გაიოზ სოფრომაძის მარანი

გაიოზ სოფრომაძის მარანი

გაიოზ სოფრომაძის მარანი მდებარეობს ქალაქ ბაღდათში.  იგი 1914 წელს აუშენებია მის ბაბუას. ტრადიციულად აქ საკუთარი ვენახის ყურძნისაგან აყენებდნენ ორი სახის ღვინოს, ცოლიკოურსა და ჩხავერს. მეპატრონე აყენებს 5 ტონამდე ღვინოს: ძელშავს, ოცხანურ საფერეს, ჩხავერსა და ცოლიკოურს. აწარმოებს მცირე რაოდენობით ბოთლის ღვინოსაც - 2000 ბოთლამდე წელიწადში, ოცხანური საფერე, ცოლიკოური და ჩხავერი.

გაიოზ სოფრომაძის მარანი -წითელი მშრალი - ჩხავერი - გაიოზ სოფრომაძე უკვე რამდენიმე წელია ბოთლში ასხამს ამ ღვინოს. ბაღდათში მოყვანილი იშვიათი ქართული ჯიშიდან, ვანის ჩხავერიდან დაყენებული ღვინო. გემოზე ცოტათი ცხარეა, სურნელში დაჭყლეტილ წითელ კენკრასა და ტყის შინდს იგრძნობთ. მკრთალი ალუბლისფერია, ძოწისფერი სხივებით. საკმაოდ მაღალმჟავიანი თხელი ღვინოა, კარგი მისაყოლებელი მოხარშულ ხბოს ხორცთან.

გაიოზ სოფრომაძის მარანი - თეთრი მშრალი - ცოლიკაური - ბაღდათში მოყვანილი ცოლიკაურიდანაა ეს ღვინო დაყენებული ტრადიციული წესით, ჭურში. მოლიმნისფერო ოქროსფერი ღვინოა, ძალზე სასიამოვნო, ახალი ღვინისთვის დამახასიათებელი ხალასი სურნელებით. ხურტკმელის, სატაცურის და ყვითელი ხილის (მწიფე ყვითელი ტყემალი, ყვითელი ქლიავი) არომატებით ხასიათდება. გემოზე სასიამოვნოდ მსუსხავია, კარგი დაბოლოებით.

გაიოზსოფრომაძის მარანი

მისამართი: ქ. ბაღდათი, რუსთაველის 3-ე ჩიხი # 8.

ტელ.: +995 595 78 61 31

ელ. ფოსტა: goga-sopromadze@mail.ru