სიახლე . 10-05-2022
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 14 ახალი წევრი შეემატა
ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ 14 ახალი წევრი შეემატა. 2022 წლის გაზაფხულზე ასოციაციამ 25 მარნის განაცხადი მიიღო გაწევრიანების თხოვნით. განაცხადების განხილვის შემდეგ, წევრობის კანდიდატებთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ჩატარდა მათი პირველადი ინსპექტირება და შეფასდა მეურნეობის თავსებადობა ასოციაციის მოთხოვნებთან. საბოლოოდ, ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, ახალი წევრების მიღების თაობაზე გადაწყვეტილება ასოციაციის დამფუძნებლებმა მიიღეს.
სამწუხაროდ, წელსაც რამდენიმე მარანს ეთქვა უარი ასოციაციაში გაწევრიანებაზე. უარის მიზეზი კვლავინდებურად არის ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დაუშვებელი ნივთიერებები ვენახში (ჰერბიციდები და სისტემური პრეპარატები) და ღვინოში (ინდუსტრიული დანამატები, გამწებავი საშუალებები), რაც ეწინააღმდეგება ნატურალური მევენახეობის და მეღვინეობის ფილოსოფიას.
NWA.GE წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას ასოციაციის ახალი წევრების თაობაზე.
მუშკუდიანების მარანი საოჯახო მეურნეობაა, რომლის განვითარებაზეც ამჟამად ოჯახის ოთხი თაობა მონაწილეობს. მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში. მარანი აწარმოებს ცოლიკოურის ღვინოს, რომელსაც წარადგენს საერთაშორისო გამოფენაზე RAW WINE.
თამანი კიდევ ერთი საოჯახო მარანია ლეჩხუმიდან, რომლის ვენახები (მწვანე და ყვითელი ცოლიკოური) გაშენებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში, ისტორიული გვესოს ციხის გვერდით. ოჯახი გეგმავს უსახელოურის ვენახის გაშენებას ოყურეშში და სამასპინძლო ტურიზმის განვითარებას გვესოში.
ირმა მერებაშვილის სახით ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს" კიდევ ერთი აქტიური ქალი მევენახე-მეღვინე შეემატა. ირმას და კატოს ვენახები და მარანი კასპში, მდინარე ლეხურას ხეობაში მდებარეობს. ჩინურის, თავკვერისა და გორულას გარდა, ოჯახი ცალკე გეგმავს მესხური მწვანის ვენახის გაშენებას.
„თეძამი ვაინს“ არის ბუნებრივი ღვინის ენთუზიასტის, გიორგი მალაციძის ბიომეურნეობა, რომელიც 2016 წელს იტალიიდან დაბრუნდა მშობლიურ სოფელ გარიყულაში (კასპის მუნიციპალიტეტი) და დაიწყო ორგანული ვენახების გაშენება. გიორგი მალაციძე მეღვინეობაში იყენებს ქართლის ვაზის ჯიშების ყურძენს (გორული მწვანე, ჩინური, შავკაპიტო, ჭყაპა), ასევე, მცირე რაოდენობით აყენებს ფრანგული ვაზის ჯიშის - პინო ნუარის ღვინოს.
თეიმურაზ შარაშიძის მარანი ასოციაციას გურიიდან შეემატა.თეიმურაზ შარაშიძე 20 წელიწადია, გურიის ადგილობრივი ვაზის ჯიშების შეგროვებით და გაშენებით არის დაინტერესებული. შედარებით ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშების - ჩხავერის, ცოლიკოურის, ციცქას, ძელშავისა და ალადასტურის გარდა, თეიმურაზ შარაშიძეს გაშენებული აქვს გურიის ისეთი იშვიათი ვაზის ჯიშები, როგორიცაა: ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, ორონა, წითლანი, ათინოური, მტევანდიდი. აქვს საოჯახო სასტუმრო და ჩართულია სამასპინძლო ტურიზმში.
დავით გრემელაშვილის მარანი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში - წინანდლის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მიკროზონაში, სადაც ოჯახს გაშენებული აქვს რქაწითელის და მწვანე კახურის ვენახები. დავით გრემელაშვილს კიდევ ერთი სახლი აქვს თელავში - ქალაქის ისტორიულ უბანში, სადაც სამომავლოდ გეგმავს მცირე სამასპინძლო ბიზნესის დაწყებას.
