სიმონ ჩხეიძის მარანი

სიმონ ჩხეიძის მარანი

კომპანია დაარსდა და იმართება, წარსულში დამსახურებული მეღვინის სიმონ ჩხეიძის შვილების, ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მიერ, რომელთაც 2005 წლიდან იმერეთის რეგიონის სოფელ ობჩაში მდებარე, მათივე საგვარეულო მამულში იტაპობრივად გააშენეს ცოლიკოურის, ციცქის, კრახუნის, ჩხავერის, ალადასტურისა და ოცხანური საფერეს ჯიშის ვენახები. მათი მიზანი იყო საგვარეულო ტრადიციის გაგრძელება და საქართველოში ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების სფეროში წვლილის შეტანა.

ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 220-280 მეტრ სიმაღლეზე (რითაც დაცულია ჩამოთვლილი ჯიშებისთვის რეკომენდირებული ვერტიკალური ზონალობა), აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაფერდებულ ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგზე, რომელიც ინტენსიური მოძრაობის ავტომაგისტრალიდან დაშორებულია 10-12 კილომეტრით.

ნიადაგი ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ პერიოდულად მდიდრდება ბიოლოგიური სასუქებით (ბიოჰუმუსი, ბაქტოფერტი), ვაზი იწამლება ბიოლოგიური პრეპარატებით, რის შედეგადაც მიღებული ღვინოები წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ბიო-პროდუქტს.

აღსანიშნავია, რომ ოცხანური საფერე გაშენებულია „ოლიხნარის“ მეთოდით, რაც გულისხმობს თითოეული ვაზის ხის ბოძზე აყვანა-მიმაგრებას, მეტალური მასალის გამოყენების გარეშე.

ღვინის დადუღება-დავარგება და დაძველება ხორციელდება ქვევრში, რის შემდეგაც ისხმება შუშის ბოთლებში და ინახება სპეციალურ სარდაფში, სადაც ტემპერატურული ცვალებადობა მერყეობს 10-16 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში.

თეთრი ღვინოები მიიღება ე.წ. იმერული მეთოდით, რაც გულისხმობს ქვევრში მხოლოდ ყურძნის ტკბილის (ჭაჭის გარეშე) დადუღებასა და დავარგებას, ხოლო ვარდისფერი და წითელი ყურძნის ტკბილი ჭაჭასთან ერთად (კლერტის გარეშე), ალკოჰოლურ დუღილს განიცდის მხოლოდ 3-4 დღეღამის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება ჭაჭისგან გამოთავისუფლება და დუღილს ასრულებს მხოლოდ წვენი. მათი დაწმენდა მიმდინარეობს ბუნებრივი ლექვით, ქვევრიდან ქვევრში ხშირი გადაღების ფონზე, რა დროსაც გოგირდი გამოიყენება მხოლოდ კვამლის სახით.  შედეგად მიიღება ნაზი, ჰარმონიული და დაბალანსებული ღვინო.

ამჟამად კომპანია დაინტერესებულია გადაშენების პირას მდგარი საღვინე და საკუპაჟე ყურძნის ჯიშების მოძიებითა და გაშენებით.