სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისთვის
სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისთვის

სიახლე18-03-2023

2020 წელს გამოიცა „სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისათვის“, რომელიც მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და პროგრამის - „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) თანამშრომლობით. პროგრამა ხორციელდება პასუხისმგებელი სამინისტროებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით. 

სურსათის უვნებლობის პრინციპები საბაზისო მოთხოვნებია სასურსათო პროდუქტების წარმოებისას. ნულოვანი რისკის მქონე სურსათი თითქმის არ არსებობს. „უვნებელი სურსათი“ ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ დონეებს აკმაყოფილებს და უარყოფითად არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

სახელმძღვანელოს მიხედვით, ღვინო დაბალი რისკის შემცველი პროდუქტია ბიოლოგიური საფრთხეების თვალსაზრისით. ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების არსებობის შესაძლებლობა კი არის, მაგრამ სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, იშვიათად. გასათვალისწინებელია, რომ ბიო/ორგანული ღვინო სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრული დაცვით უნდა იწარმოებოდეს, რადგან ასეთი პროდუქტიც, სხვა პროდუქტის მსგავსად, შეიძლება დაბინძურდეს სხვადასხვა დამაბინძურებლით. ამდენად, ბიომეურნეობებმა/ბიოწარმოებებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ, სხვა ბიზნესოპერატორების მსგავსად, ევალებათ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის შესრულება.

„სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო მცირე მარნებისათვის“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ღვინისა და ღვინის ტურიზმის სექტორში მოქმედ მცირე საწარმოებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვას, მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას და კომპანიების ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას.

სახელმძღვანელო რაკი პირდაპირ ეხება მცირე მარნებს და მათ საქმიანობას, ალბათ, ყველაზე საინტერესოა, ამ თემაზე რას ფიქრობენ მცირე მარნების მფლობელები. NWA.GE-მ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ რამდენიმე წევრი გამოკითხა.   

გიორგი ვოლსკი, „ანდრიას ღვინო“: „ჩვენთვის საკმაოდ კარგი სახელმძღვანელოა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უნდა დავნერგოთ GAP-ი (Good Agricultural Practices). ზოგადად საკვებ პროდუქტებს მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა რომ სჭირდება წარმოებისთვის, ეს აქსიომაა და ყველა უნდა ვითვალისწინებდეთ. სუბიექტური რომ არ ვიყო, ვიტყვი, რომ ეს სავალდებულო თუგახდება, ბევრ მცირე მეწარმეს შეექმნება პრობლემა. განსაკუთრებით, ვფიქრობ, ეს შეეხება იმერულ მეღვინეობებს,სადაც გარეთ აქვთ მარნები. ისტორიულად რატომ არის დასავლეთში გარეთ მარნები, არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს და ყველას ვეკითხები. ასეთი ტიპის მარნები, შესაძლოა, არ ჩაითვალოს უსაფრთხოდ და ასეთი მეღვინეობები, ალბათ, უფრო უნდა დაიხვეწონ“.

გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“: „ეს გზამკვლევი, თუ არ ვცდები, პირველი მცდელობაა ჩვენი საქმიანობის მომწესრიგებელი სტანდარტების თავმოყრის და ადაპტირებული ფორმით წარმოდგენის. ცხადია, მცირე მარნებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გზა აქვთ გასავლელი სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, მაგრამ ეს დოკუმენტი შესაძლებლობას ქმნის, დამატებითი სტანდარტების ძიებაში გაღებული ძალისხმევის გარეშე დაიძლიოს ეს გამოწვევა. ზოგადად, მიდგომა, რომ სტანდარტების ამაღლება არა რეპრესიული მეთოდით, არამედ ხელშეწყობითა და დარწმუნებით განხორციელდეს, შედარებით მდგრადს ხდის მიღწეულ შედეგებსაც“.

რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარანი“: „ბოლო დროს გაორებულ სინამდვილეში ვცხოვრობთ - თან ევროპულ წესებს ვთარგმნით და თან მაინც ისევ რუსულ ორბიტაზე ვტრიალებთ. თუმცა, სინამდვილე მაინც ისაა, რომ რუსეთი მარტო საქართველოში კი არა, ყველგან მთავრდება და რუსული ბაზრის ღვინოებიც წარსულს ბარდება. ჩვენს მარანშიც, სურსათის უვნებლობის კუთხით, ბევრი რამისთვის უკვე სხვა თვალით გვიწევს შეხედვა და პირველ რიგში, გარკვევა, ვისთვის გვინდა ჩვენი მარნის ღვინო - ევროპისთვის თუ არავისთვის. თუ რუსეთისთვის გვინდა, შეგვიძლია არც არაფერი შევცვალოთ და თუ ევროპისთვის, მაშინ ცოტა სისუფთავეც საჭიროა. ძალიან კარგია, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამაზე ფიქრობენ და იციან, რომ ევროპა, პირველ რიგში, კულტურული იდენტობაა და რასაც დღეს კანონი გვავალდებულებს, ხვალ აუცილებლად კულტურულ ნორმაც იქცევა. სიღარიბე ჩვენი ბრალი არ არის, ეს უფრო - ჩვენი დღევანდელი ხვედრია, მის შესაცვლელად კი ბევრი ასეთი პროექტი და ცოტა მონდომებაც გვჭირდება“. 

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://elibrary.mepa.gov.ge/Ge/Library/Details/7045

 

ლევან სებისკვერაძე