ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ახალი წევრები ემატება

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ახალი წევრები ემატება

ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოს“ ახალი წევრები ემატება

ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლები ქართული ღვინის გულშემატკივრებისთვის კარგად არიან ცნობილი. მათი კომპანიების მიერ ჩამოსხმული ღვინოების წარმატებების შესახებ ხშირად გვესმის საინფორმაციო საშუალებებიდან. ცოტა ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ აუცილებელია ძალების გაერთიანება, რადგან არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასე შეიქმნა ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ათობით მცირე და ოჯახურ მარანს გააერთიანებს.

 

„ყველაფერი ან არაფერი!“ - ორი სიტყვით ეს დევიზი საუკეთესოდ მიესადაგება იმ პრინციპებს, რითაც საქართველოში ბუნებრივი ღვინოების მწარმოებლები ხელმძღვანელობენ. ცოტა უფრო დეტალურად კი, ასოციაციის განმარტებით, ბუნებრივი ღვინო ნიშნავს:

 

1. მევენახე-მეღვინე აშენებს და უვლის ვენახს ბიო(ეკო) მოთხოვნების შესაბამისად. იგი უფრთხილდება გარემოს და ცდილობს, შექმნას ვენახში შესაძლებლად თვითკმარი ეკოსისტემა.

2. მევენახე-მეღვინე ღვინის დაყენებისას არ იყენებს იმ ხერხებს და საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება თვისებრივად შეცვალონ ღვინის ბუნებრივი ორგანოლეპტიკური თვისებები. 

3. მევენახე-მეღვინე აღიარებს ღვინის წარმოშობაში ტერუარის პრიორიტეტულ  წვლილს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ტერუარის თვისებების წარმოჩენას. 

4. მევენახე-მეღვინის მიერ გამოყენებული ეტიკეტი სიმართლით და სრულად უნდა ასახავდეს ღვინის წარმოშობას.

 

ერთი შეხედვით, ამ მოთხოვნების დაცვა რთული არ უნდა იყოს, მაგრამ დამწყებ მევენახეებს ბევრი ცდუნება აქვთ. ჰერბიციდებით და პესტიციდებით ვენახის დამუშავება, სისტემური შესაწამლი პრეპარატებისა და მკვებავი ნივთიერებების, ასევე - ქიმიური სასუქების გამოყენება ყურძნის მოსავალს აორმაგებს და ზოგჯერ აათმაგებს, მაგრამ ამ საშუალებებით ერთი მხრივ, იკლებს ნედლეულის, შემდგომ - ღვინის ხარისხი, მეორე მხრივ კი უდიდესი ზიანი ადგება ბუნებას, განსაკუთრებით - ნიადაგს.

ასოციაცია ბუნებრივი ღვინო ბიომეღვინეობის ევროსტანდარტებზე უფრო მკაცრი პრინციპებით ხელმძღვანელობს, რითაც ზრუნავს ღვინის სიჯანსაღეზე და ხარისხზე, ამავე დროს კი იცავს ეკოლოგიას ვენახში. მათთვის, ვისაც ასოციაციაში გაწევრიანება სურს, შემუშავდა სახელმძღვანელო პრინციპები, სადაც ისიც არის აღნიშნული, რომ ასოციაციის წევრი ვერ გახდება მევენახე, რომელსაც ბუნებრივ ვენახთან ერთად, აქვს კონვენციური ვენახი.

 

10-15 წლის წინ მხოლოდ ერთეული ენთუზიასტები თუ წარმოიდგენდნენ, რომ ოჯახებში შემონახული მამა-პაპური ქართული ტრადიციებით ქვევრში დაყენებული ღვინოები მსოფლიო აღიარებას მოიპოვებდნენ. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლები, შეიძლება ითქვას, საქართველოში ბუნებრივი ღვინის წარმოების  პიონერები არიან. მათი წარმატების კვალდაკვალ ბუნებრივი ღვინოების მწარმოებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ბუნებრივი ღვინის წარმოების ზრდამ რეგიონებში სტიმული მისცა საოჯახო მარნების განვითარებას, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით. ეს არის მიტოვებული და უიმედობაში მყოფი სოფლების გაცოცხლებისა და უმუშევარი მოქალაქეების დასაქმების კარგი შესაძლებლობა. საოჯახო მარნებში ყურძნის გადამუშავების ზრდით სახელმწიფო ამცირებს სოციალური უკმაყოფილების რისკებს რთველის პერიოდში, რაც ყოველთვის პრობლემა და თავის ტკივილია მთავრობისთვის, მუნიციპალიტეტებისათვის. ბუნებრივი ღვინის წარმოებაში ჩართვის გზით, მუდამ მთავრობისა და ღვინის ქარხნების წყალობის მომლოდინე გლეხებს შესაძლებლობა აქვთ, თვითონვე იქცნენ მეწარმეებად, თავიანთი პროდუქცია გაყიდონ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ გაიტანონ ექსპორტზეც.

ამ მოვლენების თანმდევად, თბილისში ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ბარ-რესტორნები, სადაც მხოლოდ ბიო და ბუნებრივი ღვინოები იყიდება. მათგან პირველია ღvino Underground, სადაც ძირითადად სწორედ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნების ღვინოებია წარმოდგენილი.

თანდათან გაჩნდა აუცილებლობა, მომხმარებელს მიეწოდოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ბუნებრივი ღვინის რაობისა და იმ მარნების შესახებ, რომლებიც ასეთ ღვინოს აწარმოებენ. ამ მიზნით, ასოციაცია „ბუნებრივი ღვინო“ გამოიყენებს თავის ხარისხის ნიშანს, რომელიც დაადასტურებს ამ კავშირის წევრობასა და მაშასადამე - ორგანული მევენახეობისა და ბუნებრივი მეღვინეობის ერთგულებასაც.

ამჟამად ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლები განიხილავენ 50-მდე მცირე და ოჯახური მარნის განაცხადს, რის შემდეგაც ასოციაციას ახალი წევრები შეემატება. ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ხარისხის კონტროლი შიდაინსპექტირების გზით. ასოციაციის საქმიანობის შესახებ პერიოდულად განახლებადი ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე - http://www.nwa.ge.

 

ალეკო ცქიტიშვილი