Zero Compromise 2022 - ფესტივალში მონაწილეთა მოლოდინები
Zero Compromise 2022 - ფესტივალში მონაწილეთა მოლოდინები

სიახლე12-05-2022

 

13 მაისს თბილისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი Zero Compromise გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები საქართველოს თითქმის ყველა მევენახეობის მხარიდან. NWA.GE-ს მიერ გამოკითხული მეღვინეების უმეტესობა იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, 2022 წელი გარდამტეხი იქნება ქართული მეღვინეობისთვის. 

 

თაკო ჟურული, „ჟუკა-სანოს“ მარანი: „ძალიან, ძალიან ველოდები ზერო კომპრომაისს - თითქოს სამყაროს მინდა გავაგონო ხმა, რომ ჩვენც აქ ვართ, ცოცხლები ვართ და კარგი ღვინო გვაქვს. გამოფენაზე მექნება ის ღვინოები, რასაც წლებია, ვაყენებ: თეთრი მშრალი „რქაწითელი“ (2020 და 2021) და წითელი მშრალი „რქაწითელი / იყალთოს წითელი“ (2020 და 2021 წ). თუმცა, წელს ჩვენი წითელი ღვინო ქარვისფერი იქნება, რადგან რქაწითელთან ერთად იყალთოს წითელის  ჩაწურვისას საჭიროზე მეტი რქაწითელი ჩავწურე. ამის გამო, ღვინომ უცნაური ფერი მიიღო - ოდნავ მოვარდისფრო-ქარვისფერი. ამ ღვინოს დავარქვი MISTAKE“.

ლაშა ხვედელიძე, „ჯუსოს მეღვინეობა“: „ჩვენი მარანი აქტიურად მონაწილეობს ყველა იმ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ნატურალური ღვინის განვითარებას და მცირე მარნების ცნობადობის ამაღლებას. ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ ამ ფესტივალში, რაც კარგი შესაძლებლობაა, ახალი ღვინოების წარსადგენად, სხვა მეღვინეებისთვის და ღვინის მოყვარულებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად  და რაც მთავარია - ღვინის პოტენციურ ექსპორტიორებთან და ღვინის ექსპერტებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.  გამოფენაზე ღვინის მოყვარულებს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს წარვუდგენთ. ეს იქნება „რქაწითელი 2020“, „ქისი 2020“, „კოსტაფე 2020“, „საფერავი 2020“. 2021 წლის საფერავს და მანავის მწვანეს კი საზოგადოებას ფესტივალზე პირველად შევთავაზებთ“.

მიხეილ ჭონიშვილი, „ჭონას მარანი“: „Zero Compromise ჩემთვის ძალიან ძვირფასი ფესტივალია. პირველ რიგში, ეს არის ნატურალური ღვინის ზეიმი, მეღვინეებთან შეხვედრა და სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება, კარგი ხასიათი და აურა, რაც ამ დროს ტრიალებს. გარდა ამისა, წინა წლების ფესტივალებზე გავიცანი ჩემი რამდენიმე იმპორტიორი, ვისთანაც ვაგრძელებ დღესაც მუშაობას. ამიტომ ეს ფესტივალი საკმაოდ კარგი ბიძგის მომცემი იყო ჩემთვის გაყიდვების მხრივაც. ჩვენი მარანი წარმოადგენს 5-6 სხვადასხვა ღვინოს, როგორც ქარვისფერებს („კახურ მწვანეს“, „რქაწითელს“, სეპაჟებს: „ჩინური&რქაწითელი“, „მწვანე&რქაწითელი“), ასევე - წითელ ღვინოებს (მაგალითად - ქვევრის მშრალ „საფერავს“), ასევე გვაქვს რამდენიმე ექსპერიმენტული ღვინოც. ჩვენ ძირითადად, ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. პანდემიის პერიოდში ჩვენი ღვინოების ექსპორტი გაიზარდა და დაემატა ახალი საექსპორტო ბაზრები როგორც ევროპაში ასევე - აზიაში. დღესდღეობით „ჭონას მარნის“ ღვინო იყიდება 11 ქვეყანაში: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დანია, ჰოლანდია, შვეიცარია, ბელგია, ესტონეთი, იაპონია, სინგაპური“.

