სიახლე . 02-10-2024
ქართული ბუნებრივი ღვინოები პარიზის Raw Wine 2023-ზე
12-13 მარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი, Raw Wine Paris 2023 გაიმართა. ფესტივალი პარიზის გარეუბანში, კონიაკის სახდელი ძველი ქარხნის სივრცეში გაიმართა და საქართველოდან მასში, ტრადიციულად, მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი ქართული მარნები მონაწილეობდნენ. წელს ფესტივალში რეკორდულად ბევრი - 17 ქართველი ბუნებრივი ღვინის მარანი მონაწილეობდა.
ბუნებრივი ღვინის წარმოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება პოპულარული. Raw Wine Paris 2023-ში 15 ქვეყნის 156 მარანი მონაწილეობდა და ესეც რეკორდულ რაოდენობად უნდა ჩაითვალოს.
ფესტივალის მასპინძელი ფრანგი მეღვინეების შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე მეტი მარანი სწორედ საქართველოდან იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილე ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია: ახმეტის ღვინის სახლი, ალექსანდრეს მარანი, ანაპეა,ღვინო ანბანი, ანდრიას ღვინო, მეღვინეობა ართანა, ბაიას ღვინო, დემის ღვინო, დორემი, ექიმის ბიო-მარანი, გაბრიელის ღვინო, გაიოზ სოფრომაძის მარანი, იასეს მარანი, მეღვინეობა თილისმა, ველინო, კობიძეების მარანი, მუშკუდიანის მარანი. მცირე მარნების საფრანგეთში ვიზიტი და ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით მოხერხდა.
პარიზის ბუნებრივი ღვინოების ფესტივალი წარმატებული გამოდგა ქართველი მეღვინეებისთვის. მათი ღვინოებით სხვადასხვა ქვეყნის რესტორნების, ბარების, ღვინის მაღაზიების მფლობელები დაინტერესდნენ. განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ქვევრში დაყენებული ქართული ქარვისფერი ღვინო. ასეთი ტიპის ღვინისადმი დიდ ინტერესს იჩენდნენ ფესტივალზე უბრალოდ ღვინის დასაჭაშნიკებლად მისული სტუმრებიც, რადგან პირველივე დღეს გახდა ცნობილი, რომ ქართველებს ყველასგან სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი.
მარიამ კაკიაშვილი-რუაძე, ექიმის ბიო-მარანი: „ჩვენი მარნის ღვინოებისადმი დიდი დაინტერესება გამოთქვეს რესტორნების მფლობელებმა, ფრანგებმა. ასევე მოლაპარაკება გვაქვს გერმანელ ღვინით მოვაჭრეებთან და იმედია, ისინიც წაიღებენ ჩვენს ღვინოებს. გვაქვს რქაწითელის, ხიხვის და საფერავის ღვინოები. დასაწყისისთვის დიდ რაოდენობაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ მთავარია, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას“.
გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „ჩემი ღვინისდამი განსაკუთრებული ინტერესი გერმანელმა ექსპორტიორებმა გამოიჩინეს. ასევე იყვნენ ფრანგებიც. ძირითადად ქვევრის თეთრი ღვინო მოსწონთ, მაგრამ საფერავის მიმართაც არის ინტერესი. მთხოვენ ღვინის დამატებითი ნიმუშების გაგზავნას და როგორც ჩანს, კონტაქტები სერიოზულ სახეს მიიღებს. ევროპაში, ზოგადად, ახლა ქარვისფერ ღვინოს უფრო მეტს ვყიდი - ვიდრე წითელს. საქართველოში კი - პირიქითაა“.
გიორგი ჩაჩუა, „ანბანი“: „ჩემი დაკვირვებით, ამ ფესტივალზე უფრო მეტად ქარვისფერი ღვინისადმი იყო დაინტერესება. ძირითადად სხეულიანი, ტანინიანი, ღვინოები მოსწონთ. წარმოდგენილიც, ძირითადად, სწორედ ასეთი ღვინოები გვქონდა. იყვნენ ფრანგი და გერმანელი იმპორტიორები, რომლებთან ინფორმაცია გავცვალეთ და მათი ინტერესი, წესით, რეალურ საქმეში უნდა გადაიზარდოს. ასევე იყვნენ ტაივანელები და იაპონელები. მათთანაც გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია და შემდგომში ამ ადამინებთან დაკავშირებითაც კარგი კონტაქტების იმედი გვაქვს“.
