სიახლე . 01-11-2023
მევენახეები გვალვის პირისპირ
წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტია. თუ წყალი არაა და გვალვა ძალიან ინტენსიური ან ხანგრძლივია, შედეგები შეიძლება ფატალური იყოს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გაზაფხული და ზაფხული საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხშირი წვიმებით ხასიათდებოდა, ივლისსა და აგვისტოში გვალვა კვლავ რჩება აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ მევენახეებს სხვადასხვა რეგიონში წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ ასწავლათ, როგორ შეიძლება გვალვასთან გამკლავება. ამასთან, გამოცდილებას სხვა მევენახე-მეღვინეებსაც უზიარებენ.
ნიკო ბერიაშვილი, „ნიაბის მარანი“: „გვალვა ჩვენთან, ქართლში, დიდი პრობლემაა. ჩვენი ვენახები საკმაოდ ქარიან და უნალექო ადგილაა, რაც ნიადაგის გამოშრობას ხელს უწყობს. ამას ემატება ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, რა დროსაცნიადაგი ძალიან სწრაფად კარგავს ტენს. წელიწადის განმავლობაში, ვინაიდან ვაზი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ერთხელ ან ორჯერ მაინც ვრწყავთ, იმის მიხედვით თუ რამდენად ცხელი ზაფხულია. წყალი საკმაოდ ჭირს და ამიტომ ვცდილობთ, თადარიგი ადრე დავიჭირო ხოლმე. წელს მაგალითად ჯერ არ მომირწყავს, რადგან წლის პირველ ნახევარში უხვი ნალექები იყო. თუმცა, გვალვის ნიშნები ივლისში უკვე გამოხატულია“.
კახა ბერიშვილი, მარანი „ართანული ღვინო": „გვალვას ვებრძვი ბალახით. თუ შეიძლება ამას „ბრძოლა" ეწოდოს. ჩვენთან ვენახებს, რომლებსაც ხნავენ, უჭირთ გვალვაში. ჩემს ვენახს ეს ბევრად ნაკლებად აწუხებს. გვალვა ვენახებს სამწუხაროდ ზოგან ასუსტებს, ზოგან საერთოდ ახმობს. უფრო უარესია, თუკი ე.წ. დატბორვით ირწყვება ვენახი, რადგან ასეთი მორწყვა ისედაც აფუჭებს ნიადაგის სტრუქტურას".
გოჩა ჭრელაშვილი, მარანი „დიმის ფერდობი": „ვაზი რომ შეეწუხებინოს, მასეთი გვალვა ჩვენთან, ბაღდათში, იშვიათადაა ხოლმე. სხვა კულტურებს კი აზარალებს ხოლმე, მაგრამ ჩვენ მდებარეობით მთიანი ზონა ვართ. ამას გარდა, ჭაბურღილიდან ამოტუმბული წყლით ვცდილობთ, შევეწინააღმდეგოთ გვალვას. საბედნიეროდ, ბაღდათში რამდენიმე ვაკეზე გაშენებულ სოფელს აქვს სარწყავი სისტემა".
სანდრო ბუაძე, „ბუას მარანი": „სოფელ ახატანში წელს ახალშენი ვენახის პირველი წელი გვაქვს. სულ ახალი ვენახია. ბალახი ხელით ამოვიღეთ და შემდეგ, როცა შეწყდა წვიმები და დასკდა მიწა, კულტივაცია გავაკეთეთ, რათა ტენი შეენარჩუნებინა ნიადაგს. ვენახი ასევე გვაქვს კარდენახში. იქ 2020 წელი იყო გვალვიანი და ასეთ დროს როგორც წესი ბალახს ვთიბავთ ხოლმე. ჩემი აზრით ბალახი (ან სიდერატი) უნდა იზრდებოდეს, რომ ნაკლებად დასკდეს მიწა ან ნიადაგის კულტივაცია უნდა გააკეთო და გამოთოხნო ვაზის ძირები".
რეზო გეთიაშვილი, „ვაჟა გეთიაშვილის მარანი: „ბოლო წლებში გვალვების ხანგრძლივობა გაიზარდა, განსაკუთრებით მშრალი იყო 2019 და 2020 წლის ზაფხული. ნალექები შემცირდა ზამთრის პერიოდშიც. პრობლემაა ურწყავ ადგილზე ვენახების გაშენება. ბოლო რამდენიმე წელია, გვალვის გამო საფერავი ვერ ასწრებს მარცვლის სრულყოფილად ჩამოყალიბებას. კაჭრეთში მოუწესრიგებელია სარწყავი სისტემები. რამდენიმე წლის წინ მოეწყო მაგისტრალები, მაგრამ არ დაიქსელა. ნაკვეთების 80%-ის მორწყვა გართულებულია. ვენახები ზიანდება არა მარტო გვალვით, არამედ დატბორვითაც, რადგან ხალხს წყალი გადაყავს ვენახებში მისასვლელ გზებზე და ერთმანეთის ნაკვეთებზე, რაც იწვევს კონფლიქტებსაც.
ბოლო წლებში, ასევე, გაზრდილია ყურძნის შაქრიანობა და ამის გამო ღვინოში ალკოჰოლი 15 გრადუსზე დაბლა აღარ ჩამოდის. კლიმატის ცვლილების დინამიკიდან გამომდინარე, მომავალში მეტ პრობლემას უნდა ველოდოთ. ჩვენს სოფელში უკვე ყოველწლიურად შრება წყაროები და ხალხი რჩება სასმელი და სახმარი წყლის გარეშე. ასევე, ბოლო რამდენიმე წელია, შრება ისეთი მდინარეები, რაც ისტორიულად არასდროს დამშრალა. ეს კლიმატის ცვლილების გარდა, მდინარის აუზების დეგრადაციის გამო ხდება. გვალვის საწინააღმდეგო ღონისძიებები მომავალში იქნება კიდევ უფრო ძვირი და მასშტაბური, რაც ასევე ტვირთად დააწვება სახელმწიფოს, სოფელსაც და სოფლის მეურნეობასაც“.
შალვა ნატროშვილი, „შალვა ნატროშვილის საოჯახო მარანი“: "ჩემი ვენახები ტიბაანის მიკროზონაშია, სადაც გვალვა ნამდვილად დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით - ბოლო წლებში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, გვალვასთან არსებული პრობლემების ნაწილობრივი გადაწყვეტა შესაძლებელია თუკი გაფურჩქვნა - ვაზებზე ფოთლების გაცლა ჩატარდება დაკვირვებით და ზედმიწევნით ზუსტად. გლეხები ხშირად ვაზებს აცლიან ფოთლების დიდ რაოდენობას და არ ითვალისწინებენ ვენახის ექსპოზიციას. ვაზებზე ფოთლების მეტი რაოდენობა უნდა დარჩეს, რომ გვალვამ არ დააზიანოს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნიადაგის დამუშავებაც. ხშირი ხვნა და კულტივაცია, ასევე - „ბალახთან ბრძოლა” ვენახში იწვევს არსებული ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებას. ბუნებრივია, როცა ნიადაგი ბალახის გარეშეა, ხდება მზის სხივების შთანთქვა, ნიადაგის გაცხელება და ტემპერატურის მომატება. განსაკუთრებით სავალალო შედეგს იძლევა ივლის-აგვისტოში ბალახის თიბვა. გვალვიან ამინდში ბალახი ვაზს იცავს და თუკი მას ვენახიდან გამოვიღებთ, დიდი შანსია, ამ დროს ყურძნის მტევანზე მარცვლები ნაწილობრივ ან სრულიად დაიწვას".
გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“: „ზესტაფონში გვალვას ვინ ჩივის, მეორე წელია, ნალექმა გაგვაწამა. ჩვენსკენ აყალო მიწებია და ზედაპირი კიდეც რომ გადახმეს, ქვევით ნესტი საკმარისად რჩება. ამავდროულად ვენახებში სიდერაციას ვიყენებთ - შეთესილი გვაქვს სამყურა ბალახი. შესაბამისად, ეს მეთოდი ნიადაგის გამოშრობას ხელს უშლის".
ასოციაციის წევრი მევენახეების დიდი ნაწილის აზრით, გვალვით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად, პირველ რიგში, საჭიროა ხალხის ცნობიერების ამაღლება და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა გრძელ ვადაში მევენახეობაზე კლიმატის ცვლილებამ დიდად აღარ იმოქმედოს.