სოკოვანი დაავადებების სეზონი
სოკოვანი დაავადებების სეზონი

სიახლე28-06-2022

ვაზის სოკოვანი დაავადებები - ჭრაქი და ნაცარი მევენახეებისთვის გამორჩეულად სანერვიულო პრობლემებია. ჭრაქის პირველი ნიშნები ვაზის ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის მოყვითალო ლაქების სახით. იმ შემთხვევაში, თუკი ღამით ტენიანობა მომატებულია, დაავადება ფოთლებზე სწრაფად ვრცელდება და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მტევნებზეც გადადის, რის შემდეგაც ყურძნის თოთო მარცვლები, ზოგჯერ კი მთლიანად მტევნები ხმება და ძირს ცვივა. ნაცრით დაავადებული მცენარის  ნაწილები  მოთეთრო ფიფქით იფარება. დაავადება ვრცელდება  ვაზის ფოთლებზე, ყლორტზე და მტევანზე. ნაცარი შედარებით უკვე ჩამოყალიბებულ მტევნებს უჩნდება და ვიდრე ყურძენი სიმწიფეში შევა, ნაყოფს ისე აზიანებს, რომ დასაკრეფად უვარგის ხდის.

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მევენახე-მეღვინეები ერთმანეთს ხშირად უზიარებენ გამოცდილებას, რაც ყველას სჭირდება - გამოცდილ მევენახესაც და ახალბედასაც. NWA.GE-სთან საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ მევენახის კალენდარში მაისი-ივლისი ჭრაქთან და ნაცართან ბრძოლის უმთავრესი პერიოდია. 

ზაზა გაგუა, მარტვილის მარანი: „საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენთან, სამეგრელოში, ზედმეტი ტენიანობა როგორი დიდი პრობლემაა. ამიტომაც ამ რეგიონში სოკოვანი დაავადებები, განსაკუთრებით - ჭრაქი, საკმაოდ ანგარიშგასაწევია. დაავადებებს, როგორც წესი, ვებრძვით ვაზის დროული გაფურჩქვნით და ვენახის გათიბვით. დამცავი პრეპარატებიდან, ძირითადად, ვიყენებ იტალიურ ბორდოს ნარევს - „მანიკას“ და ამას ვუმატებ ნახევარპროცენტიან სველებად გოგირდს. ყველა ვაზის ჯიშს ერთნაირად ვუვლი. სამეგრელოში გავრცელებული მითია, რომ ოჯალეშს განსაკუთრებული და განსხვავებული მოვლა სჭირდება. ოჯალეშსაც, ალადასტურსაც, ციცქასაც და სხვა კულტურულ ვაზის ჯიშებს, ზოგადად, ერთნაირი ყურადღება ჭირდება, რომ სოკოვანმა დაავადებებმა არ დააზიანოს. ისე არაა, რომ დაავადება ოჯალეშს შეხვდება და ცოლიკოურს - არა. თუ ყურადღება მოადუნე, ყველა კულტურული ვაზის ჯიში შეიძლება, დაავადდეს“.

გოგიტა მჭედლიშვილი, „იასეს მარანი“: „ჩვენს სოფელში - კაკაბეთში ჭრაქის საწინააღმდეგოდ ყველა წამლობაში ვიყენებ ერთობლივად ბიოპრეპარატ „აგროკატენას“ და სპილენძის კონტაქტური პრეპარატის, „ნორდოქსის“ ნაზავს. ვაზის ყვავილობამდე ზოგჯერ „ნორდოქსთან“ შედარებით ნაკლებ სპილენძის შემცვლელ პრეპარატებს ვხმარობ, როგორიცაა - „იროკო“ და „კოსაიდი“. ყვავილობის პერიოდში  თუკი არასასურველი ამინდები წავიდა და ვაზის წამლობა აუცილებელია, ვიყენებ მხოლოდ  2%-იან „აგროკატენას“ (ტონა წყალზე 20 ლიტრს). წლის განმავლობაში საშუალოდ მიწევს 7 ან 8 წამლობა.

ჭრაქის შესაძლო რისკებიც რომ  შევამციროთ, ვაზის გამოფოთვლიდან მიწას აღარ ვამუშავებთ და ბალახს მულჩერით ვებრძვით, რაც მიწის ზედაპირს  სიგრილეს უნარჩუნებს. ჩვენს შემთხვევაში, მდგომარეობა ჭრაქის კუთხით საგანგაშო არაა.  ნაკვეთები ისეთ ადგილებში მაქვს, სადაც სოკოვანი დაავადებების გავრცელების შესაძლებლობა დაბალია“.

ლექსო ციხელიშვილი, „ციხელიშვილის მარანი“: „ჭრაქისგან განსხვავებით, ნაცარი ძალიან ვერაგი დაავადება ნამდვილად არ არის. თუმცა, მაინც დიდ ყურადღებას და სათანადოდ წამლობას მოითხოვს.  მარცვალზე ფიფქი ედება თავიდან თეთრად და ნელ-ნელა აფუჭებს მტევანს. ეს ყველაფერი ვიზუალურად საკმაოდ ადვილი შესამჩნევია. ნაცრის წინააღმდეგ მე მხოლოდ სველებად გოგირდს ვიყენებ და მისი ეფექტურობით კმაყოფილი ვარ".

