სიახლე . 30-04-2024
გერმანელი ექსპერტი ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ინსპექტირების გაუმჯობესებაში ეხმარება
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) კოლაბორაციის ფარგლებში აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა გერმანელი ექსპერტი, პაულინ კოპფერი. ექსპერტის მისიის ერთ-ერთი მიზანი იყო ასოციაციის შიდაინსპექტირების ჯგუფის წევრების ტრენინგი და ამ მიმართულებით ევროპული, კერძოდ, გერმანული გამოცდილების გაზიარება.
ასოციაცია „ბუნებრივმა ღვინომ“ შიდაინსპექტირების მექანიზმი დაარსებიდანვე დანერგა. 2018 წლიდან კი ასოციაციის წევრებს სავალდებულო ყოველწლიური ინსპექტირება უტარდებათ, რაც მოიცავს ვენახების ორგანული წესებით მოვლის და მარანში ბუნებრივი ღვინის დაყენების სტანდარტების შესრულების კონტროლს. ინსპექტირების ოთხწლიანი პრაქტიკის შეჯამებით, 2022 წლის დასაწყისში ასოციაციამ მსგავსი პრაქტიკის ევროპული გამოცდილების გაზიარება და ასოციაციის ინსპექტორების ცოდნის გაღრმავება დაგეგმა.
GIZ-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაციამ მოიწვია მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილების მქონე გერმანელი ექსპერტი, პაულინ კოპფერი, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში არსებულ ორგანულ მევენახე- მეღვინეთა გაერთიანებას „ეკოვინს“. გერმანელ მევენახე-მეღვინეთა ამ კავშირს აქვს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მსგავსი მიზნები და აერთიანებს ბიომევენახეებს, ბიოდინამიკოსებს, ნატურალური ღვინის მწარმოებლებს. „ეკოვინის“ სტანდარტები 1985 წლიდან ამოქმედდა, რაც 20 წლით წინ უსწრებდა ევროკავშირში ბიომევენახეობის და ბიოღვინის სტანდარტების დანერგვას. „ეკოვინს“, ისევე როგორც ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ აქვს თავისი ნიშანი, რომელსაც გაერთიანების წევრები იყენებენ თავიანთ პროდუქტზე.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ინსპექტირების ჯგუფს პაულინ კეპფერი ჯერ კიდევ აპრილში, დისტანციურად შეხვდა, შეთანხმდა ტრენინგის თემატიკა და დღის წესრიგი. 22-23 აგვისტოს ტრენინგზე კი უკვე დეტალურად გაანალიზდა ინსპექტირების პროცესი, საველე მუშაობისას ინსპექტორებისთვის შედგენილი კითხვარების სრულყოფის მიზნით.
პაულინ კოპფერმა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ინსპექტორებს გააცნო „დემეტერის“ და „ეკოვინის“ ინსპექტირების მეთოდოლოგიის საინტერესო ასპექტები და დამატებითი მეთოდები, რაც შეიძლება გამოსადეგი იყოს რისკების იდენტიფიცირებისას და სავარაუდო შეუსაბამობების ლაბორატორიული გადამოწმებისას. ექსპერტის შეფასებით, მნიშვნელოვანია ასოციაციის წევრებს და ინსპექტირების ჯგუფს შორის არსებული ნდობის კიდევ უფრო გამყარება, რადგან ასოციაციის ინსპექტირება არის არა ზედამხედველობა ან შემოწმება, არამედ მომსახურება, რა დროსაც ფასდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელება. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ასოციაციის ინსპექტორები ამავე დროს არიან ასოციაციის წევრები და მათ ვენახებს და მარანსაც უტარდება ინსპექტირება, რაც ხაზს უსვამს ინსპექტირების პროცესში კოლეგიალობას და უერთიერთნდობას - დანერგილი მეთოდოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მხარეს.
ძალიან საინტერესო გამოდგა ტრენინგის მეორე დღე - 23 აგვისტოს ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ინსპექტირების ჯგუფთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ჩატარდა ასოციაციის წევრის და ამავე დროს ინსპექტორის, ივანე სტეფანაშვილის („ვარიანის მარანი“) ინსპექტირება, რომელსაც პაულინ კოპფერი დაესწრო. მან ინსპექტირების ჯგუფს წარუდგინა ვენახის ინსპექტირების მისეული ხედვა და რეკომენდაციები. მარნის ინსპექტირებისას კი აქცენტი გაკეთდა მარანში არსებულ ნიშანდებებზე, მეღვინის ჩანაწერებსა და ღვინის შენახვაზე.
პაულინ კოპფერის აზრით, ასოციაციის წევრების მიერ წარმოებული ბუნებრივი ღვინის, როგორც საბოლოო პროდუქტის, ინსპექტირების საუკეთესო მეთოდია არა თვითონ პროდუქტის შემოწმება, არამედ ამ პროდუქტის წარმოების პროცესის შეფასება. თუმცა, ამ პროდუქტის (ღვინის) წარმოების სხვადასხვა ეტაპზე ანალიზის ჩატარებაც საჭიროა ისეთ იშვიათ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ეჭვები არსებობს ვენახში (ფოთლის შემოწმება) თუ მარანში (ღვინის შემოწმება).
ასოციაციის ინსპექტირების ჯგუფმა, თავის მხრივ, გამოკვეთა რამდენიმე საკითხი და იდეა, რაც შესაძლოა, განხილული იყოს ცვლილებებისთვის. მაგალითად, ასოციაციამ ნიშნის გარდა, შესაძლოა, გასცეს სერტიფიკატიც, როგორც სხვა ორგანოები გასცემენ. კარგი იქნება, დაიხვეწოს ვენახის მოვლის ჩანაწერები და მოსავლის მიღების ჟურნალები წევრებისთვის, რათა ინსპექტორებისთვის უკეთ იყოს მიკვლევადი ბუნებრივი ღვინის წარმოების პროცესი.