ბექა ჯიმშელაძე, მარანი „ველინო“: „იყო 5-6 მეტი ადამიანი, ვინც დამიკავშირდება და გავაგრძელებთ პარტნიორობას. ღვინოს 12 ქვეყანაში ვყიდი, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ საფრანგეთის ბაზარზე არ ვიყავი წარმოდგენილი და მიხარია, რომ ფრანგ იმპორტიორებთან გამოდის კონტაქტები. ევროპაში, როგორც იცით, ქართული ქვევრის ქარვისფერი ღვინოები მოსწონთ და ინტერესი დიდწილად ამაზეა. განსაკუთრებით კახური ჯიშების განსხვავებულობა აკვირვებთ. ჯამში ასე თუ ისე, მოვახდინეთ ფრანგებზე დადებითი ეფექტი და სამომავლო იმედებიც გვაქვს“.
ანა იმედაშვილი, „ახმეტის ღვინის სახლი“: „იყო რამდენიმე რეალური შემოთავაზება და იმედიანად ვართ. ძირითადად ორი ტიპის შემოთავაზებაა ხოლმე - უშუალოდ იმპორტიორების და ადგილობრივი ღვინის ბარების. გავცვალეთ კონტაქტები, ვისაუბრეთ ფასებზე, რაოდენობაზე და ახლა უკვე ელფოსტით ველოდებით დაკავშირებას. ქარვისფერი ქვევრის ღვინოები ძალიან მოსწონთ, რადგან განსხვავებულია. საფერავისადმიც იყო ინტერესი. ჩვენ, სანამ ღვინოს ჭიქაში დავასხამთ, ვცდილობთ, ყველას ავუხსნათ, რატომ არის ქვევრი განსაკუთრებული და უნიკალური. უმრავლესობა, ვინც ღვინის თემატიკა ასე თუ ისე იცის, ქართულ ღვინოდ ქვევრის ღვინოს გულისხმობს ხოლმე და ეს საკმაოდ ლოგიკური მგონია“.
ლაშა სოფრომაძე, „გაიოზ სოფრომაძის მარანი“: „ფესტივალზე ჩვენი მარნის ხუთი სახის ღვინო გამოვიტანეთ. ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ცალკე დაყენებული მელქოს ცოლიკოური და ასევე ცალკე დაყენებული კრახუნა. ფესტივალის მეორე დღეს იმდენი ინტერესიანი ადამიანი ვნახეთ, რომ სამომავლოდ დიდი იმედები მოგვეცა. ხუთი იმპორტიორი დაინტერესდა და მათგან თუკი ორი მაინც რეალურად იყიდის ჩვენს ღვინოს, ამაზე კარგი არაფერი იქნება. ზოგადად, ძალიან მაგარი ფესტივალია. პარიზში ვართ ბოლოს და ბოლოს და თუკი ვინმე კარგ ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ყველა აქაა. ბუნებრივი ღვინის მოყვარულ ადამიანს მეტი რა უნდა?!“
დავით კობიძე, „კობიძეების მარანი“: „ფესტივალზე წარვადგინეთ ოთხი ღვინო გურიიდან. დაინტერესება დიდი იყო როგორც ფესტივალის პირველ, ასევე მეორე დღეს. არა მხოლოდ ფრანგ, არამედ გერმანელ, ბელგიელ და სხვა ქვეყნების ღვინის იმპორტიორებს მოეწონათ ჩვენი თითქმის ყველა ღვინო და ძალიან კმაყოფილები ვართ ამით. ფესტივალზე, ასევე, ვნახეთ ძველი ნაცნობებიც. ჩვენი ღვინის პირველი პარტია პარიზში ჯერ კიდევ შარშან გამოვაგზავნეთ და მახარებს, რომ გურულ ჩხავერს ფრანგები თანდათან უგებენ გემოს. ერთი ისაა რომ სიტყვა „ჩხავერის“ გამოთქმა ევროპელებს ძალიან უჭირთ, მაგრამ აგერ ვართ ჩვენ და ვასწავლით“.
ლევან სებისკვერაძე, პარიზი-თბილისი