სიახლე . 01-12-2024
zero compromise - ისტორია გრძელდება!
ქართული ნატურალური ღვინის წლევანდელი მთავარი ფესტივალი - Zero Compromise უკვე ისტორიის კუთვნილებაა. 13 მაისი Zero Compromise 2022-ის მონაწილეებისთვისაც და სტუმრებისთვისაც გამორჩეული და ფასეული დღე იყო. ფესტივალში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ 91 მარანი მონაწილეობდა. მათ მიერ წარმოდგენილი ნატურალური ღვინოები ქართველმა და უცხოელმა ღვინის იმპორტიორებმა, რესტორატორებმა, ჟურნალისტებმა თუ უბრალოდ ღვინის გურმანებმა გასინჯეს და შეაფასეს.
ზურაბ მღვდლიაშვილი, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“დირექტორი, „ნიკალას მარანი“: „ჩვენი წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ წარმატებული იყო, მიუხედავად სირთულეებისა,რაც კორონავირუსის პანდემიამ და შემდეგ უკვე უკრაინაში ომმა გამოიწვია. წელს „ზერო კომპრომაისზე“ მარნების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობდა. გვყავდა 91 მარანი და 1000-მდე ვიზიტორი. აქედან ძალიან დიდი წილი იყო უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების, რომლებიც სწორედ ამ ფესტივალისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. ტრადიციულად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით,მოეწყო ღვინის ტურები იმპორტიორების, სომელიეების, რესტორატორებისა და ღვინის მწერლებისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დადებითი გამოხმაურება, რაც ამ ფესტივალს მოჰყვა. მარნების და სტუმრების სიმრავლის გარდა, წლევანდელი წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ღვინის ხარისხითაც. როგორც ჩამოსული, ისე ადგილობრივი სტუმრები აღნიშნავდნენ,რომ ღვინის რაოდენობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო უმჯობესდება ბუნებრივი ღვინის ხარისხი. წელს, ასევე, შეიმჩნეოდა ადგილობრივი რესტორატორების სიმრავლე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ბოლო წლებში ბუნებრივი ღვინის პოპულარობას თბილისის მასშტაბითაც. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, ვინც წვლილი შეიტანა წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებასა თუ ჩატარებაში“.
ზურაბ თოფურიძე, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარანი „იბერიელი“: „ძალიან კარგი ფესტივალი იყო. მეც კი, რომელსაც არ მაქვს ღვინის გაყიდვის პრობლემა, ახალი მყიდველები ვიპოვე უნგრეთიდან. ჩვენი ასოციაციის ახალი წევრებისთვის კი იყო განსაკუთრებული შესაძლებლობა. როგორც იცით, პანდემიის შემდეგ ასოციაციაში შემოგვემატა ბევრი ახალი წევრი და ბევრისთვის ეს „ზერო“ იყო ბოლო წლების ერთადერთი გამონათება. ბევრმა იპოვა პოტენციური მყიდველი. 4-5 ახალი მარანი ვიცი, რომლებმაც ფესტივალზე იპოვეს მყიდველები. საერთოდ, ამ ფესტივალისთვის დამახასიათებელია საქმიანი გარემო და ამიტომ იქ ვერ ნახავდით ერთ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანსაც კი. ღვინით დაინტერესებული იმდენი ადამიანი გვესტუმრა, რომ მოუცლელობის გამო, ბევრმა მეღვინემ ვერც კი გავსინჯეთ ერთმანეთის ღვინო“.
Zero Compromise-ში მონაწილეობა შეზღუდულია, რადგან ამ ფესტივალში მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები მონაწილეობენ. შესაბამისად, ფესტივალზე გამოტანილი ბუნებრივი ღვინოები მაღალი ნდობით სარგებლობს, მით უფრო, როცა ასოციაციას დანერგილი აქვს მარნების შიდაინსპექტირების სისტემა, რომლის საშუალებითაც ყოველწლიურად ამოწმებს წევრთა მიერ დაყენებული ღვინოების შესაბამისობას ნატურალური ღვინის სტანდარტებთან. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნების უმეტესობამ საქართველოს თუ უცხოეთის ღვინის ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე დააგროვა და მათთვის ყოველი ასეთი ფესტივალი ახალი შესაძლებლობაა. იმ მარნებისთვის კი, რომლებიც ასოციაციაში გასულ წელს გაწევრიანდნენ, წლევანდელი Zero Compromise პირველი ნაბიჯი იყო იმპორტიორებთან და რესტორატორებთან თანამშრომლობისკენ.
ეთო გზირიშვილი, თედოს მარანი: „წლევანდელი ფესტივალი„თედოს მარნისთვის“ ძალიან პოზიტიური იყო, ბევრი კარგი შეფასებით. გამოფენის სტუმრები,ვინც ჩვენს სტენდთან მოვიდა,წინა წლებისგან განსხვავებით,უკვეინფორმაციას ფლობდნენ -სადღაც გაესინჯათ თედოსღვინო ან აინტერესებდათ და მოდიოდნენ ჩვენს სტენდთან ამა თუ იმ კონკრეტული ღვინის გასასინჯად, რაც ჩვენთვის იყო უდიდესი სიხარული. ინტერესს იწვევდა პეტნატების სერია, რაც სიახლეაქართულ ბუნებრივ მეღვინეობაში და ამ მხრივაც იყოდიდი ინტერესი და მოლოდინი. ორწლიანი პაუზის მერე ეს გამოფენა იყო ძალიან ლაღი და სავსე ემოციით“.
