ბუნებრივი ღვინის მარნები გურიაში - გამორჩეული ღვინით და ისტორიით
ბუნებრივი ღვინის მარნები გურიაში - გამორჩეული ღვინით და ისტორიით

სიახლე21-06-2022

ვაზი და ღვინის კულტურა გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული, რაზეც მეტყველებს დღემდე საკოლექციო ნაკვეთებში დაცული ვაზის  მრავალი  ადგილობრივი საუკეთესო საღვინე ჯიში. მათ შორის ჩხავერი გურულების სიამაყეა. ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა მოთხოვნამ გურიის ღვინოებზე და მოსახლეობამაც  აქტიურად დაიწყო ადგილობრივი ვაზის ჯიშების გაშენება. 

 

ამპელოგრაფების მიერ გურიაში 60-მდე ადგილობრივი ვაზის ჯიშია აღწერილი. მიუხედავად ამისა, გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის აგრონომიული პოლიტიკის პირობებში, გურიის მევენახეობა დაკნინდა. პრიორიტეტი მიენიჭა ჩაის კულტურას და ციტრუსებს, რის გამოც ვენახები გაიჩეხა. ამასთან, სარეველასავით გამრავლდა სხვადასხვა სახის ჰიბრიდული ვაზის ჯიშები. დიდი მასშტაბები მიიღო ღვინის ფალსიფიკაციამ და ჩამოყალიბდა ჭაჭაზე დასხმული შაქარწყლით გაუგებარი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის დაყენების მავნე ტრადიცია. გურულები ადგილობრივ ვაზის ჯიშებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიუბრუნდნენ.

გურიის ვაზის ჯიშების ხელახლა მოძიებასა და მევენახეობაში დაბრუნების პროცესში დიდი წვლილი შეიტანა შემოქმედელმა ენთუზიასტმა ანდრო ვაშალომიძემ, რომელმაც ყველასგან მივიწყებული ვაზის ჯიშები (საკმიელა, სხილათუბანი, ჯანი, ჭუმუტა და ა.შ.) სოფელ-სოფელ მოიძია და თავის პატარა ნაკვეთში გაამრავლა. სწორედ ანდრო ვაშალომიძეს ემადლიერებიან ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები, რომლებმაც ბოლო წლებში გურიაში ადგილობრივი ვაზის ჯიშების ვენახები გააშენეს. 

ზურაბ თოფურიძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გურიაში, კონკრეტულად კი - ჩოხატაურის სოფელ საყვავისტყეში ჩხავერის ვენახები გააშენა. ამ სოფელში  ზურაბ თოფურიძის საოჯახო მარანი „იბერიელი“ ამჟამად 10 ჰექტარ ვენახს ფლობს. იშვიათი ვაზის ჯიშების გადარჩენის გარდა, ოჯახის მიზანია, ააღორძინოს და განავითაროს ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციები. საოჯახო მარანი ღვინოებს ძირითადად ჩხავერისგან აყენებს. თუმცა, ბოლო წლებში „იბერიელის“ საღვინე ეტიკეტებზე გურიის ისეთი იშვიათი ვაზის ჯიშებიც გამოჩნდა, როგორიცაა: თეთრი კამური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა და სხვა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი კიდევ ერთი საოჯახო მარანია, რომელსაც სახელი - „სილოვანი“ ოჯახის წინაპრის საპატივცემულოდ შეურჩიეს. მარანი ეკუთვნის ლაშა სხვიტარიძეს, რომელიც 2016 წლიდან აყენებს ბუნებრივ ღვინოს. ოჯახის განკარგულებაშია ცოლიკოურის ვენახი. 2022 წელს უკვე რგავენ ჩხავერს და საკმიელას. ასევე, მცირე რაოდენობით, საკოლექციოდ აშენებენ გურიის რამდენიმე იშვიათ ვაზის ჯიშს: სხილათუბანს, ჯანს, მტევანდიდს, ბადაგს, ჭუმუტას. „სილოვანი“ ღვინოს, ძირითადად, ქვევრებში აყენებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტის კიდევ ერთ ლამაზ სოფელში - ერკეთში მდებარეობს „კობიძეების მარანი“, რომელიც მევენახე-მეღვინე დავით კობიძეს ეკუთვნის. დავით კობიძე და მისი ოჯახის წევრები წინაპრების დაწყებულ საქმეს აგრძელებენ. ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა 2014 წელს ზურაბ თოფურიძის რჩევით და დახმარებით დაიწყეს. პირველად 50 ბოთლი ჩამოასხეს, ახლა  კი 5000 ბოთლ ღვინოს აწარმოებენ. კობიძეებს ვენახში გაშენებულია ვაზის 15 გურული ჯიში: ჩხავერი, ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კამური, ათინაური, კლარჯული, მტევანდიდი, ბადაგი, ჭუმუტა, მტრედისფეხა. მარანი ამჟამად 7 სახის ქვევრის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ქართული ტრადიციული მეთოდით, როგორც ჭაჭაზე, ასევე ჭაჭის გარეშე.

გია ჯამბერიძის მარანიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჯამბერიძეებს სოფელ გორაბერეჟოულში გაშენებული აქვთ, ძირითადად, ციცქა და ცოლიკოური. ორი წლის წინ გააშენეს ჩხავერის ვენახი და იმედი აქვთ, რომ სულ მალე კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო ჯიშური მრავალფეროვნება ექნებათ. გია ჯამბერიძის მარნის ღვინოები უმეტესწილად მუხის კასრებშია დაყენებული და ამ მხრივ, ეს ღვინოები დიდი ინტერესს იწვევს.

გურიაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების დადებით დინამიკაზე ისიც მეტყველებს, რომ 2022 წელს ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ კიდევ სამმა მარანმა მომართა გაწევრიანების თხოვნით. მათ შორის არის გურიაში უკვე საკმაოდ ცნობილი თეიმურაზ შარაშიძის მარანი, რომელიც წლებია, ჩხავერის ღვინოს აწარმოებს. 

თავისთავად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გურიაში ადგილობრივი კულტურული ვაზის 60-მდე ჯიშია აღწერილი, მეტყველებს ამ რეგიონის დიდ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე. თუმცა, ერთია პოტენციალი და შესაძლებლობები, მეორე კი -  არსებული რეალობა, რომლის შეცვლასაც ბუნებრივი ღვინის დაყენებაზე ორიენტირებული გურული მეღვინეები ყოველდღიურად ცდილობენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გურიაშიც და საქართველოშიც ღვინის გურმანები თანდათან იხსენებენ ლეგენდარულ „ჩხავერს“ და სხვა ტრადიციული ყურძნებისგან დაყენებულ ღვინოებსაც უსინჯავენ გემოს. ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ მკვდარი ისტორია არაფერს ნიშნავს. მთავარია, ეს ისტორია გაგრძელდეს!