ბექა გოცაძე, „გოცას მარანი": „პირველ რიგში, მთავარია, ვაზი იყოს სწორად გაფურჩქნული. ყლორტებს თავიდანვე უნდა შევაცალოთ ახლადგამოსული ქვედა კვირტები. ამას გარდა, ვაზს  შეძლებისდაგვარად ხშირად შეთვალიერების მერე უნდა გაეცალოს უნაყოფო ყლორტები. ასე ხდება ვაზის ფორმირება, რის შემდეგაც მცენარე არაა ჩახუთული და ნიავდება, რის გამოც დაავადებები ნაკლებია.

ჩემი აზრით, აუცილებელია, მევენახეს ჰქონდეს ამინდის სადგური, რომელიც ღირს სულ რაღაც 200-300 დოლარი და იყიდება „ამაზონზე“. ეს სადგური გვაძლევს საშუალებას, რომ ვიცოდეთ რა ხდება ვენახში დღეც და ღამეც. ჭრაქი ჩნდება გარკვეულ პირობებში, უმეტესწილად - წვიმის შემდეგ, ოღონდ - თუკი ნალექი მოვიდა 10 მმ ან მეტი. თუკი მალე დავაფიქსირებთ, რა ტემპერატურა იყო კონკრეტული ნალექის მოსვლისას, თავისუფლად შეგვიძლია, წინასწარ გამოვიცნოთ ის დღეები, რა დროსაც ჭრაქი შეიძლება გამოგვიჩნდეს ფოთლებზე ან ნაყოფზე. ამ დრო უნდს დავასწროთ ამ პროცესს და პრევენციულად შევწამლოთ ვენახი. ხოლო თუკი ხედავ, რომ კარგი ამინდი იყო, გასულ დღეებში საერთოდ არ შეწამლი. ამით შევამცირებთ მძიმე მეტალების (როგორიცაა - სპილენძი) შეტანას ჩვენს ვენახში და ნიადაგი იქნება გაცილებით ცოცხალი, მდიდარი სხვადასხვა მიკროორგანიზმებით.

გარდა ამისა, ჩემი გამოცდილებით მნიშვნელოვანია რომ შემაფრქვეველი დანადგარის ან აპარატის ბუნიკი იყოს რაც შეიძლება დაბალი ზომის, რაც იძლევა სითხის შემცირების საშუალებას ვენახის შესაწამლად და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ასევე წამლის ნაკლები რაოდენობის შეტანაზე. მსგავსი საწამლი აპარატის თავები მე საქართველოში სამწუხაროდ არ მინახავს და გერმანიაში შევიძინე“.

მამუკა ჩხეიძე, „სიმონ ჩხეიძის მარანი“: „ბიოპროდუქციის წარმოების მიზნით ფოთლისა და მტევნის ჭრაქის საწინააღმდეგოდ, ვაზის ყვავილობამდე და ყვავილობის დასრულებისას ვატარებთ გეგმიურ შეწამვლას შემდეგი პრეპარატებით: „დეპორტივო“ (სპილენძის შემცველი კონტაქტური პრეპარატი), წყალბადის ზეჟანგი და ჰომეოპათიური პრეპარატები - „ვალერინი“, „მილდიუ ნოზოდი“ და HS-30. შემდგომ პერიოდში ანალოგიურად ვწამლით სიტუაციის მიხედვით, ჭრაქის აღმოჩენისთანავე“.

ნინო ჩიტოშვილი, მევენახე-მეღვინე, "ჩიტოს მარანი": „ნაცრის შემთხვევაში, როგორც წესი, მხოლოდ და მხოლოდ სველებად გოგირდს - „თიოვიტს“ ვიყენებ ხოლმე. წამლობის დოზებიც წინასწარ მაქვს განსაზღვრული. 0.4 კილოგრამს 100 ლიტრ წყალში ვხსნი და წამლობას ვიწყებ ყვავილობის მერე. ნაცრისთვის სახიფათო პერიოდი ივლისი-აგვისტოა და როგორც წესი ამ ორი თვის მანძილზე დაახლოებით 2-3-ჯერ მიწევს წამლობა".

სოფიო სამთელაძე, „ტარიელ ლომთაძის მარანი“: „მოგეხსენებათ, ჭრაქის პრობლემა გაზაფხულზე დგება უხვი ნალექის და მზის სწარფი ცვლილებით. მასთან ბრძოლაც მუდმივ ყურადღებას მოითხოვს მევენახის მხრიდან. წელს რაჭაში ვენახისთვის კარგი ამინდებია. გადაჭარბებული ნალექი და ზედმეტი ნესტი არ გვაქვს. გეგმიური შეწამვლით კარგად ვახერხებთ ვაზის დაცვას ჭრაქისგან და ნაცრისგან. ვენახებში ვიყენებთ ბიოპრეპარატებს, ამასთან - დაშვებული დოზირების სრული დაცვით, რადგან სპილენძიც მძიმე მეტალია და ჭარბი რაოდენობით ვენახში მისი შეტანაც არაა სწორი. ყვავილობის დასრულების შემდეგ ჩავატარეთ რიგით მეოთხე შეწამვლა, რომელიც სწორედ ჭრაქისა და ნაცრის საწინააღმდეგოა. გამოვიყენეთ „აგროკატენა“ და სველებადი გოგირდი, ასევე, დამატებით - „ლეპიდინი“ (მავნებლების საწინააღმდეგოდ)“.

ვენახის სწორად მოვლა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ წევრი მევენახე-მეღვინეებისთვის უმთავრესია. ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მეღვინეებისთვის ღვინო სწორედ ვენახიდან იწყება და მათთვის ვაზის წამლობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას მოითხოვს.