„ნაფერები“ გიორგი ღვინაძის საოჯახო კომპანია, რომელიც ფლობს ვენახებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. იქვე, ვენახშია პატარა მარანიც. „ნაფერები“ აწარმოებს საფერავის, ქისის და რქაწითელის ღვინოს. ამავე ადგილას დაგეგმილია ტურისტული კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც ჯერჯერობით პროექტის სახე აქვს.
მეღვინეობა „დანო“ არის დავით მოსულიშვილის და ნონა მჭედლიშვილის საოჯახო მეურნეობა. საოჯახო მარანი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში. სოფლის კუთხვნილ ზვრებშია გაშენებული კახეთის ვაზის ჯიშების (რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, გრძელმტევანა, ხიხვი, საფერავი) ვენახები.
„კონდოლი ვაინერი“ მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, სადაც გაშენებულია კახეთის ვაზის ჯიშების ვენახები (რქაწითელი, ქისი, მწვანე კახური, ხიხვი, საფერავი). მარანი ამჟამად თბილისშია, მაგრამ ახალი მარანი შენდება კონდოლში, სადაც მთლიანად დაიწურება იქვე არსებულ ვენახებში მოწეული მოსავალი.
„ექიმის ბიო მარანი“ ეკუთვნის თეიმურაზ რუაძის ოჯახს. სახელწოდება სწორედ მის სპეციალობას უკავშირდება. ამავე დროს, ყურძნის მოყვანის და ღვინის დაყენების პროცესში აქტიურად მონაწილეობს მისი მეუღლე. ოჯახი ფლობს რქაწითელის და საფერავის ვენახებს. საფერავის ვენახი გაშენებულია ფაფრის მინდვრების მიკროზონაში.
„ნადელები“ ბუნებრივი ღვინის მოყვარულებისთვის კარგად ცნობილი რესტორნის - g.vino-ს ერთ-ერთი მეპატრონის, გურამ მაისურაძის საოჯახო მარანია, რომელიც მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში. ამავე სოფელშია ქისის, რქაწითელის, მწვანე კახურის, საფერავის, ხიხვის ვენახები. გურამ მაისურაძეს წლების განმავლობაში აქვს შეხება ბუნებრივ ღვინოებთან და კარგად არის ინფორმირებული როგორც ორგანული მევენახეობის, ისე ბუნებრივი ღვინის დაყენების სპეციფიკის თაობაზე. რამდენიმე წლის წინ კახეთში მამა-პაპისეულ საოჯახო მეურნეობის განვითარება გადაწყვიტა იმგვარად, რომ აწარმოოს ბუნებრივი ღვინო და მიიღოს ტურისტები.
„მანავი ვაინსის“ დამფუძნებლები არიან გოჩა დეკანოსიძე და გიორგი აივაზიანი. 2021 წელს მათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში შეისყიდეს ორსართულიანი ტრადიციული სოფლის სახლი, დიდი ეზოთი, სადაც ააშენეს ახალი მარანი ქვევრებით. აშენებენ ღვინის შესანახ, მიწისქვეშა მარანსაც. აყენებენ რქაწითელს, საფერავს და მწვანე კახურს. ვენახები მდებარეობს მანავში - მწვანე კახურის ერთ-ერთ საუკეთესო მიკროზონაში.
„ველინო“ - ბექა ჯიმშელაძის საოჯახო მარანი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში. აწარმოებს ღვინოებს - „საფერავი“, „რქაწითელი“, „მწვანე კახური“, კახური თავკვერისგან - როზეს. 2018 წლიდან აქვს ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში (კანადა, აშშ, იაპონია, ჰოლანდია, ავსტრია, სამხრეთ კორეა). მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში.
„ღვინის სახლი გურჯაანი“ ქალაქ გურჯაანში მდებარეობს. მარნის მფლობელია გიორგი ალიაშვილი, რომელიც წლებია ჩართულია სამასპინძლო ტურიზმში. გიორგი ალიაშვილის ვენახები (მწვანე კახური, რქაწითელი, ხიხვი, ქისი, საფერავი) გაშენებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხოველში.