ძველი ქართლის ახალი მარნები
ძველი ქართლის ახალი მარნები

სიახლე27-07-2022

საბჭოთა კავშირის ეპოქაში, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, შიდა ქართლის მევენახეობა-მეღვინეობაც დაკნინდა, როგორც ჯიშური მრავალფეროვნების შემცირების, ასევე ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების ძველი ტრადიციების უარყოფის კუთხით. თუმცა, ბოლო წლებში შიდა ქართლში წინა პლანზე წამოვიდა ახალი მცირე მარნები, რამაც ბიძგი მისცა საქართველოს ამ უძველეს მხარეში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის აღორძინებას, ძველი ჯიშების დაბრუნებას და რაც მთავარია - ქვევრის ღვინის ტრადიციის აღდგენას.

შიდა ქართლის ყველაზე ცნობილი მცირე მარნები ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები არიან, ვენახს ასოციაციის მიერ დაწესებული მკაცრი ორგანული წესების დაცვით უვლიან, ღვინოს კი ყოველგვარი ინდუსტრიული მინარევების გარეშე, ბუნებრივად აყენებენ. ამ მარნების ღვინოების დიდი ნაწილი დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. ევროპიდან ავსტრალიამდე ბევრმა ღვინის მოყვარულმა გაიგო ჩინურის, გორული მწვანეს, შავკაპიტოს, თავკვერის, ბუზას თუ ქართლის აბორიგენული ვაზის სხვა ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინოების გემო და რაობა.

ქართლის ბუნებრივ ღვინოზე და ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრებზე როცა ვსაუბრობთ, პირველყოვლისა, რა თქმა უნდა, „იაგოს ღვინო“ და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში იაგო ბიტარიშვილის მიერ დაყენებული „ჩინური“ გაგვახსენდება. იაგო ბიტარიშვილი ერთ-ერთი პიონერია, რომელმაც ქართლის და ზოგადად ქართული ბუნებრივი ღვინო მსოფლიოს გააცნო. მისი ღვინო დღეს მთელი პლანეტის ოთხივ კუთხეში იყიდება. იაგო სამასპინძლო ტურიზმშიც არის ჩართული. მის წარმატებას ნატურალური „ჩინურის“ გარდა, მარნის დედაქალაქ თბილისთან სიახლოვეც განაპირობებს. 

იაგო ბიტარიშვილის მეზობლად, ასევე სოფელ ჩარდახში მდებარეობს მარანი „ნები“, რომელიც ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე ბექა ასლანიშვილს ეკუთვნის. ბექა ასლანიშვილი თავის მამასთან ერთად უვლის ვენახებს და ღვინოსაც გამორჩეულს აყენებს. ასლანიშვილები ტურისტებსაც მასპინძლობენ და ქვევრში ტრადიციული წესით დაყენებული „ჩინურის“ გარდა სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძებითაც უმასპინძლდებიან. 

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრია „ბუას მარანი“, რომელსაც ასლანიშვილების მსგავსად, ასევე, მამა-შვილი უძღვება. მარანი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. ოჯახის წინაპრები (დედის მხრიდან) ახატანის პირველი მოსახლეები არიან. შემორჩენილია მათ მიერ აშენებული სახლი აივნით და ეზო. ახალგაზრდა მეღვინე სანდრო ბუაძე ქართლის და კახეთის ჯიშებიდან ღვინოებს უკვე რამდენიმე წელია, მამასთან ერთად აყენებს. ბუაძეები ღვინოს აყენებენ როგორც ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიაბში მდებაროებს ახალგაზრდა მევენახე-მეღვინის, ნიკო ბერიაშვილის „ნიაბის მარანი“. ნიკოს ვენახები სოფელ თელიანში (ყოფილი ყარაღაჯი) აქვს, მარანი კი მამაპიპისეულ ძველ სახლში მოაწყო. აქვთ როგორც ძველი ვენახები, ასევე - ახალშენი ე.წ. საკოლექციო ვენახიც. უახლოეს მომავალში ეს მარანი დაახლოებით 10-მდე უნიკალურ ქართლის ძველი ვაზის ჯიშების ყურძნიდან დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენს ქართულ და მსოფლიო ღვინის ბაზარზე. 

გურულმა მამუკა კიკვაძემ ქართლში, კასპის ისტორიულ სოფელ სამთავისში და ქვემოჭალაში ვენახების გაშენება და მარნის მოწყობა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ თვითონ ძალიან უყვარდა ქართლური ღვინო. მამუკას „სამთავისის მარანი“ აყენებს თითქმის ყველა ცნობილ ქართლური ვაზის ჯიშიდან ღვინოს. თუმცა, მისი ყველაზე გამორჩეული და იშვიათი ღვინოა „ბუზა“, რომლისგანაც ბუნებრივად ვარდისფერ ღვინოს ამზადებს. „სამთავისის მარნის“ ღვინოები პოპულარულია როგორც ქართველ ასევე უცხოელ ღვინოს მოყვარულებში. 

გორის სოფელ ხიდისთავში მდებარე მარან TDWinery-ის მფლობელს, თენგო დვალიშვილს მამამ ყველა ვენახი გადაულოცა მოსავლელად. საოჯახო მარანი ხიდისთავში მამაპაპისეულ ძველ ვენახებთან ერთად, ახალშენ ვენახებსაც ფლობს, სადაც საკუთარი ხელით უვლის ყველა ცნობილ ქართლურ ვაზის ჯიშს (ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო). ღვინოს იმერულ ქვევრებში აყენებს და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს. 

ასევე სოფელ ხიდისთავში მდებარეობს „ხიდისთაურის მარანი“, რომელიც მიხეილ კოვზიაშვილს ეკუთვნის. მათი ვენახებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ  ხიდისთავში მდებარეობს. ღვინოს ქართლის ვაზის სამი მთავარი ჯიშისგან (თავკვერი, ჩინური და გორული მწვანესგან) აყენებს. როგორც ასოციაციის წევრების უმეტესი ნაწილი, „ხიდისთაურის მარანიც“ ღვინოს ძირითადად ქვევრში აყენებს და ინახავს. 

გიორგი რევაზაშვილის მარანი „ატენური“ როგორც დასახელებიდანაც ჩანს, ქართლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიკროზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარეობს. ვენახები მარანთან ახლოსაა. გიორგი რევაზაშვილი წლებია, ღვინოებს ჩინურისგან, გორული მწვანესგან და შავკაპიტოსგან აყენებს. აქვს ძველი ვენახებიც და ახალშენი პატარა ვენახიც. ბოლო წლებში ისიც დაინტერესდა ღვინის ტურიზმით და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს თავისი სახლის ვერანდაზე მასპინძლობს, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება. 

ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე ივანე სტეფანაშვილმა ვენახები ლიახვის ხეობის ცნობილ სოფელ ვარიანში გააშენა და მარანიც იქვე მოაწყო. „ვარიანის მარანი“ ღვინოს ვაზის სამი ჯიშისგან - შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე აყენებს. ასევე აქვთ 50-მდე ძირი იშვიათი ვაზის ჯიში მუხამწვანე, რომელიც სწორედ სოფელ ვარიანში აღმოაჩინეს და აღწერეს ამპელოგრაფებმა.

ისტორიული ქართლი ცხადია მხოლოდ შიდა ქართლი არ არის და ქვემო ქართლსაც მოიცავს (ისტორიულად არსებობდა ე.წ. ზემო ქართლიც) სადაც ბოლო წლებში ასევე ბევრი ახალი და საინტერესო მარანი ჩამოყალიბდა და ბევრი ვენახიც გაშენდა. თუმცა, რაკი ადმინისტრაციული დაყოფით და გეოგრაფიულად ქვემო ქართლი მაინც სხვა რეგიონად ითვლება, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრ იქაურ მარნებზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.