნიდან ყვებიან თავიანთ ამბავს, შუა წიგნიდან, შუა სტრიქონებიდან გვეხმიანებიან. მე წიგნის პერსონაჟი ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნში ვცხოვრობო... ჩვენ მრავალფეროვან, ფართოდ განშტოებულ თემატურ ნათესაობას ვქმნითო... ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ეგრეა!
და მეც ასე აღვიქვამ თავს, ვენახიდან ვიყურები, ჩემგან კი არა, ჩემი სახლიდან ან რვეულიდან კი არა, შუა ვენახიდან ვხედავ სამყაროს და ეს გამოუთქმელი ბედნიერებაა. ხოდა, გავიღვიძეთ ახლა მე და ჩემმა ვენახმა, გამოვიკვირტეთ. და ამ გადმოსახედიდან ვყვები, ვენახის სახელით... ჩათვალეთ, რომ ორივე ვლაპარაკობთ.
სავარაუდოდ, ამ ნაწერით დაიწყება ბლოგების მთელი სერია, რომლის ავტორები ასოციაციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები იქნებიან, მათ შორის - უხუცესი მევენახეები და მეღვინეები, ლეგენდები. დაე, ეს ნაწერი სერიის შესავალივით იყოს, შესავალი დამწყებისგან, რომელსაც აბედნიერებს ის, რომ სხვებთან ერთად, უკვე გამოცდილებთან და განბრძნობილებთან „თემატური ნათესაობა“ აკავშირებს. და რაკი ასეა, ალბათ, ყველას ეცნობა ის, რაზეც ვწერ, ყველამ ვიცით, როგორი ფუფუნება, როგორი გამართლებაა ვენახში დგომა და იმავე დროს - როგორი თავის ტკივილი.
გაზაფხულზე, საგაზაფხულო სამუშაოებზე მოყევიო, ალეკომ, ცქიტიშვილმა. გაზაფხული დადგება თუ არა, ცაში ვიწყებთ ყურებას _ ხან წვიმას ველოდებით, ხან ვნატრობთ, არ გაწვიმდეს. გაზაფხული იწყება ტრაქტორების არიხინებით და ვენახებში ქალთა ბრიგადების ახმაურებით. ჩვენს ვენახში არავის ვუშვებთ, თვითონაც მშვენივრად ვუვლით, მაგრამ მეზობლებთან უკვე გამოჩნდნენ ქალები უნიფორმებში - თბილი წინდებით, სპორტული შარვლებით, შარვლებზე კაბებით, კაბებზე ჟაკეტებით და თავზე ჩალის ქუდებით - თავით ფეხებამდე შეფუთნილები. არადა, მზე ჯერ ისე არ აცხუნებს.
ჩვენთან არც ტრაქტორი არიხინებულა, არ დაგვიხნავს მიწა კარგა ხანია. არ გვაქვს ტრაქტორი, სამმეტრიანი რიგთაშორისების დამუშავებაზე კი, მით უფრო, რომ ირგვლიც დიდი ქვებია მიმობნეული, არავინ გვთანხმდება. დახვნით კი დაგვიხნავენ, მაგრამ კულტივაციაზე ამბობენ უარს, იმხელა ქვები ტრაქტორს გაგვიფუჭებსო, მხოლოდ დახნულში სიარული კი, შეწამვლის დროს ან მწვანე ოპერაციებისას, გვიჭირს ძალიან, ამიტომ თავს ვიმშვიდებთ და ვამბობთ, გაკორდება უხდება ორგანულ ვენახსო. არადა დავხნავდი სიამოვნებით და ვიცი, ძალიან მოუხდებოდა! ამ ბოლო დროს ჩვენს მოსავალს ვატყობ დამწიფება უჭირს, მახსოვს ძველი გადაცემა „ფერმა“, სადაც სოლიკო ცაიშვილი ლაპარაკობს თავის ვენახებზე - ჯერ რქაწითელზე და შემდეგ ახალშეძენილ მწვანეზე. და იქ ერთგან ამბობს სწორედ, გადავირიე, არა და არ დამწიფდა ყურძენიო. მერე სადღაც წავიკითხე, მგონი პუტცისთან, რომ დამწიფებასა და შაქრიანობის მომატებას ეხმარება მიწის დამუშავება, დიდი ხნის გაკორდებული მიწის დამუშავება.
რას დავაკვირდი ჩემი მეზობლებისგან - ხომ თითქოს უნდობლად ვუყურებ, სულ ვეჭვობ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ, რჩევას რომ მაძლევენ, ეგრევე წიგნებისკენ გავრბივარ, რომ გადავამოწმო, მაგრამ შუა მუშაობის დროს ვხვდები, რომ ვენახისას რასაც ამბობენ, ზუსტად ეგრეა, აი, მაგალითად, ფუჩეჩით დაკავება. რამდენჯერ მითხრეს - არასწორად აკავებო, ფუჩეჩი შენგან უნდა შეაბა, მერე შენკენ მოსწიო და ეგრევე განასკვოო, მე მაინც უკუღმა ვაკეთებ... და ბოლოს უხერხულად ვაკვეტებ თითებს და ისე ვნასკვავ. სულ პატარა ნიუანსიც კი გათვლილია საუკუნეების განმავლობაში. არა უშავს, რაც ახლა შემეშალა, მომავალ გაზაფხულზე გამოვასწორებ.
გაზაფხული ხომ, როგორც ახალი ფურცელი, ისეა. ყველაფერი წინ გაქვს, ჯერ შეცდომა არ დაგიშვია და არაფერზე ნერვიულობ! სრული შეგრძნება, რომ ყველაფერი წესრიგშია და იწყებ! დაწყებები კი ყველაზე ყველაზე მაგარი რამეა.