ალეკო ნარიმანიძე, ალექსანდრეს მარანი: „ფესტივალი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. განსაკუთრებით კი პანდემიის დასრულების შემდეგ ვიყავითმონატრებულები ასეთ ფესტივალებს. თუმცა, ვფიქრობ, სხვა წლებთან შედარებით ნაკლები უცხოელი სტუმარიჩამოვიდა".
თენგიზ დვალიშვილი, მარანი TDWinery: „ჩემი მოლოდონები, რაც მქონდა ფესტივალთან დაკავშირებით, ნამდვილად გამართლდა. არ შემიძლია,არ აღვნიშნო, თუ როგორ კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა ელის ფეირინგთან - ამერიკელ ღვინის მწერალთან. Zero Compromise მხოლოდ ღვინის გამოფენა არ არის.ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე და განათლებაზე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. იმდენი უცხოელი გვეწვია,რომ ნამდვილად ძნელია გაარკვიო,ვინ არის იმპორტიორი და ვინ - არა. კონკრეტული შეკვეთა არ მიმიღია, მაგრამ იტალიელებმა, რომლებიც როგორც აღმოჩნდა,მილანის ღვინის ფესტივალს ხელმძღვანელობენ,მიმიწვიეს ნოემბრის ბოლოს მათ გამოფენაზე. ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრით,რაც კიდევ უფრო მეტის გაკეთების სტიმულსმაძლევს“.
ნინო ჩიტოშვილი, „ჩიტოს მარანი“: „მე ობიექტური შეფასება არ მაქვს.ვხვდები, რომ ძალიან მაგარი დღე იყო. სამწუხაროდ, მაგიდების ბოლოს მომიწია დგომა და სხვებზე ცოტა სტუმარი მყავდა. ჩემს ღვინოს ვინც ისედაც იცნობდა - მოვიდნენ და ისიამოვნეს „ჩიტოს ღვინით“. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ღვინის განვითარებისთვის ეს დღე დიდი საქმის ნაწილიიყო“.
თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს მარანი“: „წლევანდელი „ზერო კომპრომაისი“ ძალიან მნიშვნელოვანი ღვინის ფესტივალი იყო, ალბათ, ყველა მონაწილისთვის და მათ შორის - ჩვენთვისაც. ორი წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ, შევავსეთ მაგიდები ჩვენი ღვინოებით და მთელი დღის განმავლობაში ვმასპინძლობდით როგორც უცხოელ სტუმრებს, ისე ქართველ მომხმარებელს. ვინ არ იყო იქ - საუკეთესო მეღვინეებით, ლეგენდებით დაწყებული, დამწყები, ახალბედა მარნებით დამთავრებული. „ზერომ“ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ამ ფესტივალზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვინის ხარისხს. დაუვიწყარი ღვინოები გამოიტანეს ჩვენმა მეღვინეებმა - სრულიად ფანტასტიკური ღვინოები! დიდი პატივია ჩემთვის მათ გვერდით დგომა“.
გიორგი ღვარძელაშვილი, „ღვარძელაშვილის მარანი“: „ამ დღეს მონატრებული იყო როგორც მომხმარებლები, ასევე - იმპორტიორები და მაღაზიის მფლობელებიც. მეღვინეებიც მოწყურებულები ვიყავით ერთმანეთთან და მომხმარებლებთან შეხვედრას. ჩვენს თვალწინ დღითიდღე ვითარდება ბუნებრივი ღვინის სეგმენტი და მასზე მოთხოვნაც იზრდება. წინა წლებთან შედარებით, „ზეროზე“ წარმოდგენილი ღვინის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია და ეს იმპორტიორებმაც შენიშნეს. აი, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, პარალელურად უცხოელებს ჩემს ღვინოებს ვასინჯებ“.
ზურაბ ხვთისიაშვილი, მარანი „ღვინო ხვთისია“: „ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ წლევანდელი „ზერო“ მართლაც რომ მაგარი იყო. ალბათ, ყველა მეღვინეს და მათ შორის - მეც მოგვენატრა ფესტივალებზე მიღებული დიდი შთაბეჭდილებებიდა ახალი ადამიანების გაცნობა. ასევე, გავიცანით ასოციაციის ახალი წევრები, გავსინჯეთ ბევრი ახალი ღვინო და მიხარია, რომ მათ შორის იყო „ხვთისიას“ პეტნატები. ამ ღვინომ სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა“.
Zero Compromise-ს სტუმრები საფესტივალო ღვინოების შესახებ შთაბეჭდილებებს ინიშნავდნენ სპეციალურად დაბეჭდილ ბუკლეტში, სადაც ფესტივალის მონაწილე ყველა მარნისთვის ცალკე გვერდი იყო გამოყოფილი, საკონტაქტო ინფორმაციით და ჩანაწერებისთვის განკუთვნილი ადგილით. ნატურალური ღვინის მწარმოებელთა გარდა, ფესტივალში მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინის ცნობილი თბილისური რესტორნები: G.Vino, Poliphonia, Craft Wine Bar და სხვები, რომლებმაც სტუმართა სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გააძლიერეს.
Zero Compromise ჩატარდა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.