Blog . 18-04-2023
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მეღვინეები გერმანელ ღვინის ექსპერტს შეხვდნენ
13 აპრილს, GIZ-ის მხარდაჭერით, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრები ბუნებრივი ღვინის გერმანელ ექსპერტს, პაულინ კოპფერს შეხვდნენ. ონლაინ შეხვედრისას ექსპერტმა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე ისაუბრა, როგორიცაა: ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა, სახელმწიფო და კერძო სტანდარტები, ბუნებრივი ღვინის დეფინიცია და ამ მიმართულებით დღეს არსებული მსოფლიო ტენდენციები და ა.შ. პაულინ კოპფერი მომავალი ერთი წელი ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ დაეხმარება წევრებისათვის ტრენინგების ჩატარებასა და ასევე ვენახების და მარნების შიდა ინსპექტირების ხარისხის გაუმჯობესებაში.
პაულინ კოპფერმა მეღვინეებთან შეხვედრის დასაწყისშივე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანულ მევენახეობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზნები და დანიშნულება. ხარისხიანი და ჯანსაღი ყურძნის მიღება თუკი გვინდა, ეკონომიკური ასპექტები უნდა გავითვალისწინოთ და განვსაჯოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია - ყურძნის ხარისხი, მოსავლის რაოდენობა თუ ორივე ერთად. ხარისხიანი მოსავალი პოტენციურად ნიშნავს ხარისხიან ღვინოს. ეს კი გამოიწვევს ახალი ბაზრების მოძიების შესაძლებლობას და გაზრდის ფინანსურ შემოსავალს.
მევენახისთვის, რომელიც ორგანულ მევენახეობას ეწევა, ენერგიის დანახარჯები შემცირებულია და მის მიერ გარემოს დაბინძურება ხდება მინიმალურად. ორგანული მევენახე ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შენელებას. იგი თანაარსებობს ბუნებასთან, ეხმარება მას და ეს უზრდის ადამიანებს მოტივაციას.ასევე, იგი ეხმარება ღვინის კულტურის გამრავალფეროვნებას და განვითარებას მთელ მსოფლიოში. თანდათან ყველა ხვდება, რომ დედამიწა საერთოა და როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი ჩართულია ორგანულ მევენახეობაში, ის კარგ საქმეს მთელ მსოფლიოს უკეთებს.
მნიშვნელოვანია, რომ სიამოვნება მივიღოთ ვენახში მუშაობით. თუმცა, ისიც აუცილებელია, რომ ჩვენს მიერ დაყენებული ღვინითაც ისიამოვნოს მომხმარებელმა.
პაულინ კოპფერის თქმით, ორგანულ მევენახეობა-მეღვინეობაში ორი მიდგომა გამოიკვეთა. ერთი, ეს არის სისტემური მიდგომა, როცა მეღვინე ერთიანად უყურებს სიტუაციას. მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხი, მომხმარებლის ინტერესები, ღვინის დაყენების მეთოდიკა და სხვა. ამ შემთხვევაში, ყველა პროცესი (ყურძნის მოყვანა, ღვინის დაყენება თუ სხვა) ემსახურება ერთიან მიზანს. ეს არის სწორედ ყველაზე თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული მეთოდი. მეორე მიდგომით, ვენახში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ბუნებრივი ენერგიის წყაროები. მაგალითად - მზის ენერგია. მზის ენერგიას ვიყენებთ, რათა ნიადაგში მიკროორგანიზმების გამრავლებას შევუწყოთ ხელი, რაც საკვებია მცენარისთვის და მცენარე ამ გზით იზრდება ხარისხიანად. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ვენახს და სხვადასხვა მარანს/ღვინის საწარმოს აქვს თავისი კონკრეტული სპეციფიკური პირობები, ჰავა, თავისებურებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
შესაბამისად, მეღვინეს კარგად უნდა ესმოდეს, კონკრეტული მეთოდიკის გამოყენებით რა შედეგი შეიძლება მიიღოს. არსებობს ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები, რაც გასათვალისწინებელია. ეს პრინციპები უნდა მიეწოდოს მომხმარებელსაც, რათა მან იცოდეს, რას უნდა მოელოდეს ამგვარი მეთოდებით დამზადებული ღვინისგან.
ბუნებრივი ღვინის გერმანელმა ექსპერტმა განმარტა, რომ მსოფლიოში არსებობს სხვადასხვა დონის ორგანული ღვინის ხარისხის ნიშანი. რადგან ქვევრის ღვინის და საერთოდ ბუნებრივი ღვინის წარმოების შესახებ სხვადასხვა აზრი და ინტერპრეტაციები არსებობს, საჭიროა რაღაცაზე მუდმივად შეთანხმება. ამიტომ, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ შემუშავებული სტანდარტები არის უმთავრესი და გასათვალისწინებელი ყველა წევრისათვის. პაულინ კოპფერის აზრით, რიგ შემთხვევებში ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ მიერ დაწესებული მოთხოვნები უფრო მკაცრია, ვიდრე ორგანული მეღვინეობის ევროკავშირის რეგულაციები.
დღეს მსოფლიოში არსებობს ღვინის ოთხი ძირითადი ტიპი: 1. კონვენციური ღვინო, რომლის დაყენებაშიც ყველანაირი მეთოდი დაშვებულია. 2. ბიოღვინო, რომლის დასამზადებლად არსებობს გარკვეული რეგულაციები. 3. ბიოდინამიკური ღვინო, რომელიც მზადდება კიდევ უფრო მეტი რეგულაციებით და შეზღუდვებით; 4. ნატურალური, იგივე - ბუნებრივი ღვინო, რომელიც უნდა დაყენდეს ყოველგვარი დამატებითი ჩარევებისა და მინარევების გარეშე (ღვინოში დაშვებულია მხოლოდ მცირედი გოგირდის დამატება).
შეხვედრის ბოლოს მეღვინეებმა პაულინ კოპფერს კითხვები დაუსვეს ღვინოში გამოყენებული გოგირდის რაოდენობაზე, ღვინის დაავადებებზე, ვენახში მიწის დამუშავებაზე, ღვინის ლექზე და საღვინე ჭურჭლის სწორად რეცხვაზე.
ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ ორგანიზებით და GIZ-ის მხარდაჭერით, ქართველ მეღვინეებთან ღვინის უცხოელი ექსპერტების ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.