თენგიზ დვალიშვილი, მარანი TDWinery: „ჩემთვის ეს არის პირველი Zero Compromise. ამიტომ მოუთმენლად ველი 13 მაისს. პირადად მოგვიწევს შეხვედრა ექსპორტიორებთან და ბუნებრივი ღვინით დაინტერესებულ სტუმრებთან. ძალიან მინდა, გამართლდეს ის მიზნები, რაც დასახული მაქვს. ფესტივალზე 5 სახეობის ღვინოს წარმოვადგენთ. გვაქვს 2021 წლის მოსავლის „ჩინური“, „თავკვერი“, „შავკაპიტო“, „დანახარული“. ასევე „ჩინური / გორული მწვანე / ბუდეშური 2020“ - ქვევრში დავარგებული სრული მაცერაციით 8 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით გამოვარჩევ იშვიათი ვაზის ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ „დანახარულს“, რომელიც ბევრს არა აქვს და ამიტომ დიდ ინტერესს იწვევს“.

სოფიო სამთელაძე, „ტარიელ ლომთაძის მარანი“: „წელს ჩვენი საოჯახო მეღვინეობა პირველად მონაწილეობს გამოფენაზე Zero Compromise-ში. თითქმის სამი წელია, ასოციაციის წევრი ვართ, მაგრამ პანდემიის გამო, წინა წელს ფესტივალი ვერ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი მეღვინეობის ღვინოები აღმოაჩინონ და გაიცნონ ღვინის სპეციალისტებმა. ეს გამოფენა საუკეთესო შესაძლებლობაა, კარგი ღვინო მოხვდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში".

რეზო ქვაჭრელიშვილი, მარანი „ნაოტარი“: „ნატურალური ღვინის გამოფენებზე უშუალო კონტაქტს ვამყარებთ ღვინის მოყვარულებთან, სპეციალისტებთან და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დაარსების დღიდან მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა გამოფენას ვესწრებით. კარგი ფესტივალია „ამერიმერიც“, რომელიც ქუთაისში იმართება. Zero Compromise 2022, თავისთავად, კარგი შესაძლებლობაა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ნატურალური ღვინის მოყვარულთა უფრო ფართო აუდიტორიასთან შევძლოთ შეხვედრა. იმედი გვაქვს, წელს უფრო მეტ ღვინის მოყვარულს გავაცნობთ ჩვენს ღვინოებს და შესაძლებლობა მოგვეცემა, ახალი საერთაშორისო ბიზნეს-კონტაქტები დავამყაროთ პოტენციურ მყიდველებთან.

ივანე სტეფანაშვილი, „ვარიანის მარანი“: „მოვიდა დრო, ნელ-ნელა მარნის პოპულარიზაციას მივხედო. აქამდე უფრო მეტ დროს და ყურადღებას ვენახს ვუთმობდი. რთული კლიმატური პირობების გამო, ცოტა უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს საწყისი ეტაპი, რაც ვენახის გაშენებას დაეთმო. ახლა დროა, მარკეტინგული კუთხითაც გავზარდო აქტივობები. მსგავსი ფესტივალები ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა პროდუქციის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად".

დავით კაპანაძე, „ტყლაპის მარანი“: "ეს ფესტივალი ჩემთვის არის ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებული საზოგადოების შეკრება, ყრილობა, თავმოყრა, იქნებიან ესენი  მეღვინეები, დისტრიბუტორები თუ, უბრალოდ, კარგი და ჯანსაღი ღვინის დამფასებლები. ამ ყველაფერს თან ერთვის ახალი კონტაქტები, ახალი კავშირები, რაც ხელს უწყობს ჩვენი - მეღვინეების შრომის დაფასებას და ახალი ბაზრების ათვისებას. გამოცდილების გაზრდას, რაც მეწარმეებს შორის საფუძვლიანი ურთიერთობის და აზრთა მიმოცვლის შედეგია“.

 

პანდემიის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა სხვა სფეროების მსგავსად, უარყოფითი გავლენა ღვინის სექტორზეც იქონია. განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა შეფერხებები ღვინის ტურიზმში. ზოგიერთმა მცირე მარანმა, რომელიც პანდემიამდე აქტიურად მასპინძლობდა ტურისტებს, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა. ამის მიუხედავად, ქართული ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მარნები არ გაჩერებულან (ზოგიერთმა ბოლო წლებში გაყიდვებიც კი გაზრდა). მათ ახლანდელ მდგომარეობას და ხარისხობრივ დონეს ყველაზე კარგად სწორედ Zero Compromise 2022 წარმოაჩენს.