ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრების შეხვედრა გერმანელ ექსპერტთან
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრების შეხვედრა გერმანელ ექსპერტთან

სიახლე14-09-2022

ნიადაგის მდგრადი მართვა, ვენახების დაცვა მავნებლებისგან, ბიოდინამიკა მევენახეობაში, ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ტენდენციები - ამ საკითხებზე ისაუბრა გერმანელმა ექსპერტმა პაულინ კოპფერმა ასოციაცია ,,ბუნებრივი ღვინის’’ წევრებთან ორდღიან შეხვედრაზე, რომელიც ასოციაციის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით 24-25 აგვისტოს თბილისში გაიმართა.

 

პაულინ კოპფერი წარმოადგენს გერმანიაში არსებულ ორგანულ მევენახე-მეღვინეთა გაერთიანება „ეკოვინს“. გერმანელ მევენახე-მეღვინეთა ამ კავშირს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მსგავსი მიზნები აქვს და აერთიანებს ბიომევენახეებს, ბიოდინამიკოსებს, ნატურალური ღვინის მწარმოებლებს. 

შეხვედრისას დისკუსია გამოიწვია ვენახში ნიადაგის დამუშავების ორგანული მეთოდების განხილვამ. პაულინ კოპფერის თქმით, ორგანული მევენახეობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ის, რომ მევენახემ რაც შეიძლება ნაკლებად „შეაწუხოს“ ნიადაგი. კარგი იქნება, თუკი მიწა არ ამობრუნდება, რათა ამ გზით არ განადგურდეს ნიადაგის ზედა ფენაში არსებული ბაქტერიები, რომლებიც ჰუმუსს წარმოქმნიან. გუთნით მიწა უნდა დამუშავდეს იშვიათად, 3-4 წელიწადში ერთხელ და ისიც - ისეთი გუთნით, რომ არ ამობრუნდეს მიწის ზედაპირი.

დისკუსია ასევე მოჰყვა ევროპაში დაავადებისადმი მდგრადი ვაზის ახალი ჯიშების გამოყვანის და გავრცელების ტენდენციის მიმოხილვას. საქმე ეხება გენეტიკური ცვლილებების გზით და ჰიბრიდული ჯიშების გამოყენებით, ვაზის სოკოვანი დაავადებებისადმი უფრო მდგრადი ახალი კულტურული ვაზის ჯიშების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჯიშების ნედლეული უკვე გამოიყენება და ვენახების ნაკლებად შეწამვლით მევენახეებს აქვთ სარგებელი, ამ გზით, ფაქტობრივად, რისკის ქვეშ დგება ტრადიციული მევენახეობის ქვეყნებში არსებული ვაზის ძველი ჯიშები. 

პაულინ კოპფერმა შეხვედრის მონაწილეებს თავისი ღვინოებიც გაასინჯა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელი მეღვინე ჭაჭაზე ღვინის ხანგრძლივად დაყენების მეთოდს იყენებს, რაც ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. შეხვედრის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ღვინომ, სადაც ნედლეულად გამოყენებული იყო ყურძენი 30 წლის ასაკის ვენახიდან, რომელიც არასოდეს შეწამლულა. 

პაულინ კოპფერის ორგანულ მევენახეობას და მეღვინეობას 55-წლიანი ისტორია აქვს. სწორედ ამ მრავალწლიანი წარმოების გამოცდილება გაიზიარეს და სასარგებლო რჩევები მიიღეს გერმანელი ექსპერტისგან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრმა მევენახე-მეღვინეებმა.