სიახლე . 04-03-2024
„ამერიმერი“ - დიდი დაბრუნება!
გლობალური პანდემიის გამო, გასული ორი წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოში არსებული ფაქტობრივად ერთადერთი ბუნებრივი ღვინის ფესტივალი - „ამერიმერი“ არ გამართულა. თუმცა, ყველაფერ ცუდს დასასრული მაინც აქვს და პანდემიის დასრულების შემდეგ „ამერიმერიც“ დაბრუნდა. ამჯერად, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ დაარსებულ ფესტივალს 10 დეკემბერს ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო „ლეგენდს სპა რეზორტმა“ უმასპინძლა. ტრადიციულად, ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ „ამერიმერი“ მესამედ ჩატარდა. მასში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრმა 80-მდე მარანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ფესტივალის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებული ღვინოები შესთავაზეს. ასოციაციის წევრი მარნები ღვინოს მხოლოდ ორგანული წესებით მოვლილი ვენახებიდან მოწეული მოსავლით აყენებენ, ისე, რომ არ ხმარობენ ინდუსტრიულ დანამატებს, როგორიცაა: ღვინის მჟავა, სელექციური საფუარი, გამწებავი ნივთიერებები და ა.შ.
„ამერიმერს“ ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრებიც განსაკუთრებული მოლოდინით ხვდებიან, რადგან უშუალოდ ღვინოების გამოფენამდე იმართება ასოციაციის წევრთა შეკრება, სადაც მეღვინეები გასულ წელს აჯამებენ, არსებულ საერთო საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობენ და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ. წელს, ასევე, ღვინოების გამოფენის წინა დღეს - 9 დეკემბერს ჩატარდა ღვინის ექსპერტის, დავით ჩიჩუას მასტერკლასი თემაზე - „ბუნებრივი ღვინისთვის დამახასიათებელ ზადები“, რომელმაც ასოციაციის წევრი მეღვინეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ტრენინგი მიზნად ისახავდა ღვინის ზადებისა და დაავადებების მიმოხილვას; ზადების პრევენციისა და გამოსწორებისათვის ბუნებრივი ღვინისათვის ნებადართულ ღონისძიებებზე დისკუსიას. ნიმუშების გასინჯვას და მსჯელობას. ტრენინგი ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით.
10 დეკემბერს, უშუალოდ ღვინოების გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ მეღვინეებს, გაესინჯათ და შეეძინათ მათი იშვიათი ღირსების ღვინოები. ფესტივალის სტუმრების დიდმა ნაწილმა პირველად გასინჯა მცირე მარნების მიერ პანდემიის პერიოდში და მას შემდეგ დაყენებული ორიგინალური ღვინოები. სწორედ ეს ღვინოები წარმოაჩენს მსოფლიოში უკვე ცნობილი და პოპულარული ქართული ღვინის თანამედროვე სახეს და მეღვინეობაში მიმდინარე ტენდენციებს.
თუკი კახეთის, ქართლის და იმერეთის ღვინის სიმრავლე ჩვეულებრივი ამბავია, ღონისძიების სტუმრებისთვის სასიხარულო სიურპრიზი იყო რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს და გურიის ბოლოდროინდელი გააქტიურება. საქართველოს ამ კუთხეებში ღვინოს ტრადიციულად ყოველთვის აყენებდნენ და ეს ტრადიციები არსად გამქრალა. ამიტომ ერთიორად სასიხარულოა ამ რეგიონებში მარნების მომრავლება და მევენახეების სურვილი, საკუთარი ვენახებიდან დაკრეფილი ყურძენი კი არ გაყიდონ, არამედ ღვინო დააყენონ და ბოთლში ჩამოსხმული გაყიდონ.
წლევანდელ „ამერიმერზე“ აშკარა იყო ბუნებრივად ცქრიალა ღვინის - პეტნატების ბუმი. გასულ წლებში ბევრი მცირე მარანი შეეჭიდა ცქრიალა ღვინის შექმნის რთულ საქმეს და მათი მცდელობები ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა სათანადოდ შეაფასეს და დააფასეს.
პანდემიისა და მისი თანმხლები პრობლემების მიუხედავად, გამოჩნდა, რომ ეს რთული პერიოდი ბევრმა მარანმა ღვინოების დასაძველებლად გამოიყენა. სტუმრების უმეტესობა აღნიშნავდა, რომ ამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გაიზარდა ქართული ნატურალური ღვინის ხარისხი და რაოდენობა. გამოჩდნენ ახალი მარნები, რომლებიც სწორედ პანდემიის პერიოდში განვითარდნენ. ეს აჩენს უკეთესი მომავლის იმედს და რწმენას, რომ წინსვლა მომავალში კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება.
ფესტივალების მონაწილე მარნების ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ქართული ღვინით მოვაჭრე უცხოელ ექსპორტიორებთან კონტაქტების დამყარება და შეთანხმებების დადება იყო. წლევანდელ ფესტივალებს ღვინით დაინტერესებული ნეგოციანტები და რესტორატორები ნამდვილად არ აკლდა და სულ მალე გამოჩნდება, რამდენმა მცირე მარანმა შეძლო სარფიანი შეთანხმებების დადება.
ღვინის ექსპორტიორების დიდი ნაწილი უკვე ისედაც მუშაობს ქართულ ბაზარზე და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეს აღარ წარმოადგენს რეგიონების და ჯიშურობის მიხედვით განსხვავებული ქართული ღვინო. ფაქტია, რომ ევროპაში და ამერიკაში ქართული ღვინის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და ქართული ღვინო აღარ არის მხოლოდ ეგზოტიკური სასმელების მოყვარულთა ინტერესის საგანი.
პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ღვინის ტურიზმის მიმართულებისთვის, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა მცირე მარნებს, რომლებიც პანდემიამდე აქტიურად მასპინძლობდნენ ტურისტებს. სამასპინძლო თუ სარესტორნო ბიზნესზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ღვინის გაყიდვებზე. თუმცა, პანდემიამ ბევრ მეღვინეს შესაძლებლობების ფანჯარაც გაუხსნა და უბიძგა, რომ გაყიდვების ალტერნატიული გზები და საშუალებები გამოეძებნათ.
ბუნებრივი ღვინის ფესტივალზე კვლავ გამოჩნდა, რომ ბოლო წლებში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ქვევრში დაყენებული ბუნებრივი ღვინოები. ქვევრის ღვინით სულ უფრო მეტი უცხოელი ღვინის მოყვარული და იმპორტიორი ინტერესდება.
„ამერიმერმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართული ბუნებრივი მეღვინეობა ვითარდება და იხვეწება. დღეს ქართული ღვინის ბაზარზე მზარდი კონკურენციაა, რაც ძალიან კარგია იმისათვის, რომ ბევრმა ახალმა მცირე მეღვინეობამ ხარისხიანი ღვინით დაიმკვიდროს თავი ბაზარზე. ამავე დროს, მსოფლიოში ბიო, ორგანული, ბიოდინამიური და ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა კვლავ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციის პირობებშიც კი კვლავ დიდი მოთხოვნაა ქართულ ბუნებრივ ღვინოებზე.